"დაგვეხმარეთ, სანამ სოფელი გამქრალა" - კვირის პალიტრა

"დაგვეხმარეთ, სანამ სოფელი გამქრალა"

დღეს მეწყერი კიდევ ერთი მცხოვრების ღობეს არის მიმდგარი - ორიოდ მეტრი აკლია, რომ ღობე მოგლიჯოს და სახლიც მიაყოლოს, ხვალ

კი სხვა სახლებსაც მიადგება

ვანში, საქართველოს არქეოლოგიურ საგანძურში, არის ულამაზესი სოფელი ტობანიერი, სოფელი, სადაც ადამიანებს მომავლის შიში არ ჰქონდათ. ბოლო წლებში კი ყველაფერი შეიცვალა - პატარა და უწყინარმა ტობიაღელემ თავი აიშვა და სოფელს ხევში ჩატანას უპირებს. ამ ღელის გამო, მალე სოფელი გზას დაკარგავს, ხალხი კი სახლ-კარს. ასე დასრულდება ამ ლამაზი სოფლის სიცოცხლე. ამის დაშვება არ შეიძლება, საქართველოში ისედაც ბევრი გაუკაცრიელებული სოფელი გვაქვს.

ჩემს სოფელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე და დიდი მეცნიერი, აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე დაიბადნენ. იქნებ მათი მადლითაც არის, რომ სოფელი დაცლას გადაურჩა. ჩვენს ახვლედიანების გორაზე არქეოლოგები ყოველ წელიწადს მუშაობენ, მარტო ის 200 ოქროს მონეტა რად ღირს, რომელიც აქ აღმოაჩინეს.

ახლა კი საქმე ცუდად გვაქვს - ტობიაღელემ აიწყვიტა, ირგვლივ ყველაფერს გლეჯს, უფსკრულში მიაქანებს. ბოლო სამ წელიწადში მდინარემ ადიდებისას 4-5 ეზო-ნამოსახლარი ჩაიტანა ხევში. საბედნიეროდ, ამ ხალხმა მოასწრო აქედან გასახლება. თუმცა, ის ადგილები, რომელსაც ეს პატარა ღელე უტევს, ყოველთვის მშვიდობიანად ითვლებოდა და ასახლება აზრადაც არავის მოსვლია - სამოთხესავით კუთხეს ასე ადვილად როგორ მიატოვებდნენ!

დღეს მეწყერი კიდევ ერთი მცხოვრების ღობეს არის მიმდგარი - ორიოდ მეტრი აკლია, რომ ღობე მოგლიჯოს და სახლიც მიაყოლოს, ხვალ კი სხვა სახლებსაც მიადგება და სოფელიც გაქრება. რამდენჯერმე მოვიწვიეთ სპეციალისტები მეწყრის შეჩერების ღონისძიებების დასაგეგმად. ბოლოს შარშან ზაფხულში შეისწავლეს აქაურობა გეოლოგებმა და განაცხადეს, - მეწყრის შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ ამ საქმეს სამი მილიონი ლარი სჭირდებაო. ამის იქით საქმე წინ აღარ მიდის. სოფელი შიშობს, რომ ხელისუფლება მათაც გაწირავს და სოფელსაც.

ნუთუ ასე იოლია წაშალო ამხელა სიცოცხლის კვალი?

3 მილიონი ლარი ცოტა არ არის ერთი სოფლისთვის, მაგრამ იმასაც ვხედავ, როგორ მიედინება ასეთი არაერთი სამი მილიონი ლარი მინისტრების ჯიბეებში. და თუ ქვეყანა გიყვარს, ეს ფული ჯიბიდან უნდა ამოიღო და საქვეყნო საქმე გააკეთო!

ლევან გეგაძე, სოფელ ტობანიერის მკვიდრი

ეთერ ერაძე