ჩემი მეგობარი ტრამპი, ანუ "მის ჯორჯია, ისევ შენ ხარ?" - კვირის პალიტრა

ჩემი მეგობარი ტრამპი, ანუ "მის ჯორჯია, ისევ შენ ხარ?"

"სხვათა შორის, ბატონო პრეზიდენტო, ის ჯერ ჩემი ქმარი არ არის-მეთქი. რას გულისხმობო? ქმრობა რომ უნდა, ის არის-მეთქი, - ვპასუხობ. მიუბრუნდა დენისს და ეკითხება, - რამდენი წელია, ერთად ხართო? ხუთიო, - უპასუხა დენისმა. ოჰო, ხუთი წელი ძალიან ბევრია. მოდი, რაღაცას გირჩევ, ბოქლომი დაადე, თორემ ძალიან ლამაზია და გაგიფრინდებაო... გარშემო ყველა იცინოდა"

კონკიას ზღაპარი, თუ ძლიერი ქალის ამბავი - რა დავარქვა სოფია ბარათაშვილის ისტორიას, არ ვიცი. საუბრის დროს არაერთხელ გავიფიქრე, რომ არაჩვეულებრივ სცენარს ვისმენდი ფილმისთვის. ქართველი ქალი უკვე 20 წელია, ამერიკაში ცხოვრობს. ყოველთვის დალხინებული არ ყოფილა, თუმცა რწმენა და იმედი არასდროს დაუკარგავს. ემიგრანტის ცხოვრებასა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მეგობრობაზე სოფია ბარათაშვილი პალმ ბიჩიდან გვიყვება.

წასვლა საქართველოდან

1998 წლის ივნისში საქართველო დავტოვე და უკვე 19 წელია, აქ ვარ. იმ დროისთვის უკვე ქვრივი ვიყავი. გოგონა მყავს პირველი ქორწინებიდან. მამაჩემი ტრადიციული და ძალიან მკაცრი კაცი იყო. ამერიკაში იმიტომ არ წავსულვარ, რომ გვიჭირდა, წავედი იმიტომ, რომ თავისუფლება მეგრძნო. ჩემები დარწმუნებული იყვნენ, ვერ გავძლებდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ცხოვრება უნდა შემეცვალა. შვილი მშობლებთან დავტოვე და წავედი. ყოველ დარეკვაზე მამა მეკითხებოდა, ბილეთი რომ გამოგიგზავნო, ჩამოხვალო?

ცხოვრება ამერიკაში

ამერიკაში ჩასვლის მეორე დღეს გავიცანი ქართველი ბიჭი და პირველსავე დღეს მითხრა, შენ ჩემი ცოლი გახდებიო. ეს რომ მოვისმინე, ბევრი ვიცინე, მაგრამ 6 თვეში უკვე მისი ცოლი ვიყავი. მალე ბიჭი შეგვეძინა. ემიგრაციაში რთული ცხოვრება არ გვქონია. ჩემი მეუღლე ფინანსურად მყარად იდგა ფეხზე. ჩვენ არ ვაგროვებდით ფულს თბილისში უძრავი ქონების შესაძენად და კარგად ვცხოვრობდით. თავს უფლებას ვაძლევდით, ფული გართობაშიც დაგვეხარჯა.

ჩვენი ქორწინებიდან 7 წლის თავზე ზაზა ავარიაში მოყვა და დაიღუპა. აი, მაშინ დაიწყო ჩემი ემიგრანტული ცხოვრება. 10 წელიწადი არ მიმუშავია, კარგ ცხოვრებას ვიყავი მიჩვეული და ერთ დღეს ყველაფერი დამენგრა, ორი ბავშვით ხელში მარტო დავრჩი... ერთ მოხუცთან კომპანიონად ვმუშაობდი და დღემდე მის ოჯახთან ვმეგობრობ. თანდათან ფეხზე დავდექი. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ბავშვებს გაჭირვება არ ეგრძნოთ. ჩემთვის ტირილიც კი ფუფუნება იყო, რადგან შინ მისულს ბავშვები მეკითხებოდნენ, - ისევ იტირე, დედიკო? მაქსიმალურად ვცდილობდი, მათთვის ცრემლი არ მეჩვენებინა. მოკლედ, კერკეტი კაკალი აღმოვჩნდი... რამდენიმე ადგილას ვმუშაობდი - მოხუცთან, სილამაზის სალონში, თუ ვინმეს წვეულება ჰქონდა, კერძებს ვამზადებდი.

