"საქართველოში მარიხუანას მოსწავლეების 11% ეწევა, მათ შორის გოგონებიც" - კვირის პალიტრა

"საქართველოში მარიხუანას მოსწავლეების 11% ეწევა, მათ შორის გოგონებიც"

რეგიონებში მარიხუანას ნათესების ფართობები იზრდება

საქართველოში თავზარდამცემი მდგომარეობაა - შარშან ჩატარებული სასკოლო კვლევის შედეგებით, მარიხუანას მოსწავლეების 11% ეწევა, მათ შორის გოგონებიც. ეს კატასტროფული რიცხვია ჩემთვის, არა მხოლოდ როგორ ექიმისთვის, არამედ იმ თაობის წარმომადგენლისთვის, რომელმაც ნარკოტიკებისგან დახოცილი ნახევარი სამეგობრო საკუთარი ხელით დაკრძალა

მხარდამჭერების აქტიურობის მიუხედავად, მარიხუანას ლეგალიზება არ მომხდარა, თუმცა, ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოს ზოგიერთ კუთხეში მისი მოხმარების მასშტაბი მკვეთრად გაიზარდა. განსაკუთრებით რეგიონებში. ზაფხულის შვებულებიდან დაბრუნებულები ჰყვებიან, რომ გაოცებული დარჩნენ აქამდე მშვიდი სოფლის ახალგაზრდების არაადეკვატური საქციელით - უმიზეზო სიცილით, ჩაწითლებული თვალებით... ზოგიერთმა ადგილობრივმა გაამხილა, - ყმაწვილები კანაფს ეწევიან, მაგრამ მათი მშობლები ვერაფერს ხვდებიანო. ბიჭები ამტკიცებდნენ, მარიხუანა სრულიად უვნებელია და ვინც არ ეწევა, "გოიმიაო". როგორც ჩანს, მდგომარეობა ჯერჯერობით საგანგაშოდ არ ითვლება სახელმწიფოსთვის, ვინაიდან ამ მოვლენებში სამართალდამცავები არ ერევიან. არადა, რეგიონებში მარიხუანას ნათესების ფართობები იზრდება.

ჩვენი რესპონდენტი, რომელმაც ზაფხული რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში გაატარა, სოფლად მარიხუანას მოხმარების მასშტაბების გამო შეშფოთებულია.

ჩემს სოფელში, სადაც სიტყვა "მარიხუანა" ბევრმა არც იცოდა, ახლა გოგონებიც "დაკაიფებული" დადიან. არანაირი რჩევა-დარიგება არ ჭრის; გაიძახიან, არაფერი მოგვივა, მარიხუანა საზიანო კი არა, სასარგებლოაო. ვკითხე, - სად მოგყავთ ამდენი მარიხუანა-მეთქი. მთებში ვთესავთო. სოფლის ბირჟაზე თითქმის ყველა ახალგაზრდას თვალები აქვს ჩაწითლებული, ასჯერ რომ დაუძახო, ერთხელ არ გამოგხედავენ. მშობლები აზრზე არ არიან, მათი შვილების თავს რა ხდება.

შექმნილ მდგომარეობაზე სასაუბროდ დავუკავშირდით ნარკოლოგს, ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ექიმს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ილია ჩიქვილაძეს. ის რამდენიმე წელიწადი იმყოფებოდა ჰოლანდიაში, ქვეყანაში, რომელმაც ნარკოტიკების ლეგალიზაციით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში გაითქვა სახელი.

ილია ჩიქვილაძე: - საბოლოოდ უნდა დამთავრდეს ლაპარაკი თემაზე, რომ მარიხუანა ნარკოტიკი არ არის, ან მსუბუქი ნარკოტიკია. ალბათ ბევრს უნახავს, ან საკუთარ თავზე გამოუცდია, როგორ ფხიზლდება ექსტრემალური სიტუაციის შექმნისას ადამიანი, რომელსაც ალკოჰოლის მსუბუქი დოზა აქვს მიღებული - უცებ ისე გაუნათდება გონება, თითქოს ალკოჰოლი საერთოდ არ ჰქონდეს მიღებული, რასაც ვერ ვიტყვით უგონოდ მთვრალზე. ვინც მარიხუანას ეწევა, ზუსტად ისე, როგორც უგონოდ მთვრალი, ვერაფრით ფხიზლდება, მისი რეაქციები გარემომცველი სამყაროს მიმართ კვლავ არაადეკვატური რჩება.

- ეს ამტკიცებს, რომ მარიხუანა მძიმე ნარკოტიკია?

- ზოგიერთი მარიხუანას სიმსუბუქეს იმით ამტკიცებს, რომ ის ბიოსავით არ ხოცავს ადამიანებს, მაგრამ მხოლოდ სიკვდილი როდია ფიზიკური განადგურება! მარიხუანა იოლად იწვევს კარგად ყოფნის განცდას და მომხმარებელს სხვა ნარკოტიკებისაკენ უბიძგებს.

რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, მარიხუანაზე დამოკიდებულება იწვევს გენეტიკურ მუტაციას შთამომავლობაში, როგორც სხვა ნარკოტიკი.

- ერთი შეხედვით უვნებელი ბალახი ასეთი მავნებელია?

- მარიხუანას მწეველებიც ისევე მიისწრაფვიან მისი მიღებისკენ, როგორც სხვა ნარკოტიკების მომხმარებლები. ძალიან ძნელია მათი შეჩერება. პასუხი კი ასეთია: - თავი დამანებეთ, მინდა და ვეწევიო.

