"მაესტროზე" ლენტი გაიჭრა - კვირის პალიტრა

"მაესტროზე" ლენტი გაიჭრა

"ჩემს არხზე დავბრუნდი"

"თემების ნაკლებობა არ გვემუქრება, ვეცდებით, არ მოგაწყინოთ!"

მართალია, "მაესტროს" მთელი საქართველო ვერ უყურებს, მაგრამ  ვასიკო ოდიშვილმა ეს ტელევიზია  "რუსთავი 2"-ს მაინც ამჯობინა. მას დილის გადაცემის დატოვება მოუხდა და განახლებულ "მაესტროზე" ახალი, სატირულ-იუმორისტული გადაცემის - "ყოველდღიური ამბები  ვასიკო ოდიშვილისგან" წამყვანი გახდა.

ასე რომ, რასაც "ნაციონალური არხების" საინფორმაციო გამოშვებები ყოველდღიურად გადმოსცემენ, ვასიკოს შოუში ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 23:00 საათზე გაშარჟებულ ვარიანტს იხილავთ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტერმინი "ნაციონალური არხები" ვასიკოს მაინცდამაინც არ მოსწონს და ყველას (როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს) ნატიფ, ხალას იუმორს ჰპირდება.

ვასიკო ოდიშვილი: - "მაესტროში" დაბრუნება ნამდვილად არ იყო რთული გადასაწყვეტი, იმიტომ, რომ მაესტროელი ვარ და კვლავ ჩემს არხზე ვმუშაობ. ახლახან დავტოვე "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემა და "მაგთის" გათამაშებაც დავასრულე.

"დილის" პროგრამაში დაახლოებით 4 წელი ვიყავი. საკმაოდ საინტერესოა ჩემთვის "მაესტროზე" სატირულ-იუმორისტული  საინფორმაციო გადაცემის წაყვანა. ჩვენ ვხუმრობთ იმაზე, რაც საქართველოში ხდება, ოღონდ ვცდილობთ, იუმორი ნატიფი და დახვეწილი იყოს.

- პირველ გადაცემაში თქვენ ხელისუფლების "ზოგიერთი წარმომადგენლის" პროტოტიპი იყავით, ლენტს ჭრიდით და ისე შედიოდით სახლში...

- დიახ, ეს წინასაარჩევნოდ მომზადებული სიუჟეტი იყო... მეორე გადაცემა განსხვავებული გამოვიდა, მასში ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი სატირული დამოკიდებულება იგრძნობოდა. ვეცდები, გადაცემები ერთმანეთს არ ჰგავდეს.

- გაგიჭირდებათ...

- რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ასეთი შოუს მომზადება საკმაოდ რთულია, მაგრამ ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია.

- ნებისმიერი იუმორისტული გადაცემა თავიდან დიდ ინტერესს იწვევს, გარკვეული დროის შემდეგ კი მოსაწყენი ხდება. ამას თავიდან როგორ აიცილებთ?

- ძალას არ დავიშურებთ, ვიმუშავებთ და ვეცდებით, გადაცემა არავის მოსწყინდეს.

- თქვენ  ხომ "ნაციონალური არხების" საინფორმაციო გამოშვებების თემებს აშარჟებთ, რომლებიც მეტად ერთფეროვანია. ამის გამო მასალა ხომ არ შემოგაკლდებათ?

- ჩვენ დავინტერესდებით არა მარტო ტელევიზიის, არამედ რადიოსა და ბეჭდური მედიის თემატიკითაც. ჩვენთვის საინტერესო იქნება ყველაფერი - ღია ეთერში გასული თუ კადრს მიღმა დარჩენილი მასალა. საბედნიეროდ, "მაესტროს" კამერაც ჩართულია, კარგი საინფორმაციო სამსახურიც გვაქვს და თემების ნაკლებობა არ გვემუქრება.