"სამინისტროდან მოსული წერილი რომ წავიკითხე, გული კინაღამ გამისკდა" - კვირის პალიტრა

"სამინისტროდან მოსული წერილი რომ წავიკითხე, გული კინაღამ გამისკდა"

"ძვირფასო რედაქცია, მოგმართავთ შვილმკვდარი დედები. ჩვენი შვილები რუსეთის წინააღმდეგ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ.

აგვისტოს ომში მარჩენალის დაკარგვის გამო, პენსიის დანიშვნის თხოვნით ხელისუფლებას მივმართეთ. პარლამენტში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიტანეთ განცხადებები.

საოცარი "თანაგრძნობა" მივიღეთ მთავრობისგან, პენსიის დანიშვნის სანაცვლოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მოგვწერეს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოსული თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ" კანონის მიხედვით, სახელმწიფო დახმარების უფლება აქვს მხოლოდ მარტოხელა, შრომისუუნარო მშობელს ან მას, ვისაც აგვისტოს ომში ორი ან მეტი შვილი დაეუღუპაო.(?!) რა არის ეს, დაცინვა თუ ჩვენი შვილების აბუჩად აგდება? რას ეუბნებიან გამწარებულ დედებს? რას ნიშნავს ყოველივე? ჩვენ დაგვცინიან თუ ჩვენს დაღუპულ შვილებს?"

დაგვეთანხმეთ, ძნელია თვალი გაუსწორო სიმწრისაგან ტუჩებმოკუმულ დედას, რომელსაც, შვილის დაკარგვით გამოწვეული უბედურება არ აკმარეს და მიახალეს, პენსიას მაშინ მოგცემდით, შვილები რომ ამოგწყვეტოდათო.

KvirisPalitra.Geნატო სალუქვაძე, დაღუპული ზვიად ჩიჩუას დედა:

- ვერც კი წარმოიდგენთ, რა მტკივნეული იყო ჩემთვის სამინისტროდან მოსული წერილის წაკითხვა. ამ აბდაუბდა წერილში, საიდანაც წესიერ აზრსაც ვერ გამოიტან კაცი, ხელისუფლება მკაფიოდ მხოლოდ ერთ რამეს გეუბნება - პენსიას იმ შემთხვევაში დაგინიშნავდით, თქვენთვის ორი ან მეტი შვილი რომ მოეკლათო(?!),

შვილის დაღუპვაზე უფრო  დიდი ტრაგედია რაღა უნდა დაგვატყდეს, მაგრამ ამ წერილმა სულ მოგვიღო ბოლო - რა სინდისით გვეუბნებიან, 55 ლარს მაშინ მოგცემდით, ორი ან მეტი შვილი რომ დაგღუპვოდათ ომშიო. ჩემი შვილი 2007 წლიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდიდა. ფოთის პორტში იყო განაწილებული დაცვაში. იმ ავადსახსენებელ 8 აგვისტოს მორიგე იყო. 21 წლის იყო, 3 თვეში უნდა გათავისუფლებულიყო სავალდებულო სამსახურიდან...  დედის გული ხომ იცით, წინასწარ გრძნობს შვილის უბედურებას.

დილიდან ცუდს მეუბნებოდა გული, შინ ვეღარ მოვისვენე და ბაზაზე მივაკითხე. ვთხოვე, შინ წამოსულიყო. გადაირია, - ჩემი სამსახური შენ თამაში ხომ არ გგონიაო?! ვუთხარი: დედი, შენ რომ რამე მოგივიდეს, მე რა მეშველება-მეთქი?! დამამშვიდა:

ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, შინ წადი, ისე, 2 ლარს თუ დამიტოვებ, კარგი იქნება, მშიაო... ის 2 ლარიც სისხლიანი მომიტანეს უკან; ჭამაც ვერ მოასწრო.

მაინტერესებს, ასეთ განადგურებულ ადამიანებს ხელისუფლება როდისღა უნდა დაუდგეს გვერდით? მე არაფერი მინდა, ჩემს სიცოცხლეს აზრიც  არა აქვს, მაგრამ დანარჩენ შვილებს რა ვუყო? 3 ბიჭი კიდევ მყავს, ჯერ კიდევ არასრულწლოვნები არიან და მათ ვჭირდები.

თავად მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, საწარმოო ტრავმა მაქვს მიღებული: ჩაის ფაბრიკაში ვმუშაობდი, ხელი მანქანაში მომყვა, ძლივს გადავრჩი. პენსია ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დამინიშნეს.

