"აზდაკი ვიყავი, აზდაკი..." - კვირის პალიტრა

"აზდაკი ვიყავი, აზდაკი..."

15 წლის "კვირის პალიტრა" უამრავ გზავნილს იღებს ერთგული მკითხველებისგან. ისინი თავიანთ შეხედულებებზე, გასაჭირსა თუ სიხარულზე გვიამბობენ, სურვილებს გვიზიარებენ, - გვთხოვენ, ხელახლა დავბეჭდოთ გაზეთში გამოქვეყნებული ესა თუ ის წერილი. ამიტომაც ვთავაზობთ მკითხველს რუბრიკას "პალიტრა" - რჩეული. ეს მართლაც გამორჩული სტატიებია გაზეთის მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი პუბლიკაციებიდან.

რუბრიკა კიდევ ერთხელ შეგვახვედრებს თვალსაჩინო მოღვაწეებთან და კოლორიტულ ადამიანებთან, რომელთაც სიყვარული და პატივისცემა მოიპოვეს საზოგადოებაში.

გასულ კვირას სოფიკო ჭიაურელს 73 წელი შეუსრულდებოდა.  სწორედ ამიტომ, ამჯერად ამ დიდი ქალბატონის შესახებ "კვირის პალიტრაში" 2002 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

ერთი მსახიობის თეატრში მწერალ რეზო კლდიაშვილის შესანიშნავი პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში "მარტოობის ბინადარი" მხოლოდ ერთი მსახიობი -  სოფიკო ჭიაურელი თამაშობს. ალბათ გახსოვთ ფილმი "წუთისოფელი", რომელშიც იგი განასახიერებს 17 წლის გოგონას და ხნიერ მანდილოსანსაც. მაშინ ქალბატონი სოფიკო 25 წლის იყო... "მარტოობის ბინადარში" მსახიობი ისევ 17-დან 70 წლამდე ასაკის მანდილოსანს თამაშობს და "პატარა გოგო" მაყურებლის თვალწინ სცენაზე ბერდება... მაყურებელთა უმრავლესობა ჩუმად, მძიმედ, ემოციით დატვირთული და რაღაც განუსაზღვრელ, ოღონდ დიდთან ნაზიარები ტოვებს ციცქნა თეატრს.

ძალაუნებურად გახსენდება შედარებით ძველი სპექტაკლი, "დედა-დედოფალი", რომელშიც ქალბატონი სოფიკო შესანიშნავ პარტნიორთან მურმან ჯინორიასთან ერთად თამაშობს. უპრიანი იქნება ხელოვნებათმცოდნე ნანა ქავთარაძის მიერ სოფიკო ჭიაურელისადმი მიწერილი წერილის ფრაგმენტი შემოგთავაზოთ, სადაც ავტორი საინტერესო პარალელს ავლებს იტალიელი დრამატურგის პერსონაჟსა და ქართველ ოთარაანთ ქვრივს შორის:

"... დედა-დედოფალი და ოთარაანთ ქვრივი მკვეთრად გამიჯნული, შეუთავსებელი სახეებია...

ჩვენს არეულ და შეშლილ სამყაროში ოთარაანთ ქვრივის ხაზი მაინც გრძელდება.  დედაშვილობის ჭიდილი თურმე ყველა დროისა და ქვეყნის სატკივარი ყოფილა. იტალიელი დრამატურგის პიესაც სწორედ ამგვარი ჭიდილის სასტიკ შედეგს გვახსენებს. ვაი, რომ იგი ასე დაუნდობლად მოეძალა ქართულ სინამდვილეს..."

ისე მოხდა, რომ ქალბატონ სოფიკოსთან საუბარი სწორედ დედაშვილობის მარადიული თემით დავიწყეთ...

- ქალბატონო სოფიკო, თუ გიფიქრიათ ქართველი და უცხოელი მშობლებისა და შვილების ურთიერთობის განმასხვავებელ ნიშნებზე.

- ძალიან დიდი განსხვავებაა. ბევრი უცხოელი მეგობარი მყავს, ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი შვილების მათი აღზრდის მეთოდით. 1960 წელს კინემატოგრაფისტთა ჯგუფთან ერთად უცხოეთში ვმოგზაურობდი. მარსელში გემზე ამოვიდა სიმპათიური ამერიკელი მამაკაცი ორ, 2 და 5 წლის ვაჟთან ერთად. ჩემი ბიჭებიც მათი ხნისანი იყვნენ მაშინ. გაოცებას ვერ ვფარავდი მამისა და შვილების საქციელის გამო. კაცს მესამე შვილის მომლოდინე ფეხმძიმე მეუღლისათვის გამოერიდებინა პატარები და მათთან ერთად მოგზაურობდა.

ისინი კი ჯენტლმენებივით იქცეოდნენ, თავად სადილობდნენ, დანა-ჩანგალს შესანიშნავად ხმარობდნენ და მადლობის თქმაც არ ავიწყდებოდათ. მამა კი გაზეთებს ათვალიერებდა და ლამის ზედაც არ უყურებდა ბავშვებს. მათ შემხედვარეს ჩემი ბიჭები მახსენდებოდა და ვფიქრობდი: აი, ჩავალ ახლა და დაიწყება საჭმლით დევნა. აბა, დედიკო, გააღე პირი... აი, აი, ჩიტი მიფრინავს და ათასი სისულელე.

