"ჯოჯოხეთის მწერის" შემოსევა!
11-09-2017
"ჯოჯოხეთის მწერის" შემოსევა!
"ვერავინ მიხვდებოდა, რომ ეს ბაღლინჯო ამხელა უბედურებას დაგვატეხდა თავს"

"თხილის დროულად შეწამვლა იყო საჭირო, რაც, სამწუხაროდ, ბევრმა­ არ გააკეთა. წელს კი სოკოთი დაავ­ადებული თხილი და ფოთოლი­ ადგილზევე დატოვა, პლანტაციებიდან არ გაიტანა. გაისად ეს მასა თხილის ახალ მოსავალს დააავადებს"


"დედა გვიტირა, დაგვაქცია და დაგვღუპა ამ მახინჯმა მწერმა, შეგვიჭამა მთელი სიმინდის მოსავალი და ახლა გამოჩნდა ხელისუფლება, - ნუ გეშინიათ, შევწამლავთ სიმინდსო. ახლა, სარჩო რომ უკვე გამოგვეცალა, თავებიც რომ დაიწამლონ, მაინც აღარაფერი გვეშველება.
ამდენ ხანს სავარძლებში ეძინათ, ახლა ატეხეს ფაცხაფუცხი, არჩევნები რომ მოადგათ კარზე?"

შოთა სიჭინავა, ზუგდიდი, სოფელი კახათი.

"მძიმე მდგომარეობაში ჩავცვივდით, ბოსტანშიც კი ყველაფერი გადაგვიჭამა ბაღლინჯომ. ასე მტერიც არ გაგვწირავდა, როგორც ხელისუფლებამ გაგვწირა, - თუ ამ აყროლებულ მწერს ამისთანა უბედურების დატრიალება შეეძლო, შარშანდელ ზაფხულს რატომ ხელი არ
გაანძრიეს, რას ელოდებოდნენ, შიმშილობის დაწყებას?!"
დავით ღლონტი, ოზურგეთი.

"ჯერ კიდეევ აპრილში ვთხოვდით ადგილობრივ ხელისუფლებას შველას, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ხელისუფლებამ საგანგებოდ შეგვატოვა ამ ბაღლინჯოს, - რაც უფრო მეტი ხალხი დაეხოცებათ, მით ნაკლები თავსატეხი ექნებათ".

ლევან კრავეიშვილი, სამტრედია, სოფელი რიყე.

აზიურმა ფაროსანამ, ანუ სუნიანმა ბაღლინჯომ, "ჯოჯოხეთის მწერმა" (ასე შეარქვეს მას ამერიკელმა ფერმერებმა) საქართველოში პანიკის დათესვა სწრაფად მოახერხა - ჯერ დასავლეთ საქართველოს თხილის პლანტაციების ნაწილი გაანადგურა, შემდეგ კი ბაღჩა-ბაღებსა და სიმინდის ყანებს შეესია.

მავნებელი პირველად 2015 წელს შეუმჩნევიათ, თუმცა მასთან საბრძოლველად ხელი არავის გამოუღია, 2017 წლის აპრილში დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტები თხილს შესეულ მავნებელთან ბრძოლაში უძლური აღმოჩნდნენ. სახელმწიფომ თხილის პლანტაციების შეწამვლა ივნისში დაიწყო. ზაფხულის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში სულ 53 000 ჰა პლანტაცია შეიწამლა. მოსახლეობა ბაღლინჯოს ბიბლიურ მკალსაც ადარებს, რომელმაც ხალხს შიმშილი მოუვლინა. მათი თქმით, მწერის გამოჩენიდან ორი წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან საფრთხის შეუფასებლობამ ხალხს სარჩო დაუკარგა. თუ ხელისუფლება მწერთან ბრძოლაში ყველა რეზერვს არ გამოიყენებს, ტყის ხანძრების ზარალი მონაგონი იქნება იმასთან შედარებით, რაც მწერმა შეიძლება მოგვაყენოს მოსავლის სრული განადგურებით. აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალისა და საფრთხის შეფასება სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეს, ზურაბ ლიპარტიას ვთხოვეთ.

- საქართველო საზღვაო სატრანზიტო ქვეყანაა, სადაც ტვირთებს, შესაძლოა, 2 ეგზემპლარი მწერი შემოჰყვეს და ცოტა ხანში ქარავნად იქცეს. ასე რომ, მწერის შემოპარვის კონტროლი შეუძლებელია.

- 2015 წელს, როცა მწერის ერთეული ეგზემპლარები აღმოჩნდა, თუნდაც 2016 წელს მაინც მასთან ბრძოლა რატომ არ დაიწყო?

