"ევროპამ "საშიში დედა" არაჩვეულებრივად მიიღო, ვნახოთ, ამერიკას თუ მოეწონება" - კვირის პალიტრა

"ევროპამ "საშიში დედა" არაჩვეულებრივად მიიღო, ვნახოთ, ამერიკას თუ მოეწონება"

"საშიში დედა" აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. 50 წლის დედამ არჩევანი უნდა გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და ვნებიან გატაცებას შორის... ფილმში მონაწილეობენ: ნატა მურვანიძე, დიმიტრი ტატიშვილი, რამაზ იოსელიანი, ავთანდილ მახარაძე, ანასტასია ჭანტურაია..."

რეჟისორებით, პროდიუსერებითა და კინოკრიტიკოსებით დაკომპლექტებულმა 9-კაციანმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრით არჩევანი გააკეთა - 2017 წელს ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე საქართველო წარადგენს ანა ურუშაძის კინოსურათს "საშიში დედა". "საშიში დედა" ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარია.

"ვიმედოვნებთ, ოსკარზე ანა ურუშაძე მამის გზით ივლის"

დავით ვაშაძე, ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი: - კენჭისყრაში 9-წევრიანი ჟიური მონაწილეობდა (კახი კანდელაკი - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე; ლანა ღოღობერიძე - რეჟისორი; კოტე ჯანდიერი - სცენარისტი; ოთარ შამათავა - რეჟისორი-პროდიუსერი; ია სუხიტაშვილი - მსახიობი; არჩილ ახვლედიანი - ოპერატორი; გიორგი ოვაშვილი - რეჟისორ; ქეთი ტრაპაიძე - კინომცოდნე; ზურაბ მაღალაშვილი - კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი).

გამარჯვებისთვის 4 საუკეთესო ფილმი იბრძოდა: "ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი); "მძევლები" (რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი); "საშიში დედა" (რეჟისორი ანა ურუშაძე) და "ლუკა" (რეჟისორი გიორგი ბარაბაძე). ხმათა უმრავლესობით, ანა ურუშაძის ფილმმა გაიმარჯვა.

- ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალი მარტში ჩატარდება. მანამდე რა ეტაპები აქვს გასავლელი "საშიშ დედას"?

- ახლა იწყება ყველაზე მთავარი - ოსკარის კამპანია, რომელიც ითვალისწინებს ლოს-ანჯელესში ჩვენებების გამართვას, სხვადასხვა პუბლიკაციის მომზადებას. წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი კინოფესტივალია, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ "საშიშმა დედამ" ამ ფესტივალებშიც მიიღოს მონაწილეობა. წლევანდელ ოსკარზე წარსადგენად 80-ზე მეტი ფილმია გამზადებული. სრულყოფილი კამპანიის გარეშე ფილმის შორთლისტში მოხვედრა შეუძლებელია. დეკემბრის ბოლოს 9 ფილმისგან შემდგარი შორთლისტი გამოცხადდება. საბოლოოდ კი ხუთი შეირჩევა ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის. ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 90-ე საიუბილეო ცერემონია 2018 წლის 4 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

ვიმედოვნებთ, ოსკარის ცერემონიაზე ანა წარმატებას მიაღწევს.

"ოჯახური ტრადიციები კარგია, მაგრამ ანას თავისი კინო აქვს"

ლაშა ხალვაში, ფილმის პროდიუსერი: "საშიში დედა" აკრძალვებსა და სტერეოტიპებზე, მორალურ ნორმებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე მოგვითხრობს. 50 წლის დედა დილემის წინაშე დგას - არჩევანი უნდა გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და ვნებიან გატაცებას შორის...

ფილმში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები: ნატა მურვანიძე, დიმიტრი ტატიშვილი, რამაზ იოსელიანი, ავთანდილ მახარაძე, ანასტასია ჭანტურაია და სხვები.

- როგორია ანა ურუშაძის ხელწერა, მამისას ხომ არ წააგავს?

- არა, ანას უნიკალური ხედვა აქვს, ის სრულიად დამოუკიდებელი შემოქმედია.

- ვინ დააფინანსა ფილმი?

- ფილმი დააფინანსა საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა. მოგვიანებით "საშიშIი დედა" გადაიქცა ქართულ-ესტონურ თანაწარმოებად.

- ფილმს უკვე აქვს კარგი საფესტივალო ბიოგრაფია.

- მსოფლიო პრემიერა გაიმართა ლოკარნოს საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც ფილმმა "ოქროს ლეოპარდი" მოიპოვა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის, დაიმსახურა დამოუკიდებელი ჟიურის პრიზიც. ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი ძალიან პრესტიჟულია, იქ ყოველწლიურად მსოფლიოს არაერთი ცნობილი კინემატოგრაფი და ვარსკვლავი ჩამოდის.

შემდეგ ფილმი სარაევოს კინოფესტივალზე ვაჩვენეთ - ეს ფესტივალი ხომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანია, საიდანაც გრან პრი - "სარაევოს გული" ჩამოვიტანეთ. "საშიში დედა" ფართოდ გაშუქდა პრესაში. მასზე ყველა საერთაშორისო გავლენიანმა გამოცემამ დაწერა.

წელს ოსკარის კანდიდატებად ძალიან კარგი ფილმები იყო, სასიხარულოა, რომ ჩვენი ფილმი შეირჩა. ევროპამ არაჩვეულებრივად მიიღო, ვნახოთ, ამერიკას თუ მოეწონება.

ეკა სალაღაია