"ყვიროდნენ, ისევ დავბრუნდებით და კიდევ გცემთო" - კვირის პალიტრა

"ყვიროდნენ, ისევ დავბრუნდებით და კიდევ გცემთო"

მარიამ ბანძავა: "დედა-შვილმა ოთახი დაარბია. გადმოყარეს საბუთები, გვემუქრებოდნენ... როგორღაც მოვახერხე ოთახიდან გაქცევა. ამასობაში თანამშრომელმა პატრული გამოიძახა... იმდენად ცუდად ვიყავით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგვჭირდა"

რამდენიმე დღის წინ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ფილიალში სოციალურ მუშაკებს თავს დაესხნენ და სიტყვიერთან ერთად, ფიზიკურადაც შეურაცხყვეს. სოციალურ მუშაკებს ბიოლოგიური ოჯახიდან 5, 9 და 13 წლის გოგონები სხვა დაწესებულებაში აღსაზრდელად უნდა გადაეყვანათ, რადგან დედა სათანადოდ ვერ ზრუნავდა მათზე. სოციალურმა მუშაკებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით შეძლეს ერთი არასრულწლოვანის ოჯახიდან გამოყვანა, მეორე - დღის ცენტრიდან გაიყვანეს, 13 წლის გოგონა კი არ დათანხმდა შეთავაზებას (10 წელს მიღწეული მოზარდის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მის უშუალო ნებას) და დედასთან დარჩა.

ბავშვების გაყვანიდან ერთ საათში, დედა, 13 წლის გოგონასთან ერთად, სააგენტოში მივიდა და შვილების ნახვა მოითხოვა. როცა დარწმუნდნენ, რომ ბავშვები იქ არ იყვნენ, გოგონამ თაროებიდან დოკუმენტაცია, მაგიდებიდან კი კომპიუტერები გადმოყარა, ერთ თანამშრომელს მონიტორი ესროლა, მეორეს წიხლები დაუშინა და კიდურები დაუკაწრა. თანამშრომლებმა პატრული გამოიძახეს...

მარიამ ბანძავა, სოციალური მუშაკი: დედა-შვილი მოითხოვდა, გვითხარით, სად არიან ბავშვებიო. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მათ მისამართს ვერ მივცემდით. ოჯახიდან ბავშვების გამოყვანა სასამართლოს მიერ იყო დადგენილი, მათი ნახვის დღეები კი ოფიციალურად ინიშნება. ამის ახსნას ვცდილობდით, როცა ოთახის დარბევა დაიწყეს. გადმოყარეს საბუთები, ყვიროდნენ, გვემუქრებოდნენ, რომ ისევ დაბრუნდებოდნენ და გვცემდნენ... როგორღაც მოვახერხე ოთახიდან გაქცევა. ამასობაში თანამშრომელმა პატრული გამოიძახა... იმდენად ცუდად ვიყავით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგვჭირდა. შსს-მ საქმე აღძრა და მიმდინარეობს ძიება. აქამდეც ყოფილა კონფლიქტური სიტუაცია, მიჩვეული ვართ სტრესულ სიტუაციაში მუშაობას, მაგრამ არავის ვუცემივართ...

რამდენიმე წელი ვცდილობდით ამ ოჯახის მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლას. შემდეგ სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ ბავშვების სიცოცხლესა და განვითარებას საფრთხე დაემუქრა - ან ოჯახში საშიშროების მაღალი რისკის ქვეშ უნდა დარჩენილიყვნენ, ან უნდა გადაგვეყვანა. ცხადია, ბავშვების უსაფრთხო გარემოში გადაყვანა გადაწყდა. არც ერთ სოციალურ მუშაკს არ უნდა, თუ იძულებული არ გახდა, ბიოლოგიური ოჯახიდან გამოიყვანოს ბავშვი. გვინდა, 13 წლის გოგონამ ჩვენთან ითანამშრომლოს, რათა ისიც გადავიდეს სახელმწიფო მინდობით აღზრდაში, მანამდე კი გაგრძელდება მუშაობა, რათა გაუმჯობესდეს პირობები და დედამ შეძლოს, შვილებს შეუქმნას აღზრდისათვის საჭირო ღირსეული გარემო. ამ შემთხვევაში მას დაუბრუნდება ბავშვები და გაგრძელდება მათი სოციალიზაციის კუთხით მუშაობა.