- 2015 წელს ვერავინ მიხვდებოდა, რომ ეს ბაღლინჯო ამხელა უბედურებას დაგვატეხდა თავს. მისი მსგავსი 14 მწერია ჩვენში გავრცელებული, მაგრამ უვნებელია. ამ მწერის შესახებ 2016 წლის ოქტომბერში გააკეთა განცხადება სამეგრელოს თხილის პლანტაციების მფლობელმა იტალიურმა კომპანია "ფერერომ" და განგაშიც ავტეხეთ. იტალიელმა აგრონომმა დააფიქსირა, რომ მწერი, რომელიც თხილის პლანტაციებში აღმოაჩინა, ოქტომბერში სახლებში შევიდა გამოსაზამთრებლად. ჩვენ იტალიელი და ამერიკელი სპეციალისტები მოვიწვიეთ და მწერთან ბრძოლის ღონისძიებები შევიმუშავეთ. ეს უცნობი მწერი პირველად სწორედ ამერიკას დაატყდა თავს ჩინეთიდან.
2010 წელს ფაროსანას მიერ ამერიკის სოფლის მეურნეობისთვის მიყენებულმა ზარალმა 21 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ამიტომ ქვეყნისთვის მასთან ბრძოლა სასიცოცხლო აღმოჩნდა.

ჩვენში ჩინური ფაროსანა, სავარაუდოდ, პორტით ტვირთებს შემოჰყვა - 2014 წელს, სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დროს ბაღლინჯომ ჩინეთიდან შეტანილ ხის მასალასთან ერთად შემოაღწია, იქიდან კი აფხაზეთში გადმოინაცვლა. მMწერი 24 საათში 70 კილომეტრს ფარავს, ცხადია, აფხაზეთიდან სამეგრელოში შემოღწევა არ გაუჭირდებოდა.

- ბრძანეთ, რომ 2016 წელს საშიში მწერის შესახებ პირველად უცხოელმა ფერმერებმა განაცხადეს. ნუთუ მანამდე ადგილობრივ სამსახურებს ან მოსახლეობას საშიშროება არ უგრძნიათ?

- სამწუხაროდ, ნებისმიერ პრობ­ლემაზე,­ მათ შორის ისეთზეც, რომელიც ადამიანმა თავად უნდა მოაგვაროს, უმეტესობა თითს მაინც სახელმწიფოსაკენ იშვერს, ითხოვს, სახელმწიფო მის ეზოში მივიდეს და მისი გასაკეთებელი საქმე გააკეთოს. ერთ მაგალითს მოვიყვან: სახელმწიფომ თხილის შეწამვლა ივნისში დაიწყო; ასე რომ, თხილის გაფუჭებაში ფაროსანას 20%-ზე მეტი წილი არ უდევს; დანარჩენი სოკომ გააფუჭა. ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა, რომ თხილის დროულად შეწამვლა იყო საჭირო, რაც, სამწუხაროდ, ბევრმა­ არ გააკეთა. წელს კი სოკოთი დაავ­ადებული თხილი და ფოთოლი­ ადგილზევე დატოვა, პლანტაციებიდან არ გაიტანა. გაისად ეს მასა თხილის ახალ მოსავალს დააავადებს. ვეხვეწებით მოსახლეობას, გამოიტანეთ და დაწვით-თქო. არავის გამოაქვს.
სახელმწიფო, მოსახლეობის ნაც­ვლად, 200 000 ეზოსა და ბაღში ვერ შევა, ვერ დაასუფთავებს და დაამუშავებს.

- ამჟამად რა ფართობებზეა გავრცელებული აზიური ფაროსანა?

- დღეის მონაცემებით, ბაღლინჯო 200 000 ჰექტარზეა გავრცელებული. ჩვენმა სამსახურმა უკვე შეწამლა 35 000 ჰექტარი სიმინდის ნათესი, სადაც ფაროსანას მიყენებული ზარალი შემცირდება. ასე ადვილი რომ ყოფილიყო მისი მოსპობა, ამერიკაში, პენსილვანიის შტატშივე უმალ გააქრობდნენ. დღეს კი ის ამერიკის 43 შტატსაა მოდებული. ამ ეტაპზე ფაროსანას გამრავლება ამერიკაში კონტროლირებადია, ის ამერიკის სოფლის მეურნეობის 5%-ზე მეტს ვეღარ აყენებს ზარალს.

- როგორც ცნობილია, ფაროსანას 70%-ზე მეტი მოსავლის განადგურება შეუძლია.