- რა ჰქენით მერე, შეცვალეთ მეთოდი?

- თქვენ წარმოიდგინეთ, ვეცადე. იცით, ჩვენთან ასე ვინ ზრდიდა შვილებს? ლანა ღოღობერიძე. სულ ვსაყვედურობდი, მაგრამ მერე მივხვდი, რა სწორად იქცეოდა. ბავშვები დამოუკიდებლები, ლაღები გაიზარდნენ და კარგი ადამიანები დადგნენ. ისინი რომ ზღვაში შევარდებოდნენ, დედ-მამა მათკენ არც კი იყურებოდა, მე კი, ჩემი ვაჟები როდის-როდის შევუშვი წყალში და მაშინაც გული მისკდებოდა, არ დაიხრჩონ-მეთქი. საშინელებაა ჩვენი მიდგომა, აქ 20 წლის კაცი და ქალიც კი ბავშვია. ჩვენ კი მარადიულად დედიკოები და მამიკოები ვართ.

- ერთ ინტერვიუში გითქვამთ, ბავშვობაში სკოლაში ქურდად ვიჯექიო.

- ეს ფრაზა არ მითქვამს. სკოლაში ჩხუბისთავი ვიყავი, საქმეებს ვარჩევდი და დაჩაგრულებს ვიცავდი. ქალთა სკოლაში ვსწავლობდი. აზდაკი ვიყავი, აზდაკი, რომელსაც რამაზ ჩხიკვაძე თამაშობს, თურმე ამას ქურდად ჯდომა რქმევია. არ მახსოვს, ჩემ გამო ცუდი რამ მომხდარიყო, საქმე გაერჩიოთ და მე გავემტყუნებინე ვინმეს.

- ისიც არაერთხელ გითქვამთ, რომ სწავლა არ გიყვარდათ. ასეთმა დაუდგრომელმა ინსტიტუტი წითელ დიპლომზე როგორ დაამთავრეთ?

- პირველ კურსზე ყოფნისას ნიკუშა ორი წლისა მყავდა. ძალიან კი გამიჭირდა, მაგრამ უდიდესი სიამოვნებით ვსწავლობდი. ბავშვთან ხან მე ვრჩებოდი, ხან გიორგი. საშინელება იყო, რომ დამხმარე არავინ გვყავდა. მაინც უდიდესი სიამოვნებით ვიგონებ მოსკოვურ პერიოდს.

- დედათქვენს, ქალბატონ ვერიკოს, მგონი, თქვენი თეატრში მოწყობის იმედიც არ ჰქონდა.

- მაშინ მამა უკვე გადასახლებული იყო სვერდლოვსკში - სასჯელს იხდიდა სტალინის სიყვარულის გამო. დედას რომ ვუთხარი, მოსკოვში მივდივარ სასწავლებლად-მეთქი, კინაღამ გაგიჟდა. იქ მარტოს გაგიჭირდება, თანაც მამაშენის სახელი ინსტიტუტში ჩარიცხვაში ხელს შეგიშლისო. ეგონა, ერთ თვეში უკან დავბრუნდებოდი.

- თქვენ კი წარმატებით ჩააბარეთ გამოცდები?

- მისაღებ გამოცდაზე "ბაბაჯანას ქოშებს" ვკითხულობდი. მახსოვს, სიცილისგან გულწასული მთელი კომისია კინაღამ სკამიდან გადმოვარდა. ქართულად რომ წავიკითხე, რუსულად მთხოვეს თარგმნა. ასე მოვხვდი კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში. ძალიან ხელმოკლედ ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ სტიპენდია გვქონდა, მაინც გვიჭირდა. მამა სვერდლოვსკიდან ფულს რომ გამომიგზავნიდა, ყველა ჩემი კურსელი ზეიმობდა. ერთი კვირის საჭმელზე გვყოფნიდა.

დღემდე მახსოვს ჩვენი ბუფეტი, უფასო ჩაი და მდოგვგადასმული და მარილმოყრილი შავი პური. კუჭის წყლული გამიჩნდა. ნანა მჭედლიძის ფილმის "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება" გადაღებისას ტკივილებით ვიკრუნჩხებოდი, მაგრამ მერე მზესუმზირის ჭამით მოვირჩინე წყლული, გამუდმებით ვჭამდი და ეტყობა, მზესუმზირის ზეთმა თავისი გაიტანა.

- ქალბატონო სოფიკო, თქვენ კინტაურის საუკეთესო შემსრულებლად ხართ აღიარებული. სად ისწავლეთ?

