"ბავშვივით მიხარია, რომ ვაკე-საბურთალოს ქუჩის დაარსებაში ჩემი დიდი წვლილია" - კვირის პალიტრა

"ბავშვივით მიხარია, რომ ვაკე-საბურთალოს ქუჩის დაარსებაში ჩემი დიდი წვლილია"

"მერიას ვთხოვე, ვაკე-საბურთალოს ქუჩას მიხეილ თამარაშვილის სახელი მინიჭებოდა. არც კი მოველოდი, ისე სწრაფად შეასრულეს ეს თხოვნა. ახლა კი ქუჩის გამზირად გადაკეთებისთვისაც ვიზრუნე. ერთადერთი სურვილი დამრჩა - არსებობს მიხეილ თამარაშვილის ძალიან კარგი ბიუსტი, ძალიან მინდა, ის გამზირის დასაწყისში დაიდგას"

ერთხელ ერთმა მხცოვანმა მეცნიერმა მითხრა, - დედამიწაზე არაფერი იკარგება, უხილავი ნამცეციც კი დედამიწის გულში ჩადის და მერე უკან ბრუნდება ახალ სიცოცხლედო. ნოდარ ხითარიშვილთან საუბრისას სწორედ ეს გამახსენდა, როცა თავისი დიდი ბაბუის (დედის მხრიდან), სოლომონ თამარაშვილის ფოტო მაჩვენა. გავოგნდი - წყლის წვეთებივით ჰგვანან ერთმანეთს ასი წლის წინ გარდაცვლილი წინაპარი და მისი შთამომავალი. ეს წინაპარი კი დიდი ქართველის, მიხეილ თამარაშვილის უფროსი ძმა გახლდათ.

მართალია, ბატონმა ნოდარმა სულ სხვა რამისთვის მოგვწერა - ვაკე-საბურთალოს გზა - მიხეილ თამარაშვილის ქუჩა - გამზირად გადაკეთდა და მინდა, საზოგადოებამ იცოდესო, მაგრამ ისე როგორ ვიზამდით, რომ მისი წინაპარი არ გაგვეხსენებინა!

ნოდარ ხითარიშვილი: - მადლობელი ვარ განგებისა თამარაშვილების წინაპრობისთვის. მიხეილმა სტამბოლში, იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში მიიღო განათლება, რვა ენა იცოდა, იტალიაში ეპისკოპოსად ამზადებდნენ, მაგრამ ყველაფერს თავი დაანება და სიცოცხლე საქართველო-ევროპის ოთხი საუკუნის ურთიერთობის ამსახველი ხელნაწერების შესწავლას შესწირა, საქართველოს ისტორია ფრანგულად დაწერა და ევროპაში ჩასულ ქართველებს მამასავით ჰპატრონობდა.

თამარაშვილები ახალციხეში, რაბათის უბანში ცხოვრობდნენ. მშობლები ადრე დაიხოცნენ და ათი ობოლი დარჩა. სოლომონი მიხეილზე 21 წლით უფროსი იყო და მისი პატრონობა მამასავით ითავა. რუმბებით ვაჭრობდა და სწავლას მოწყურებული ძმა რუმბებით ნაშოვნი ფულით გაგზავნა სტამბოლის კათოლიკურ სკოლაში.

მიხეილ თამარაშვილის ქადაგებანი იმდენად პატრიოტული იყო, რომ მოენეების დასმენით, მეფის ხელისუფლებამ საქართველოდან გააძევა. ამიტომაც გადაიხვეწა იტალიაში. 53 წლისა იტალიაში, სხვისი სიცოცხლის გადარჩენისას დაიღუპა. გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე სოლომონს სწერდა, - მუხლები რომ გტკივა, იტალიიდან სკამჯოხს გამოგიგზავნი, - როცა ფეხზე იქნები, სკამი ჯოხად გამოგადგება. დაიღლები, გაშლი და ჩამოჯდებიო. მაგრამ მიხეილმა სკამჯოხის გამოგზავნა ვეღარ მოასწრო, სოლომონი გარდაიცვალა. სკამჯოხი, სამეცნიერო ნაშრომებთან ერთად, დედაჩემის მამამ, ვასილ თამარაშვილმა ჩამოიტანა რომიდან.

- თუ არ ვცდები, ბაბუათქვენმა ვასილმა პირველმა ჩაუტარა უძველეს ქართულ საკრავებს რეკონსტრუქცია და ამით გაქრობას გადაარჩინა.

- დიახ, მან დააარსა პირველი ქართული ორკესტრი და შექმნა პირველი ნოტების საბეჭდი მანქანა. 14 წლის ვიყავი, ბაბუა რომ გარდაიცვალა. კარგად მახსოვს მისი მონაყოლი მამამისისა და მიხეილის ძმობაზე. უკვე ხანში შესულმა მოვიცალე მათი სახელებისთვის მეპატრონა. ბავშვივით მიხარია, რომ ვაკე-საბურთალოს ქუჩის დაარსებაში ჩემი დიდი წვლილია. ადრე გურამიშვილის ქუჩა ერქვა. როცა გავიგე, ავჭალაში გურამიშვილის გამზირი დაარსდა, ვთხოვე მერიას, ვაკე-საბურთალოს ქუჩას მიხეილ თამარაშვილის სახელი მინიჭებოდა. არც კი მოველოდი, ისე სწრაფად შეასრულეს ეს თხოვნა. ახლა კი ქუჩის გამზირად გადაკეთებისთვისაც ვიზრუნე. წლების წინ მიხეილ თამარაშვილის მთაწმინდაზე გადასვენების უფლებაც მივიღე, რომელიც დღესაც ძალაშია, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი, - დაე, იქ იყოს, სადაც არის, დიდუბის პანთეონში, მთავარია, რომ იტალიიდან გადმოასვენეს. ერთადერთი სურვილი დამრჩა - არსებობს მიხეილ თამარაშვილის ძალიან კარგი ბიუსტი, ძალიან მინდა, ის გამზირის დასაწყისში დაიდგას.