ჩემი მეუღლე უმუშევარია, ორივე ხელი საოპერაციო აქვს - სანტექნიკოსი იყო და მუშაობის დროს დაუზიანდა. ზვიადს  70 ლარი ჰქონდა ხელფასი, ის ხომ საკონტრაქტო სამსახურში არ იყო - სავალდებულო სამსახურს იხდიდა. მერე კი აპირებდა ჯარში მუშაობის გაგრძელებას. ძალიან ბევრი გეგმა ჰქონდა. სახლის მოწყობა და ოჯახის შექმნა უნდოდა, ძმებსაც ჰპირდებოდა დახმარებას... ხშირად გვეუბნებოდა, - ცოტაც მოითმინეთ და მერე არაფერს გაგიჭირვებთო.

ეს წერილი რომ მივიღე სამინისტროდან, დავიფიცე, რაც უნდა მოხდეს, დარჩენილი 3 ბიჭიდან ომში არც ერთს არ გავუშვებ-მეთქი. ბიჭები კი ამბობენ, წავალთო, მაგრამ მე მაგათ ცოცხალი თავით აღარ გავუშვებ; დღეს საქართველოში მეომარი კაცი ძალიან დაუფასებელია, მის სიცოცხლეს ფასი არა აქვს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წინასწარ იცოდნენ, ფოთი რომ დაიბომბებოდა; ძვირად ღირებულ ავტომობილებში ჩასხდნენ და თურქეთის საზღვრებს მიაწყდნენ, ჩვენი შვილები კი მტერს საზარბაზნე ხორცად დაუტოვეს. ჩემი შვილის ძმაკაცმა (რომლის სახელსაც ვერ გავამხელ) ცხინვალიდან დაგვირეკა და გვითხრა, რომ 8 საათისთვის ფოთი დაიბომბებოდა.

KvirisPalitra.Geეთერ ფიჩხაია, თემურ ფიჩხაიას დედა:

- ჩემს ბიჭს ოთხწლიან კონტრაქტზე ჰქონდა ხელი მოწერილი და მხოლოდ 4 თვე იმსახურა. 24 წლის იყო... სამხედრო სავალდებულო სამსახური დაამთავრა თუ არა, მაშინვე საკონტრაქტო სამსახურში დაიწყო მუშაობა. ინგლისურს სწავლობდა, სამომავლოდ ათასნაირ გეგმას აწყობდა, თავის დასაც ჰპირდებოდა სწავლის ფულის გადახდას.

ის ჩვენი ერთადერთი მარჩენალი იყო. არც კი ვიცი, ცოცხალი როგორ ვარ, ასეთი  შვილის დამკარგავი. ჩემი მეუღლე 62 წლის არის, დღევანდელი მინისტრები იმას ამბობენ: 40 წლის კაცი კი არა, ხე არ გვინდა ეზოშიო. აბა, ჩემს ქმარს ვინ გააჩერებდა სამსახურში?! მე 52 წლის ვარ.

იმედი მქონდა, ჩემს გაჭირვებას გაიზიარებდნენ და იმდენ პენსიას მაინც დამინიშნავდნენ, რომ დაღუპული შვილის საფლავისთვის მოგვევლო...

აგვისტოს ომი ახალი დამთავრებული რომ იყო, ჩემს სახლში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოდიოდნენ და რას აღარ მპირდებოდნენ. ახლა დახმარებას ვინ ჩივის, ფოთის სოციალურმა სამსახურმა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა პროგრამიდანაც ამომაგდო.

ცხრაჯერ მივედი მერიაში აღსადგენად, მაგრამ უკან გამომიშვეს; სამინისტროდან მოსულმა წერილმა საბოლოოდ მომითავა ხელი.

ძაძებში ჩაცმულ, ომში დაღუპული მეომრის დედას რა სინდისით ეუბნებიან, - მეორე შვილიც უნდა მოგკვდომოდა, პენსია რომ მოგვეცაო(?!) ფულსა და პენსიის დანიშვნაზეც აღარ არის საუბარი, ასე შეურაცხყოფილად არასოდეს მიგრძნია თავი...