- ტყუილად არ უწოდებიათ ამ ბაღლინჯოსთვის "ჯოჯოხეთის მწერი". სიმინდიდან შეუძლია გადავიდეს კარალიოკზე, ხურმაზე, მსხალზე და ა.შ., ტყეებშიც გადაინაცვლოს. ამ საფრთხის გაუცნობიერებლობა შეუძლებელია. ასე რომ, უკვე მიმდინარეობს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციისაა და ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის სამუშაო შეხვედრა. აქ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ევროკავშირისა და მსოფლიო მცენარეთა დაცვის ორგანიზაცია მოამზადებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამა "მაჩეტეს", რომლის მიხედვით იმოქმედებს ამერიკაც და ევროპაც.
ჩვენთან ეს მწერი ყველაზე დიდი რაოდენობით არის შემოსული, ევროპაში ამდენი არ არის. ცხადია, მათაც აშინებთ მავნებელი და ფრთხილობენ.

- რით იცავს თავს აზია ამ მწერისგან, იქ ხომ მისი სამშობლოა?

- მავნებელს ჩინეთში ჰყავს ბუნებრივი­ მტერი - კრაზანა. მაგრამ თუ ჩვენც გამოვიყენებთ­, შესაძლოა, მან სრულიად გაგვინადგუროს ფუტკარი. არსებობს ბაღლინჯოს განადგურების მექანიკური მეთოდებიც. უახლოეს ხანში ყოველ მოსახლეს დავურიგებთ პრეპარატებს თავიანთი ეზოების შესაწამლად, ტყეებში კი სახელმწიფო შეებრძოლება მავნებელს.

- თვითმფრინავით?

- თვითმფრინავით შეწამვლაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ არ გვყავს პილოტები, რომელთაც ქიმიურ პრეპარატებთან ურთიერთობა­ შეუძლიათ; ზოგ ადგილებში ფრენა შეუძლ­ებელია, ზოგან კი მდინარე ჩადის და პრეპარატებით წყლის მოწამვლის საფრთხეს შექმნის. უნდა შევეცადოთ, რომ ეს "ჯოჯოხეთის მწერი" აღმოსავლეთ საქართველოშიც არ აღმოჩნდეს, თორემ კახეთის მოსავალი მისთვის მაცოცხლებელი იქნება - ყურძნის, ატმის და სხვა ხეხილის ბაღებს გაანადგურებს.

ამერიკული პეპლიდან აზიურ ბაღლინჯომდე


გოდერძი გოდერძიშვილი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი:
"1976 წელს საქართველოს დასავლეთ რეგიონებს ამერიკული პეპელა შეესია და 2012-14 წლამდე მისი შეჩერება ვერ მოხერხდა. თუკი აზიურ ბაღლინჯოს არ ვებრძოლეთ, შესაძლოა მანაც დაახლოებით ეს დრო დაყოს ჩვენს ბუნებაში. ამერიკული პეპლის განადგურება ბევრად იოლი იყო, - ის ხრავდა ფოთლის მთელ მასას და ფოთლების შხამქიმიკატით შეწამვლა საკმარისი იყო მის გასანადგურებლად. აზიური ბაღლინჯო კი ნაყოფის წვენით იკვებება, რის გამოც შეწამვლისას შხამქიმიკატი ნაყოფის წვენში უნდა მოხვდეს. აზიური ბაღლინჯო ამერიკული პეპლისგან განსხვავებით ტყეებში იზამთრებს, გამოზამთრების შემდეგ კი ტყის ახალწამოსულ კვირტებს ანადგურებს. მარაგის ამოწურვის შემდეგ კატასტროფული სიჩქარით გუნდურად გადაადგილდება. სიმინდი ან თხილი მას ქერქის გამაგრების შემდეგ აღარ მოსწონს, რბილ საკვებზე გადადის და 90-95%-ით ანადგურებს. იმის გარდა, რომ ფრენის მაღალ სიჩქარეს ავითარებს, მოჰყვება ადამიანებს, ტრანსპორტს, ტვირთს. სამშობლოში ფაროსანა 7-ჯერ მრავლდება და რამდენიმე ასეულ თაობას იძლევა, ჩვენი კლიმატის პირობებში ის 2 ან 3-ჯერ გამრავლებას ახერხებს. მაგრამ თბილი ზამთრის პირობებში შესაძლოა 4-ჯერაც გამრავლდეს. რაც შეეხება სიმინდს, მოსახლეობას ვურჩევთ, უფრო ადრე დათესონ, ვიდრე თესავდნენ,- სიმინდის ადრეული გარქოვანება მის განადგურებას მნიშვნელოვნად შეაჩერებს".

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები