"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაფერი უცხოელ ტურისტებზე არ უნდა იყოს გათვლილი" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაფერი უცხოელ ტურისტებზე არ უნდა იყოს გათვლილი"

"თურქეთში საუკეთესო მომსახურებაა და რატომ უნდა გვაჯობოს თურქეთმა ქართველებს ეს ჩემთვის გაუგებარია"

ზაფხული უკვე მიიწურა, თუმცა საქართველოში ზღვისპირა კურორტებს ქართველი თუ უცხოელი დამსვენებლები მაინც სტუმრობენ. დამსვენებლების გარკვეული ნაწილი კურორტებზე მომსახურების ხარისხსა და სისუფთავის შესახებ გამოთქვამს საყვედურს. ამ საკითხთან დაკავშირებით, www.kvirispalitra.ge-ზე გამოკითხვა ჩატარდა, ჩვენ მკითხველს კითხვით მივმართეთ: როგორ შეაფასებთ საქართველოს ზღვისპირა კურორტებზე მომსახურების ხარისხს?

გამოკითხვაში მონაწილეობა 2064-მა ადამიანმა მიიღო. მათგან 2,47% მიიჩნევს, რომ საქართველოს ზღვისპირა კურორტებზე მომსახურების ხარისხი მაღალია, 3,88% მიიჩნევს, რომ მომსახურება საშუალოზე მაღალია, 26,89% მიიჩნევს რომ საშუალოა, 30,91% მიიჩნევს, რომ მომსახურება საშუალოზე დაბალია, ხოლო გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი 35,85% მიიჩნევს, რომ საქართველოს ზღვისპირა კურორტებზე მომსახურების ხარისხი დაბალია.

ჩვენ ამ კითხვით საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მივმართეთ:

ნოდიკო ტატიშვილი, მომღერალი:

„ამ წუთებშიც ზღვაზე ვარ და ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაფერი უცხოელ ტურისტებზე არ უნდა იყოს გათვლილი. უკეთესი იქნება თუ გაითვალისწინებენ საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობას. მესმის, რომ ზაფხულის ეს სამი თვე საკურორტო ბიზნესისთვის უმთავრესი პერიოდია, თუმცა უკეთესი იქნებოდა თუ შედარებით დაბალი ფასები იქნება სხვადასხვა მომსახურებაზე და ქართველ დამსვენებლებსაც ექნებათ საშუალება კარგად დაისვენონ“.

ნინა წკრიალაშვილი, მომღერალი, ტელეწამყვანი:

„საქართველოს ზღვისპირა კურორტების ფასები არ შეესაბამება ხარისხს, საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ უნდა გადაიხადო ამხელა ფული საქართველოში დასვენებაში, როცა იმავე ფასად შესაძლებელია საზღვარგარეთ სხვადასხვა ტურისტული ადგილი უფრო შეღავათიან ფასებში მოინახულო. რაც შეეხება მომსახურების ხარისხს, უკეთესია რაც იყო 10 წლის წინ, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ იდეალურია. ჩემი აზრით, თურქეთში საუკეთესო მომსახურებაა და რატომ უნდა გვაჯობოს თურქეთმა ქართველებს ეს ჩემთვის გაუგებარია“.

კრისტი ყიფშიძე, მოდელი:

"წელს ვისვენებდი გრიგოლეთში და სიმართლე გითხრათ, ზღვისპირა ქალაქებში ცუდ მომსახურებას არ შევუწუხებივარ. მომსახურება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი დაბინძურებული სანაპირო ზოლია. ვფიქრობ, უნდა ჩატარდეს რაიმე სამუშაოები, რომ ეს პრობლემა არ გვაწუხებდეს და ეტაპობრივად მომსახურებაც გამოსწორდება. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმში არის რამდენიმე ადგილი, სადაც საუცხოო მომსახურება და უგემრიელესი კერძებია".

მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გამოკითხვაში და უპასუხეთ ამ კვირის კითხვას:

თქვენი შემოსავლის რა ნაწილი იხარჯება საბანკო კრედიტების დასაფარად?

თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)