წვიმაში მოძრაობის წესები მძღოლებისთვის - კვირის პალიტრა

წვიმაში მოძრაობის წესები მძღოლებისთვის

მძღოლების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ავტომანქანის სრულყოფილ მართვასთან ერთად, სხვადასხვა კლიმატურ პირობებში მოძრაობაც კარგად იცის. სინამდვილეში, საქმე არც ასე მარტივად არის. და რადგან ზაფხული არა მხოლოდ სიცხისა და დასვენების სეზონია, არამედ წვიმების პერიოდიც არის, დღეს სწორედ წვიმიან ამინდში ავტომანქანით მოძრაობის ძირითად პრინციპებს შეგახსენებთ, რათა რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეუქმნათ საკუთარ თავსა და სხვა მძღოლებს.

ხილვადობა

წვიმის წვეთები და წინ მიმავალი ავტომანქანების საბურავებისგან წარმოქმნილი შხეფები მნიშვნელოვნად აუარესებს ხილვადობას. ამიტომაც, პირველ რიგში, უნდა შეამციროთ სიჩქარე და გაზარდოთ დისტანცია. ჩართეთ ახლო მაშუქები, განსაკუთრებულად ცუდი ამინდის დროს კი - უკანა ნისლსაწინააღმდეგო მაშუქებიც (არ დაგავიწყდეთ მათი გამორთვა, როგორც კი ხილვადობა გაუმჯობესდება!).

თუ ისეთი თავსხმაა, რომ მინის საწმენდები ამოცანას თავს ვერ ართმევენ და 20 მეტრზე შორეულ დისტანციაზე ვეღარაფერს ამჩნევთ, უმჯობესია, ჩართოთ ავარიული ფარები და ნელა იმოძრაოთ. წვეთებისგან შუშებისა და სარკეების გათავისუფლებაში მინების გამათბობელი ელექტროსისტემებიც დაგეხმარებათ.

ნესტიან ამინდში ავტომანქანის მინები ხშირად იორთქლება. კონდიციონერიანი ავტომობილისთვის ეს პრობლემა არ არის - ჰაერის ნაკადი საქარე მინისა და ფანჯრების მიმართულებით მიმართეთ. მაგრამ, თუ თქვენი ავტომანქანის კონდიციონერი არ მუშაობს, წვიმის გამო კი შუშების ჩაწევას ვერ ახერხებთ, "მამაპაპური" მეთოდი გამოიყენეთ და ფანჯრები სპეციალური ტილოთი გაწმინდეთ.

მოჭიდება გზის საფარზე

მშრალ ამინდშიც კი ასფალტი მტვრით, ჭუჭყით, ტექნიკური სითხეების ლაქებით არის დაფარული. წვიმის პირველივე წვეთებისას ეს ყველაფერი ერთმანეთში იზილება და გზის საფარზე სრიალა მონაკვეთები წარმოიქმნება. ამიტომაც გახსოვდეთ, რომ თუნდაც ვიზუალურად მშრალს ჰგავდეს, ასფალტი აღარ არის ისეთივე, როგორიც ჯერ კიდევ ხუთი წუთის წინ იყო. მოერიდეთ მკვეთრ მანევრებს და დროულად დაიწყეთ სიჩქარის შემცირება!

თუ გზა უკვე სველია, პატარა გუბეებსაც კი შეუძლია მკვეთრად შეცვალოს საფარზე მოჭიდების ხარისხი. საბურავების პროტექტორები (განსაკუთრებით გაცვეთილი, დაბალი პროტექტორის მქონე) ვეღარ ასწრებენ საკმარისი წყლის გატარებას. ასე რომ, გუბეზე დიდი სიჩქარით გადავლისას, იოლად შეიძლება მართვა დაკარგოთ - ამას აკვაპლანირება ეწოდება. თუ აკვაპლანირების მდგომარეობაში აღმოჩნდით, არავითარ შემთხვევაში არ დაატრიალოთ საჭე მკვეთრად - როგორც კი საბურავების ასფალტზე მოჭიდება აღდგება, ავტომანქანა შეტრიალდება და შესაძლოა, მოცურდეს კიდეც. გახსოვდეთ! თუ გუბეს გადაუარეთ, თანაბრად აუშვით ფეხი გაზის სატერფულს და საჭეც თანაბრად გეჭიროთ.

აკვაპლანირების გარდა, გუბეები სხვა სახის საფრთხესაც შეიცავს - არცთუ იშვიათად, წყალი ორმოებს, ღია საკანალიზაციო ჭებს, ვიწრო წყალსაწრეტებს ფარავს და... ჰოდა, ორმოში რომ არ აღმოჩნდეთ, გუბე ბორბლებს შორის მოაქციეთ ან შემოუარეთ.

