ლუბამ კარიერას თავი დაანება და იპოლიტეს მიუძღვნა მთელი სიცოცხლე - შეხმატკბილებული ცოლ-ქმარი - კვირის პალიტრა

ლუბამ კარიერას თავი დაანება და იპოლიტეს მიუძღვნა მთელი სიცოცხლე - შეხმატკბილებული ცოლ-ქმარი

1910 წლის 31 დეკემბერს, საშინელ თოვასა და ყინვაში, იმ დროს, როცა წუთი-წუთზე ახალი წელი უნდა შემობრძანებულიყო, ხონთან ახლოს, სულ რაღაც სამ კილომეტრში, სოფელ კონტუათში, ალექსანდრე ყვინჩიას სახლში გაჩნდა მეექვსე შვილი, ვაჟი - ქართული თეატრისა და კინოს მომავალი კომიკოსი იპოლიტე ყვინჩია. გავა დრო და მისი გვარი ჟღერადობას შეიცვლის. ხონის, მერე კი ტყიბულის თეატრის შემდეგ იპოლიტე ქუთაისში მიდის. ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დოდო ანთაძე დახვდება. მას უკვე გაგონილი აქვს იპოლიტეს ნიჭის შესახებ და ინტერესით ელოდება ახალ მსახიობს.

ფოტოგალერეა

- მე იპოლიტე ვარ, ყვინჩია! - წარუდგა რეჟისორს იპოლიტე.

- ააა, ყვინჩია, არა? ყურს ცუდად ხვდება "ყ" და რა მოხდება, "ხ"-თი რომ შევცვალოთ, - შესთავაზა ანთაძემ.

- არც არაფერი, - მიუგო მსახიობმა, - ორივე ერთი ოხერია.

ასე გახდა ყვინჩია ხვიჩია და სულ მალე ქუთაისის თეატრის სალაროსთან რიგები დადგა იმ სპექტაკლებზე დასასწრებად, რომელშიც ის თამაშობდა.

მას ყველა უბადლო კომიკოსს უწოდებდა, თავად იპოლიტე კი ამბობდა: მე, ტრაგედიისთვის დაბადებული კაცი, კომედიაში ვიღუპებიო. არადა, ყველა აღიარებდა, რომ ის უდიდესი კომიკოსი და სიცილის დიდოსტატი იყო.

კანის კინოფესტივალზე, როცა "ბურთი და მოედანი" აჩვენეს, რეზო ჩხეიძის გვერდით მჯდარა დიდი ჟან გაბენი. რამდენიმე წუთის შემდეგ აღფრთოვანებულმა გაბენმა ჩხეიძეს გადაულაპარაკა, ეს რა გენიოსი გყოლიათო.

ის მართლაც გენიოსი იყო,

რომელსაც შეეძლო მაყურებლის ჰომერული ხარხარი გამოეწვია.

მისი განუყოფელი ნაწილი,

იპოლიტეს მეორე ნახევარი მსახიობი ლუბა ქარქაშაძე (მერჯანიძე) გახლდათ. მათ ერთმანეთი ქუთაისის თეატრში გაიცნეს. ლუბას მაშინ ქმარიც ჰყავდა და ქალიშვილიც, მაგრამ მათ შორის ისეთი გრძნობა გაჩნდა, რომელიც ადამიანს მოვალეობის ჩარჩოსგან ათავისუფლებს... ლუბა და იპოლიტე შეუღლდნენ. იპოლიტემ ისე შეიყვარა ლუბას შვილი, ნუნუ, როგორც საკუთარი. ლუბამ სამსახიობო კარიერას თავი დაანება და იპოლიტეს მიუძღვნა მთელი სიცოცხლე. ისინი ყველგან ერთად იყვნენ. დედისერთა ნუნუმ ხუთი შვილი გააჩინა. იპოლიტეს მათზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. ყოველი ფილმის გადაღებისას მთელი ოჯახი სრული შემადგენლობით თან ახლდა იპოლიტეს. ლეგენდები გაჩნდა ამ ცოლ-ქმრის სიყვარულზე. ბაკაბუკით იცოდა სიარული ხვიჩიამ, რის გამოც ლუბა სიყვარულით ბაკუნას ეძახდა, ცოლს კი იპოლიტემ "ხაჭაპუროვნა" შეარქვა. მართლაც უგემრიელეს ხაჭაპურებს აცხობდა ლუბა და მისი დიასახლისობით ყველგან ამაყობდა მსახიობი.