ამასთან, მარიხუანა იოლად საშოვნელია და ხალხის გადაბირებაც იოლია, განსაკუთრებით ახალგაზრდობის - მათ ხომ ყველაფრის გასინჯვა სურთ.

- მარიხუანას მოხმარების შესახებ 2017 წლის მონაცემები არ არსებობს, თუმცა, საყოველთაო აზრით, მისი მოხმარება, განსაკუთრებით რეგიონებში, ძალიან გაიზარდა.

- სვანეთში მარიხუანას ძალიან დიდი ნათესებია, სხვაგანაც. მარიხუანას მოხმარების კოეფიციენტი ქალაქშიც მაღალია, მაგრამ რეგიონებში, სადაც ყველა ყველას იცნობს და ახალგაზრდები დასაქმებულიც არ არიან, ამ ნარკოტიკზე დამოკიდებულება მასშტაბური ხდება.

ერთმა რომ გასინჯა, მეორე ნაცნობსაც მიაწოდა და ასე გავრცელდა ეს ჭირი. ბოლოს ყველამ მარიხუანა დათესა.

- სიტუაციას ართულებს ისიც, რომ თავიდან მშობლები ვერც ხვდებიან, რომ მათი შვილი მარიხუანადამოკიდებულია, მერე კი ყველაფერი გვიან არის.

- მშობლები იმდენად არიან არაქათგამოცლილი და პრობლემებში ჩაძირული, რომ ადეკვატური რეაქცია შვილის საქციელზე უჭირთ. ისე კი, მარიხუანას მოხმარების შემდეგ შვილის არაადეკვატური სიცილი, თვალის გუგების გაფართოება თუ თვალების სიწითლე ალბათ მხედველობიდან არ უნდა გამოგეპაროთ. გადაჭარბების შემთხვევაში პულსი თითქმის 40-მდე ეცემა და ადამიანი მოძრაობის უნარს კარგავს. როცა მარიხუანას "სიმსუბუქეზე" საუბრობენ, ალბათ გულისხმობენ იმას, რომ მომხმარებელი შედარებით ადვილად იტანს მის "ლომკებს", ამ დროს ფიზიკური ტკივილები, კრუნჩხვები არ აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, მარიხუანას "ლომკა" ადამიანს სასტიკ აპათიურ-დეპრესიულ მდგომარეობაში აგდებს, არაფერი უხარია, არაფერი აინტერესებს. რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, უნარშეზღუდული ბავშვების 70% სწორედ ნარკოტიკების, მათ შორის მარიხუანას მომხმარებელთა შვილები არიან.…

რამდენიმე წელი ვცხოვრობდი ჰოლანდიაში, იმ ქვეყანაში, სადაც ნარკოტიკები გარკვეულად ლეგალიზებულია და შეძრწუნებული დავრჩი - დაუჯერებელია, მაგრამ ამ ქვეყნის თითოეულ სოფელში 30-40 ბავშვი მაინც უნარშეზღუდულია.

სასტიკი პროტესტის განცდა მქონდა, როცა ამ ბავშვებს შევყურებდი. თან ჰოლანდიელები სხვანაირი ხალხია - ამ ბავშვებს არ მალავენ, უნდათ მათი საზოგადოებაში ინტეგრირება, ამიტომ დღემუდამ გარეთ ასეირნებდნენ. მათი სიმრავლე კი სურათის ტრაგიზმს უსვამდა ხაზს. ჰოლანდიაში ჯერ კიდევ 70-იან წლებში მოხდა ნარკოტიკების ლეგალიზაცია, 70-80-იან წლებში, როცა ე.წ. ჰიპების მოძრაობა დაიწყო, თითქმის ნახევარი ჰოლანდია გამალებული ეწეოდა მარიხუანას. შედეგად კი ეს საშინელი სურათი მიიღეს. სხვათა შორის, ამას ჰოლანდიელები უკვე ხვდებიან.

სტატისტიკური გათვლებით, ამ ქვეყანაში დღეს ნარკოტიკების მოხმარება შემცირებულია, რაც ალბათ იმის შედეგია, რაც აქ ნარკოტიკების მასობრივ მოხმარებას მოჰყვა... და კიდევ ერთი ფაქტი, - ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის კვლევებით, 2016-2017 წლებში ნარკოლოგიურ კლინიკებს ყველაზე დიდი რაოდენობით მარიხუანას მწეველები აკითხავენ.

საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების თვალსაზრისით თავზარდამცემი მდგომარეობაა - შარშან ჩატარებული სასკოლო კვლევის შედეგებით, საქართველოში მარიხუანას მოსწავლეების 11% ეწევა. მათ შორის გოგონებიც. ეს კატასტროფული რიცხვია ჩემთვის, არა მხოლოდ როგორ ექიმისთვის, არამედ იმ თაობის წარმომადგენლისთვის, რომელმაც ნარკოტიკებისგან დახოცილი ნახევარი სამეგობრო საკუთარი ხელით დაკრძალა.

ჩვენ არ გვაქვს ნარკოტიკების მოხმარების სრულფასოვანი სტატისტიკა, არც ის ვიცით, რამდენი ადამიანი კვდება ნარკოტიკით, თვით სამედიცინო ისტორიებიც კი არ იძლევა ამის დათვლის შესაძლებლობას - ნარკომანის სიკვდილის მიზეზად გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა იწერება, თორემ ალბათ ასე მშვიდად არ შევხედავდით შექმნილ მდგომარეობას.

ქუდზე კაცი უნდა ვიყოთ ჩართული, განგაშის ზარები უნდა დავარისხოთ. ვიმედოვნებ, ამის გაცნობიერება მალე მოხდება.

ეთერ ერაძე