მარ-ა-ლაგოს სასახლე

ალბათ ბედია, როდესაც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდები. კარგი სამეგობრო გავიჩინე. ისინი დონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს კლუბის წევრები არიან. ამ კლუბის წევრი რომ გახდე, 250.000 დოლარი უნდა გადაიხადო. მე და ჩემი მეგობარი მამაკაცი უკვე მეოთხე წელია, კლუბის წევრები ვართ. ეს უძველესი შენობა, მფლობელმა, მილიონერმა ქალბატონმა, კენედის პრეზიდენტობისას, ქალაქს დაუტოვა. შვილებს არ უანდერძა. სურდა, ეს სასახლე ზამთრის თეთრი სახლი გამხდარიყო. ქალაქმა მიიღო საჩუქარი, მაგრამ ის ვერ იქცა ზამთრის სასახლედ - პალმ ბიჩ აილენდს გაუჭირდა მისი შენახვა და ქალაქის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, აუქციონზე გაეტანა. კენედებსა და კიდევ სხვა მაღალი წრის წარმომადგენლებს აქვე აგარაკები ჰქონდათ. 1985 წელს ეს ტერიტორია ტრამპმა შეისყიდა.

ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. ტრამპმა სასახლე 8 მილიონად შეიძინა. ერთ დღეს სასახლის დათვალიერება გადაწყვიტა. ჩავიდა სარდაფში და აღმოაჩინა საუკუნოვანი ანტიკვარული ვერცხლის ჭურჭელი - თეფშები, დანა-ჩანგალი... ამ სიმდიდრის შესახებ არც იმ ქალბატონმა იცოდა, ვინც იგ ქალაქს დაუტოვა... ტრამპმა ეს ქონება იმ ფასად გაყიდა, რაც სასახლეში გადაიხადა... სწორედ მაშინ დააარსა კლუბი, რომლის წევრებიც მილიონერები იქნებოდნენ. აქ მხოლოდ კლუბის წევრებს შეუძლიათ შესვლა. ყოველ საღამოს იმართება კონცერტი ცოცხალი შესრულებით, ჩამოჰყავთ მომღერლები - ელტონ ჯონი, ანდრეა ბოჩელი და სხვები. თავდაპირველად საწევრო 50.000 დოლარი იყო, შემდეგ ტარიფი გაიზარდა.

"ზოგიერთ ფოტოზე მთხოვა, არ დადო "ფეისბუქზეო"

ტრამპი რომ გავიცანი, მაშინ პრეზიდენტობის კანდიდატი არ იყო. სასახლეში სტუმარი დავპატიჟე - წევრს აქვს უფლება, ერთი ადამიანი წაიყვანოს. ტრამპის გვერდით მაგიდასთან ვისხედით. ჩემს სტუმარს ძალიან უნდოდა მისი გაცნობა. მივედით. წამოდგა, გაგვეცნო... აქცენტზე შემატყო, რომ ამერიკელი არ ვიყავი. სადაური ხარო, მკითხა. საქართველოდან, ქართველი ვარ-მეთქი. ნამყოფი ვარ საქართველოშიო... მერე თავის მეუღლეს, მელანიას გახედა, ხომ იცი, სად არის საქართველოო? მანაც - რა თქმა უნდაო. ძალიან კარგად მიგვიღო. დაინახა, რომ ჩემი მეგობრის მეუღლე ფოტოს გვიღებდა შორიდან და - მოდი, ერთად გადავიღოთო, დაუძახა. მერე ყველამ ერთად სელფი გადავიღეთ. იმ დღეს ნახატი გადავეცით საჩუქრად. მისი ავტორიც იქ იყო. ტრამპს ძალიან მოეწონა ჩვენი საჩუქარი.