ერთხელ, როცა დასრულდა ფილმის "არ დაიდარდო" გადაღება, იპოლიტემ მთელი გადამღები ჯგუფი დაპატიჟა. მართალია, ეროსი იქ არ თამაშობდა, მაგრამ იპოლიტეს ისე უყვარდა, მის გარეშე სუფრას არ შლიდა... და აი, ლხინი ზენიტშია, სტუმრებმა ლამის ჭერი ახადონ სიმღერით, ლექსითა და ცეკვით და ამ დროს ეროსი მრავალმნიშვნელოვნად აცხადებს: "რა არის, იპოლიტე, ამისთვის დაგვპატიჟე?"- და ღიმილით გადახედავს სუფრას. იპოლიტე უმალ ბრძანებას გასცემს: "ხაჭაპუროვნა, დაამატე ახალი კერძი, აბა, ჰე, არ შევრცხვეთ სტუმრებთან". ლუბასაც მოაქვს ნაირ-ნაირი კერძი. ეროსი ცოტა ხნის შემდეგ კვლავ გამოთქვამს "უკმაყოფილებას": "სულ ესაა, იპოლიტე?" კვლავ ჭექავს ხვიჩია: "აბა, ხაჭაპუროვნა, მწვადი შემოიტანე"... და როცა მესამედ თქვა ეროსმა, ამით ვერ გამაკვირვებო, გამწარებულმა იპოლიტემ იყვირა: "ცოლო, დაკალი სიდედრი". რახან სიდედრი ვახსენეთ, აქვე უნდა გიამბოთ ერთი ეპიზოდიც... სწორედ იმ გახმაურებულ "ბურთსა და მოედანს" იღებდნენ, მაგრამ ისეთი ტრუსი ვერ ნახეს, რომელიც მთავარი გმირისთვის ზედგამოჭრილი იქნებოდა. რაღაც ისეთი უნდა ყოფილიყო, თვალში საცემი და სასაცილო... გადაღებიდან შინ დაბრუნებულ იპოლიტეს თვალში მოხვდა მათ აივანზე ბაირაღივით გადმოფენილი სიდედრის გრძელი შავი ნიფხავი. ამაზე სასაცილო და განსხვავებული სადღა უნდა მოეძებნა? ბევრი აღარ უფიქრია, ჩამოხსნა და დასაძინებლად წავიდა. მეორე დღეს ვერიჩკამ თავისი ნიფხავი რომ ვერ ნახა, ქვეყანა შეძრა, ყველა მეზობელს შეეკითხა, ძირს დაგდებული ხომ არ გინახავთო. ყველა მხრებს იჩეჩდა. ერთი კვირის შემდეგ გადაღებები გაგრძელდა. იპოლიტე შინ გვიან ბრუნდებოდა, თან ძალიან დაღლილი. ოჯახი რომ არ შეეწუხებინა, აივანზე წვებოდა ხოლმე. ერთხელ, როცა ვერიჩკამ მაწვნისა და რძის საყიდლად დააპირა წასვლა და დილაადრიანად ადგა, აივანზე ჩაძინებულ იპოლიტეს მოჰკრა თვალი.

- დიდუუ, ამას რას ხედავს ჩემი დასაფსები თვალები! - აკივლდა ვერიჩკა.

- ქალო, გაჩუმდი, რა მოხდა ასეთი? - ამშვიდებს იპოლიტე.

- რავა რა მოხდა? სად იყო, ბიჭო, მაი ტრუსიკი?

- კაი ახლა, ვერიჩკა, - ეხვეწება იპოლიტე, - რომ ჩავიცვი, ამით რა დაშავდა? შენს ჩაცმულს ვერავინ ნახავდა და აწი ეს ნიფხავი მსოფლიოს მოიარს, აბა!

იხილეთ ფოტოგალერეა

გაგრძელება