- ჩემი ცეკვა შემთხვევით შემორჩა ეკრანს. რობიკო სტურუამ დადგა სპექტაკლი "ხანუმა", ჩამაცივდა, კინტაური უნდა იცეკვოო. ამ ამბიდან სულ მალე სუხიშვილების ანსამბლის საიუბილეო კონცერტზე მუშაობა დაიწყო არჩილ ჩხარტიშვილმა, მერე ის გადამეკიდა, გინდა თუ არა ანსამბლთან ერთად უნდა იცეკვოო. ჩემი მხრიდან კადნიერებად ჩავთვალე ამის გაკეთება. არჩილმა გამოსავალი მოძებნა - ჩემი ცეკვა ფირზე გადაიღო და კონცერტის დროს დოლის ფორმის ეკრანზე უჩვენეს.

- სუხიშვილების ანსამბლში მიწვევა არ გქონდათ?

- დეიდა ნინო დედაჩემთან მეგობრობდა. მითხრა - ანსამბლში მოდი, სულ მალე ამერიკაში მივდივართ 3 თვით და შენც წამოხვალო. მაშინ ამერიკაში 3 თვით კი არა 3 დღით წასვლაზეც კი ვერ იოცნებებდი. მივედი ანსამბლში. მთიულურს ვცეკვავდი. მაგრამ რა... ანსამბლის გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე უარი მითხრა "კაგებემ", მამაჩემის შვილი ამერიკაში არ გაუშვეს.  გული დამწყდა, მაგრამ ამერიკაში რომ წავსულიყავი, ალბათ სხვა გზით წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება. იმ ამბიდან სულ მალე, შოთა მანაგაძემ "ხევსურულ ბალადაში" მიმიწვია, სერგო ფარაჯანოვმა კი "საიათნოვა" გადაიღო.

- "ხევსურულ ბალადაში" თვითონ მღერით?

- სიმღერის ჩაწერაზე რომ მიდგა საქმე, მე თბილისში არ ვიყავი. სიმღერა ჩაწერეს. ბატონ შოთას არ მოსწონდა. ამიტომაც, რომ დავბრუნდი, უკვე გამზადებული ფილმისთვის თავიდან ცალკე ჩამაწერინა სიმღერა. კარგად მახსოვს ფილმის გადაღების პროცესი და შესანიშნავი შემოქმედებითი გუნდი, ჩემი ნათლია თენგიზ არჩვაძე. 1974 წელს, მამა რომ გარდაიცვალა, მაშინ მომნათლა თენგიზმა. შოთა მანაგაძემ ჩემს კინოცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. "წუთისოფლის" სცენარი რომ წამაკითხა, უარი ვუთხარი, მე 25 წლისა 17 და 70 წლის ქალს როგორ ვითამაშებ-მეთქი, მაგრამ... ამ როლმა ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ესპანეთში მომიტანა პრიზი, "ხევსურულმა ბალადამ" შვეიცარიაში და ა.შ.

- თქვენი თეატრისათვის ახალი შენობის აგება გქონდათ განზრახული...

- ხელგაწვდილი დავდივართ ფულისთვის. ორი მეზობელი დაგვრჩა დასაკმაყოფილებელი, თუ დავაკმაყოფილეთ, ხომ კარგი, თუ არა და, განსხვავებული კონსტრუქციით ავაშენებთ თეატრს, რომელიც საქართველოს დარჩება. ისე, სულ მეშინია, რომ ის აურა, რომელიც ამ დარბაზშია, იქ აღარ იქნება. სიყვარულით, სითბოთი სავსე გარემოს გაქრობისა მეშინია.

- ბატონ კოტეს უცნაურად სცოდნია სიყვარულის გამოხატვა.

- ჰო, სიურპრიზებით, მათი უმრავლესობა, ჩოჩორი, ფარშავანგი, ზღარბი და სხვა, დიდი ხანია ზოოპარკის ბინადრები გახდნენ. ერთხელ მიწიდან ამოთხრილი, აყვავებული ბროწეულის ბუჩქებიც კი დამახვედრა კართან. რომელი ერთი გავიხსენო...

- როლს-როისში არ უჯდებით თურმე ბატონ კოტეს, საჩუქარს უწუნებთ?

- არა, რას ამბობთ. ვფიქრობ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ როლს-როისი საჩუქარია, მაინც მგონია, რომ მისი გამოჩენა ამ არეულ დროში გაღიზიანებას იწვევს, თორემ მამასაც აჩუქეს კრაისლერი ომის შემდეგ ბერლინში, როცა ფილმი "ბერლინის დაცემა" გადაიღო. კარგა ხანს გვყავდა კრაისლერი. მერე მამა მოსკოვში იყო საქმეზე, დედას ვალები ჰქონდა, ამიტომაც მანქანა გაყიდა და მამას "პობედა" დაახვედრა, მერე ისიც გაყიდა და "მოსკვიჩი" დაახვედრა. მამა ხუმრობდა, ერთ მშვენიერ დღეს შინ მოტოციკლით დამხვდებიო.

- ბოლოს "მარტოობის ბინადარზე" მინდა გკითხოთ...

- ეკა - ჩემი პერსონაჟი, დღევანდელი ქართველი ინტელიგენტია, გაუბედურებული და განადგურებული. ამიტომაც აქვს ალბათ მაყურებელს ასეთი მძაფრი განცდა, რომ თეატრშიც რეალობის წინაშე დგება...