არც ის დაივიწყოთ, რომ წვიმის დროს განსაკუთრებით სრიალა ხდება რკინიგზის ლიანდაგები, გადასასვლელებზე დაგებული რეზინის საფარი, საგზაო ზოლები, ბეტონი და ა.შ.

სხვა ხიფათიც

აკვაპლანირების გარდა, ღრმა გუბეს შეუძლია დააზიანოს თქვენი ავტომანქანის ძრავაც. დიახ, გზებზე "ტალღების გაკეთების" მოყვარულები სერიოზულად რისკავენ - თუ შემშვები სისტემის მეშვეობით წყალი ძრავის ცილინდრებში აღმოჩნდება, ძვირად ღირებული რემონტი არ აგცდებათ.

მაღალი გამავლობის ავტომობილები, ასევე, სატვირთო ავტომანქანები და ავტობუსები გუბეებს არ უფრთხიან. მეტიც, სპეციალურადაც კი გადაუვლიან ხოლმე და... გვერდით ან საწინააღმდეგო ზოლში მიმავალ მსუბუქ ავტომანქანებს ჭუჭყიანი სითხით "ალამაზებენ". ეს ორმაგად სახიფათოა: ჯერ ერთი, სანამ მინის საწმენდებს ჩართავთ, შუშები მთლიანად წყლით იქნება დაფარული და ვერაფერს დაინახავთ. მოულოდნელად გამოჩენილმა წყლის ძლიერმა ნაკადმა, შესაძლოა, ისე შეაშინოს მძღოლი, საჭის კონტროლი დაკარგოს! მსგავს ვითარებაში არ დაიბნეთ, სიჩქარეს მოუკელით და მინების საწმენდები მაქსიმალურ სისწრაფეზე დააყენეთ. კოკისპირულ წვიმას ხშირად ძლიერი ქარიც ახლავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სავალ ნაწილზე, შესაძლოა, მოულოდნელად აღმოჩნდეს ხეები, განათების ბოძები, საგზაო ნიშნები და ა.შ. ყველაფრისგან თავის არიდება შეუძლებელია, მაგრამ კონცენტრირების შენარჩუნება შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევის რისკს.

წვიმიან ამინდში გზატკეცილზე მოძრაობისას სამუხრუჭე ხუნდების გასაშრობად პერიოდულად დააჭირეთ ფეხი მუხრუჭს, თორემ სველი ხუნდები უსიამოვნოდ გაგაოცებთ შენელებული დამუხრუჭებით.

მოკლე ინსტრუქციები

სიჩქარის შენელება და დისტანციის გაზრდა - წვიმაში მოძრაობის მთავარი წესია, რადგან სველ ზედაპირზე სამუხრუჭე მანძილი საგრძნობლად იზრდება. არავითარი მკვეთრი მოძრაობა! - წვიმისას ეცადეთ, დამუხრუჭების, აჩქარებისა და მანევრირების პროცესი თანაბარი იყოს. აკონტროლეთ საბურავების ცვეთის ხარისხი - აკვაპლანირებისადმი წინააღმდეგობის უნარი პირდაპირ არის დაკავშირებული საბურავის პროტექტორის სიმაღლესთან. გაცვეთილი საბურავები წვიმიან ამინდში პირველი ნაბიჯია ავტოსაგზაო შემთხვევისკენ!

ნუ გააკეთებთ ეკონომიას მინის საწმენდებზე - ძვირი ნამდვილად არ ღირს, სამაგიეროდ, ახალი რეზინები მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ წვიმაში მგზავრობას. განსაკუთრებით ღამით, ცუდად განათებულ გზაზე, როდესაც შემხვედრი ავტომანქანების მაშუქები მართვაში ისედაც გიშლით ხელს.

გარშემო მყოფებზეც იფიქრეთ - გზაზე მოძრაობა მათთვისაც შესამჩნევი გახადეთ და დანიშნულებისამებრ გამოიყენეთ მაშუქები, ოღონდ არ დაგავიწყდეთ უკანა ნისლსაწინააღმდეგო მაშუქების გამორთვა, როდესაც რთულ მონაკვეთს უკან მოიტოვებთ.

შეძლებისდაგვარად მოერიდეთ გუბეებს - ეს არა მხოლოდ აკვაპლანირების საფრთხეა, არამედ ორმოში ჩავარდნისა და ძრავაში წყლის ჩასვლის დიდი ალბათობაც. აღარაფერს ვამბობთ ქვეითად მოსიარულეებისა და გვერდით მოძრავი ავტომანქანების "გაწუწვის" საფრთხეზე.