უკმაყოფილო ბენეფიციარებს ჰგონიათ, ყველაფერში დამნაშავე სოცმუშაკია. ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს თითოეულ მოქალაქეს, მიიღოს ყველა ხელმისაწვდომი სერვისი სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორიდან. ჩვენი სამუშაო სარისკოა. ვიზიტზე გასულს არ გვაქვს ინფორმაცია, რა ტიპის ადამიანთან მივდივართ.

ჩვენი სამუშაო განრიგი 9-დან 18 საათამდეა. თუმცა, შაბათ-კვირასა და არასამუშაო საათებში, ღამითაც კი გვიწევს მუშაობა. გვაქვს ტრანსპორტის შეღავათიანი ტარიფი, მაგრამ ზოგიერთ ადგილას საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის. ამას ემატება ცუდი ამინდი, დროის დეფიციტი, რის გამოც ხშირად გვიწევს ტაქსით სიარული. ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოყოფს ავტომობილს, თუ ბავშვია გადასაყვანი. ვიცი, რომ სხვა უწყებებში დასაქმებულ სოცმუშაკებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროს ფრთის ქვეშ მომუშავეებს.

- ინფრასტრუქტურაც ძალიან გაუმართავია, შენობა დანგრეულია, არც დაცვაა...

- 19 თანამშრომელი ორ ოთახში ვართ განაწილებული. ბენეფიციარებთან კონფიდენციალური საუბრების გამართვა დერეფანში გვიწევს. პაპანაქებაში ოთახში 35 გრადუსი ფიქსირდებოდა. კონდიციონერიც კი არ გვაქვს. ამის გამო ღამით მუშაობდნენ თანამშრომლები. დაგვპირდნენ, გავარემონტებთ შენობას და დაცვაც გეყოლებათო...

თაკო კაჭკაჭიშვილი, სოციალური მუშაკი: - გული გვწყდება, ერთ-ერთ არხზე გასული სიუჟეტის შემდეგ სოციალურ ქსელში ნეგატიური კომენტარები რომ ვნახეთ. ეს არაინფორმირებულობის ბრალია. მეტი უნდა ვისაუბროთ ჩვენი პროფესიის სიკეთეებზე...

ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით იგივე მდგომარეობაა ისანი-სამგორის სოცმომსახურების სააგენტოს ფილიალშიც. დაწესებულება ავარიული, საბჭოთა დროინდელი ე.წ. ხორცის შესანახი მაცივრის შენობის მესამე სართულზეა. სოციალური მუშაკები მუყაოს ყუთებში ინახავენ ბენეფიციარების კონფიდენციალურ საბუთებს.

თამარ წიკლაური, სოციალური მუშაკი: "ვცდილობთ, ჩვენი გასაჭირი არ აისახოს ბენეფიციარებზე და მათ მაქსიმალურად დავეხმაროთ. ხალხს შვილების წამრთმევი მონსტრები ვგონივართ, მაგრამ ზოგჯერ სხვა გზა არ რჩება".

რას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო სოცმუშაკების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

ეთერ ცხაკაია, სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის სამმართველოს უფროსი:

- გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის ფილიალები ავარიულ შენობებშია განთავსებული, რა ხდება ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად?

- ჩატარდა ტენდერი და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია. ორივე ფილიალში დაიწყება რემონტი. სოცმუშაკები, მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, ხანდახან 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და აუცილებელია შესაბამისი გარემოს შექმნა. ყველა პრობლემა მალე გადაიჭრება. თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის თითოეულ ფილიალს დაემატება დაცვის თანამშრომელი.

- 13 წლის გოგონას საქმე ძიებაშია.

- ჩემი ინფორმაციით, დედა არ აქტიურობდა, მოზარდი უფრო მეტად იყო ჩართული ამ საქმეში. ვიცი, რომ 14 წლამდე მოზარდი კანონით არ ისჯება.

თორნიკე ყაჯრიშვილი