"ეს დივერსიაა, ქართველებს ფული უყვართ, ვფიქრობ, ვიღაც იხდის და ეს ყველაფერი ჩვენივე ხელით კეთდება" - კვირის პალიტრა

"ეს დივერსიაა, ქართველებს ფული უყვართ, ვფიქრობ, ვიღაც იხდის და ეს ყველაფერი ჩვენივე ხელით კეთდება"

"არა მგონია, რუსეთის გაკეთებული იყოს, მათ კარგად ვიცნობ და ასეთი გაფუჭებული ხალხიც არ არის"

ბოლო პერიოდში ქვეყანაში გახშირებული ხანძრების თაობაზე ვებგვერდ www.kvirispalitra.ge -ზე გამოკითხვა ჩატარდა. ჩვენს მკითხველს მივმართეთ კითხვით: თქვენი აზრით, რა არის ბოლო დროს გახშირებული ხანძრების მიზეზი?

ერთი კვირის განმავლობაში გამოკითხვაში მონაწილეობა 3758-მა ადამიანმა მიიღო, რომელთაგან 70,5% მიიჩნევს, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი დივერსიაა; 19,5% ადამიანის გაუფრთხილებლობას ასახელებს; 5,8% კლიმატის ცვლილებას, ხოლო 4,3%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა.

ამ კითხვით საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებსაც მივმართეთ.

ბუბა კიკაბიძე, მომღერალი:

"ქართველებს ფული უყვართ, ვფიქრობ, რომ ვიღაც იხდის და ეს ყველაფერი ჩვენი ხელით კეთდება. ჩემი აზრით, ეს დივერსიაა, რაც ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს. ქვეყნისთვის ტყეების დაწვა ძალიან დიდი ხარჯი და ზარალია. ამხელა დამთხვევები არ არსებობს. არ მგონია, ამ საქმეში მთავრობა იყოს გარეული და ასეთი "ჩათლახობა" გააკეთოს, არც "ნაციონალების" გაკეთებულია, ზუსტად ვიცი, რომ "ნაციონალები" ქვეყანას ასეთ რამეს არ გაუკეთებენ".

ჯემალ ჭკუასელი, სახელმწიფო ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი:

"მომხდარიდან გამომდინარე, შეიძლება სამივე პასუხზე ვიფიქროთ, თუმცა მე 100%-ით ვთვლი, რომ დივერსიაა. ვფიქრობ, რომ რუსეთისა და  "ნაციონალებისთვის" დაბრალებას თავი უნდა დავანებოთ. "ნაციონალებიც" ხომ ამ ქვეყნის შვილები არიან, როგორ გააკეთებენ ამას. რაც შეეხება რუსეთს, როცა კი რამე აგვტკივდება, სულ რუსეთი არ არის დამნაშავე. არა მგონია, რუსეთის გაკეთებული იყოს, მათ კარგად ვიცნობ და ასეთი გაფუჭებული ხალხიც არ არის. ეს სიტუაცია შეძლება აწყობდეს გიჟს, კაცთმოძულეს, შეიძლება ის ქართველი იყოს, ან სხვა ჯიშის, მაგრამ იყოს ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მტერი".

ზურა ყიფშიძე, მსახიობი:

"მარტო ჩვენს ქვეყანაში რომ ხდებოდეს მსგავსი ფაქტები, კიდევ რაიმეს ვიფიქრებდი. თუმცა, მთელი მსოფლიო იწვის: პორტუგალია, ესპანეთი... ჩემი აზრით, ეს უფრო გაუფრთხილებლობის ბრალია, ვიდრე დივერსიის. დივერსია ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაშინ ამას წინ უნდა უძღოდეს რაღაც გამყარებული აზრი, ასეთი რამ ვინმეს რომ დააბრალო. ჩემი აზრით, ეს სიტუაცია უფრო გაუფრთხილებლობის ბრალია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაც ბოროტი მართლაც არსებობდეს.

მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გამოკითხვაში და უპასუხეთ ამ კვირის კითხვას:

როგორ შეაფსებთ საქართველოს ზღვისპირა კურორტებზე მომსახურების ხარისხს?

თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)