რატომ დააკავეს ლიბიაში თურქული გემი, რომლის ეკიპაჟის 3 წევრი ქართველია? - კვირის პალიტრა

რატომ დააკავეს ლიბიაში თურქული გემი, რომლის ეკიპაჟის 3 წევრი ქართველია?

ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ქართული მხარისთვის ცნობილი გუშინ გვიან საღამოს გახდა.

დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველია, მათ შორის გემის კაპიტანიც. დაკავება სავარაუდოდ, არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობას უკავშირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძემ განუცხადა, გემზე ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა, საიდანაც სამი ქართველია, მათ შორის გემის კაპიტანიც.

"ეკიპაჟის წევრები დაკავებულები არიან და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მიმდინარეობს წინასასამართლო მოკვლევა. დაკავება, სავარაუდოდ, გემის ტვირთს უკავშირდება - არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობას. თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტროც და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება", - განაცხადა ახალაძემ.

მისივე ინფორმაციით, რაიმე სახის უარყოფითი ინფორმაცია დაკავებული მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არ აქვთ.

"ახლა მიმდინარეობს პროცესი, ძალიან რთულია ლიბიაში რაიმეს გარკვევა და დაზუსტება, მაგრამ ყველა უწყება ჩართულია და საერთშაორისო დონეზე ვცდილობთ ინფორმაციის დაზუსტებას", _ განაცხადა ახალაძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბიაში დაკავებული გემის ეკიპაჟის ქართველ წევრებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოკვლევა მიმდინარეობს. უწყებაში არ აკონკრეტებენ ვინ არის ჩართული ინფორმაციის მოკვლევის პროცესში.

"ინტერპრესნიუსი"