მშვენიერი ანჯელინა ქართველი დიზაინერის ქუდით - ქართველები მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში - კვირის პალიტრა

მშვენიერი ანჯელინა ქართველი დიზაინერის ქუდით - ქართველები მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში

ჯაბა დიასამიძის შექმნილი კაბა ეცვა ცნობილ ფრანგ მსახიობს, იზაბელ იუპერს ერთ-ერთ ფოტოსესიაში ფრანგული გამოცემა Dedicate Magazine-სთვის

ჯოლი ჯაბას თავსაბურავით

ბოლო ხანს სულ უფრო მეტი საერთაშორისო გამოცემა წერს ქართველ დიზაინერებზე. მსოფლიო და ქართული მედიის ყურადღება ანჯელინა ჯოლის ფოტოსესიამ მიიპყრო. ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ ანჯელინა პირველად გამოჩნდა ჟურნალის გარეკანზე. მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა გამოცემამ, "Vanity Fair"-მა, სექტემბრის ნომერში გამოაქვეყნა ანჯელინას ვრცელი ინტერვიუ თავისი ფოტოსერიით. ანჯელინას ერთ ფოტოზე ქართველი დიზაინერის, ჯაბა დიასამიძის შლაპა ამშვენებს.

სამწუხაროდ, დიზაინერთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ამიტომ გთავაზობთ ფოტოს ჯაბა დიასამიძის ინსტაგრამის ოფიციალური გვერდიდან, სადაც ჯოლის ჯაბას თავსაბურავი ახურავს. ჯაბა დიასამიძე თბილისში დაიბადა. წლებია, პარიზში მუშაობს. დამთავრებული აქვს პარიზის მოდის სკოლა Ecole de la Chambre Syndicale de la Couture Parisienne. მისი შექმნილი კაბა ეცვა ცნობილ ფრანგ მსახიობ იზაბელ იუპერს ერთ-ერთ ფოტოსესიაში ფრანგული გამოცემა Dedicate Magazine-სთვის.

ალიშა კეისი სოფოს ბეჭდით...

ალიშა კეისი წლევანდელი მარტის ჟურნალ "გლამურის" (Glamour) გარეკანზე გამოჩნდა. ამერიკელ მომღერალს მინიმალისტური სტილის მოგრძო ბეჭედი ამშვენებს. ნაკეთობის ავტორია ქართველი ხელოვანი სოფო გონგლიაშვილი:

- ჟურნალ Glamour-ის რედაქტორი დამიკავშირდა, სურდა ალიშა ჩემი ბეჭდით გადაეღო და გარეკანზე დაებეჭდა. ნატალია ქუთათელაძე, რომელიც იმ დროს ამერიკაში იყო, რედაქციაში მივიდა და ჩემი ნაჩუქარი ბეჭედი ალიშას ათხოვა.

Glamour-ის რედაქტორს ძალიან მოსწონს ჩემი ნაკეთობები. თურმე მწერდნენ, მაგრამ ვერ ვნახე, შემდეგ დაუკავშირდნენ იმ მაღაზიას, სადაც ჩემი ნახელავი იყიდება და ასე მომაწვდინეს ხმა.

მილა იოვოვიჩსაც აქვს ჩემი ბეჭედი, ერთ-ერთი ფილმის პრემიერის შემდეგ აჩუქეს.

"ბედნიერი ვარ, თუ ეს ნახატი სელინ დიონისთვის შთაგონების წყაროდ იქცა"

სელინ დიონს რომ პირადი თვითმფრინავი ჰყავს, ეს არავის გაუკვირდება, მაგრამ მის პირად თვითმფრინავს რომ ქართველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის ნახატი ამშვენებს, ეს საამაყოა. ხელოვანმა სელინს ტილო საჩუქრად გაუგზავნა.

ლევან მოსიაშვილი: - სელინ დიონის ბორტგამცილებელი ჩემი ხელოვნების გულშემატკივარია, მან გადასცა სელინს ჩემი საჩუქარი, მოეწონა და მას შემდეგ ის სელინის პირად თვითმფრინავშია. ბედნიერი ვარ, თუ ეს ნახატი სელინ დიონისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.

ჩემი ტილოები აქვთ ამერიკის, საფრანგეთის, საქართველოს, რუსეთის დიპლომატიური, სამთავრობო თუ ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, ასევე ვალერი მელაძეს, სამსუნგის კორპორაციის მთავარ ოფისს, პენტაგონის შტაბბინას, სხვადასხვა ქვეყნის მერიებსა და მუნიციპალიტეტებს.

იხილეთ ასევე: როგორ "შეძვრა" ჯენიფერ ლოპესი ქართველი დიზაინერის კაბა-ფანქარში და როგორია სინამდვილეში დევიდ კომა?