შემდეგ შევხვდი ჰელოუინზე. დესერტის ასაღებად შევდიოდი და ცენტრში იდგა, ხალხს ელაპარაკებოდა. დაცვამ მთხოვა, გვერდზე გადადითო და ვერც მოვასწარი პასუხის გაცემა, იქიდან მეძახის...

- Miss Georgia, you again? (მის ჯორჯია, ისევ შენ ხარ?)

- Yes!

- What are you doing here? (რას აკეთებ აქ?)

- We’re having Thanksgiving dinner and what are you doing here? (მადლიერების დღის აღსანიშნავი სადილი გვაქვს, შენ რაღას აკეთებ აქ-მეთქი) დაიხოცა ხალხი სიცილით. მერე მკითხა, სად სხედხართ, წამოდი, მივესალმოთ შენს მეგობრებსო... წინ მე მივდივარ ჩემი დესერტით, უკან დონალდ ტრამპი მომყვება თავისი დესერტის თეფშით, შემდეგ დაცვა მოდის. ხალხი დგება, ეგებება და - გამარჯობა, ბატონო პრეზიდენტოო, - მიმართავენ. ჩემი მეგობრები წამოიშალნენ. ყველას სათითაოდ ხელი ჩამოართვა, ყველა სახელებით გავაცანი. მანამდე მკითხა, შენი ქმარი სად არის, წამოდი, ვნახოთო. მივედით ჩემს მეგობარ მამაკაცთან, რომელსაც იქ ჩემს ქმრად იცნობენ. მერე ჩვენ, სამმა, ფოტო გადავიღეთ. ამასობაში ვეუბნები: სხვათა შორის, ბატონო პრეზიდენტო, ის ჯერ ჩემი ქმარი არ არის-მეთქი. რას გულისხმობო? ქმრობა რომ უნდა, ის არის-მეთქი. მიუბრუნდა დენისს და ეკითხება, - რამდენი წელია, ერთად ხართო? ხუთიო, - უპასუხა დენისმა. ოჰო, ხუთი წელი ძალიან ბევრია. მოდი, რაღაცას გირჩევ, ბოქლომი დაადე, თორემ ძალიან ლამაზია და გაგიფრინდებაო... გარშემო ყველა იცინოდა... შემდეგ არაერთხელ შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ ფოტოებს აღარ იღებს - ვისთანაც გადაიღო, ოპოზიციამ ჭორები გაუვრცელა. უამრავი ფოტო გვაქვს ერთად გადაღებული, რამდენიმეზე თვითონ მთხოვა, არ დადო "ფეისბუქზეო".

მარ-ა-ლაგოს სასახლე

ტრამპების ზამთრის სასახლე 200 მილიონად არის შეფასებული. 1900 კვადრატული მეტრის მისაღები დარბაზი 7 მილიონის ღირებულების ოქროს ფირფიტებით არის გაფორმებული, უძველესი ინგლისური მუხით მოპირკეთებულ ბიბლიოთეკაში უიშვიათეს წიგნებს აღმოაჩენთ.

სასახლეში 58 საძინებელი, 33 სააბაზანო, 12 ბუხარი და 3 საიდუმლო გასასვლელია. მარ-ა-ლაგოს კომპლექსში შედის როგორც ტრამპების სასახლე, ისე მასშტაბური გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი VIP-სტუმრებისთვის. მარ-ა-ლაგოში ანუ "სამხრეთის თეთრ სახლში", ტრამპი თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მიფრინავს, რომ საქმე და დასვენება ერთმანეთს შეუთავსოს.

ნინო წიფურია