"შინ ჩაიკეტა, თითქოს შვილთან ერთად დაიმარხა თავი..." - კვირის პალიტრა

"შინ ჩაიკეტა, თითქოს შვილთან ერთად დაიმარხა თავი..."

"ამ ქვეყანაზე აღარაფერი დამრჩა და თუ გინდა ვიცოცხლო, თეატრში იარეო"

ცნობილი მსახიობი კონსტანტინე (კოტე) თოლორაია 1926 წლის 9 თებერვალს, თბილისში დაიბადა. 1947 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. 1967 წლიდან კი რუსთაველის თეატრში განაგრძო სამსახიობო მოღვაწეობა, თუმცა 1975 წელს ისევ მარჯანიშვილის თეატრს დაუბრუნდა. მსახიობმა ისეთ ფილმებში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა: "მაცი ხვიტია", "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", "ალავერდობა", "სამოთხის გვრიტები", "იავნანა" და ა.შ... კინოსა და თეატრის მსახიობი 2017 წლის სექტემბერში გარდაიცვალა.

ბატონი კოტეს ცხოვრებაში უდიდესი ტრაგედია რამდენიმე წლის წინ დატრიალდა, როდესაც მისი ვაჟი, ასევე ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი თაზო თოლორაია გარდაიცვალა.

"ჩემი მეუღლე მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანია... ამ ქვეყანაზე აღარაფერი დამრჩა და თუ გინდა ვიცოცხლო, თეატრში იარეო. ჩვენი შვილი რომ დაიღუპა, ჩემს მეუღლეს ნერვების ანთება დაემართა, რაც უსაშინლესი დაავადებაა. კაცს გადაბრუნება არ შეეძლო და ამ მდგომარეობაში მყოფი, მეხვეწებოდა, თეატრში წადიო...

მე მოვდიოდი და ჩემს მეუღლეს ვუყვებოდი. მასაც რაღაც საზრდოს ვაძლევდი. ორივე ჩემმა თეატრში გასვლამ გადაგვარჩინა...", - იხსენებდა რამდენიმე წლის წინ "კვირის პალიტრასთან" მისი მეუღლე, ცნობილი მსახიობი თამარ სხირტლაძე.

მსახიობის გარდაცვალების გამო წუხილს მისი კოლეგები გამოთქვამენ.

კახი კავსაძე:

"კოტე თოლორაია არაჩვეულებრივი პიროვნება და კარგი კაცი იყო, კეთილშობილი და ვაჟკაცური, ჩხუბიც კარგად იცოდა და მოლხენაც... ის გივი ბერიკაშვილის ნომერ პირველი ძმაკაცი გახლდათ, გივისთან ვინც მეგობრობდა, ის, რასაკვირველია, ჩემი ძმაკაციც იყო! მას ჯერ კიდევ ბავშვობიდან - ვარანცოვიდან ვიცნობდი... მერე ჩვენი სიძე გახდა, თუ შეიძლება ასე ითქვას... კოტე თოლორაიას როგორც არტისტს ყველა ძალიან კარგად დაგიხასიათებთ, მაგრამ ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო! კაცი როცა ხარ, სცენაზეც მაგარი ხარ, ქუჩაშიც, სუფრაზეც... მოკლედ, არსად არაფერი ეშლებოდა!

გულწრფელად თანავუგრძნობ ქალბატონ თამარ სხირტლაძეს! ასეთი ადამიანი რომ გამოგეცლება გვერდიდან, ცხოვრება ძალიან რთული ხდება!"

ჯემალ ღაღანიძე:

"მართალია მე სხვა თეატრში ვარ და კოტე თოლორაია სხვა თეატრში მოღვაწეობდა, მაგრამ სხვადასხვა დროს შევხვედრივართ... ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი იყო! კოტე თოლორაია და მისი მეუღლე წარმატებულად მოღვაწეობდნენ მარჯანიშვილის თეატრში! ქალბატონი თამარი ახლაც დიდი მონდომებით აგრძელებს სცენაზე მოღვაწეობას... ვაჟიშვილი ჰყავდათ ძალიან ნიჭიერი, რომელიც, სამწუხაროდ ახალგაზრდა, წავიდა ამ ქვეყნიდან... "

ონისე ონიანი:

"ბატონი კოტე არაჩვეულებრივი მსახიობი იყო, ძალიან დიდი იუმორის ნიჭით იყო დაჯილდოვებული! ყოველთვის მიხაროდა, როდესაც სპექტაკლში მასთან ერთად მიწევდა გამოსვლა... ძალიან დასანანია, როდესაც ასეთი გამორჩეული ადამიანები ჩვენგან მიდიან...

მასზე ძალიან ბევრი მოგონება მაქვს... ჩვენ პირველად სპექტაკლში "ქამუშაძის გაჭირვება" შევხვდით ერთმანეთს. ძალიან უყვარდა ახალგაზრდები და გვერდით გვედგა! ბოლო დროს სახლიდან სულ აღარ გამოდიოდა ძალიან ვწუხვარ და მრცხვენია, რომ ბოლო ხანს ვერ ვინახულე...

როდესაც ერთადერთი შვილი გარდაეცვალათ, როგორც ვიცი, ბატონმა კოტემ დააძალა ქალბატონ თამარს სცენაზე დაბრუნება.

თვითონ კი სახლში ჩარჩა... შინ ჩაიკეტა, რაღაცნაირად თითქოს შვილთან ერთად დაიმარხა თავი...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)