KvirisPalitra.Geმთვარისა ბარბაქაძე, დაღუპული ზვიად ბარბაქაძის დედა:

ჩემი ბიჭი 22 წლის იყო. სამხედრო ფლოტში კონტრაქტორად მსახურობდა. 8 აგვისტოს მძიმედ დაიჭრა - 14 აგვისტომდე  იცოცხლა. თავისი ხელით ჩაულაგებია მუცელში ნაწლავები, საავადმყოფოშიც თავისი ფეხით მისულა...

სამწუხაროდ, ვეღარაფერი უშველეს. ეროვნებით ოსი, გვარად კუსაევი ვარ. როდესაც ფოთი იბომბებოდა, ჩემებთან, ცხინვალში ვრეკავდი - ბიძაშვილ-მამიდაშვილების ამბავი მაინტერესებდა. რა ვიცოდი, რომ ასეთი საშინელება მელოდა?!

ჩემს ბიჭს ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. ახლა მას პატარა ლიზიკო ჰყავს და 33-ლარიან პენსიას აძლევენ. კიდევ კარგი, ჩემი მეუღლე მუშაობს და სხვა დანარჩენებივით არ გვიჭირს. როდესაც სამინისტროდან მოსული წერილი წავიკითხე, გული კინაღამ გამისკდა.

ალბათ, მაგის დამწერს არც შვილის და არც ქვეყნის სიყვარულზე წარმოდგენაც კი არა აქვს, თორემ გამწარებულ დედებს როგორ ეტყოდა ორი შვილი რომ გყავდეს მოკლული, მაშინ მოგცემდით თითოზე 55-55 ლარსო. ერთი ბიჭი კიდევ მყავს, აგვისტოს ომში ისიც მონაწილეობდა, რეზერვისტი იყო და ისიც ძლივს გადაურჩა სიკვდილს.

ფოთის პირველ დაბომბვას 12 ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა. ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვეთ, ჩვენი ქუჩებისთვის ამ ბიჭების სახელები დაერქმიათ, მაგრამ ესეც არ იღეს ყურად, პასუხიც არ გვაღირსეს. მე მზარელუას ქუჩაზე ვცხოვრობ და ისიც არ ვიცი, ვინ იყო ეს კაცი;

ეთერ ფიჩხაია: მე მთლად სასწაული მჭირს - მოსკოვის ქუჩაზე ვცხოვრობ!..

წერილი, რომლითაც ასე გულმოკლულნი არიან ქართველი მეომრების დედები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არის გაგზავნილი და ხელს სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის უფროსი  ჯაფოშვილი აწერს. თუმცა სოციალური მომსახურების სააგენტო მხოლოდ კანონის შემსრულებელია, რომელიც პარლამენტმა მიიღო. სააგენტოდან სწორედ ასეთი პასუხი მივიღეთ - ჩვენ მხოლოდ კანონის შემსრულებლები ვართო.

შევეცადეთ გაგვერკვია, ვინ იყო ამ კანონპროექტის ინიციატორი  და პარლამენტს მივმართეთ. როგორც პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში გვითხრეს, კანონპროექტი პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ხელმოწერით შესულა... რა მოსაზრებით მისცეს პარლამენტარებმა ხმა ამ კანონპროექტს, ძნელი სათქმელია.

სიმართლე კი ის არის, რომ საკანონმდებლო ორგანოში პატივცემული პარლამენტარები საკანონმდებლო საქმიანობით ნაკლებად არიან დაკავებულნი (რა თქმა უნდა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა), პირადად რამდენჯერმე შევამოწმე ჩვენი პარლამენტარების საკანონმდებლო მუშაობის სტილი და მორიგი კანონის მიღების შემდეგ დარბაზიდან გამოსულებს ვკითხე, რა კანონს მიეცით ხმა-მეთქი. უბედურება ის არის, რომ 10 პარლამენტარიდან 9 აზრზეც არ იყო, რა კანონს მისცა ხმა.

P.S. იქნებ ახლა მაინც წაიკითხონ პარლამენტარებმა, რა კანონს მისცეს ხმა, იქნებ ახლა მაინც მიაგონ პატივი იმ ხალხს, ვინც სამშობლოსა და მათივე კეთილდღეობისთვის გაწირა თავი! იქნებ ახლა მაინც უთხრან ძაძებში შემოსილ დედებს მადლობა ასეთი ვაჟკაცების გაზრდისთვის!

"თუმცა ომის მიზანი მშვიდობაა, ის მაინც უდავო ბოროტებაა"

ლაოძი