ნახანძრალ ადგილებში ცხოველ-ფრინველის დაახლოებით 30-მდე სახეობა ცხოვრობდა, მათი ნაწილი განადგურდა
18-09-2017
ნახანძრალ ადგილებში ცხოველ-ფრინველის დაახლოებით 30-მდე სახეობა ცხოვრობდა, მათი ნაწილი განადგურდა
რა მოსდით ტყის ბინადართ, როცა ხანძარი მძვინვარებს, როცა ფიჭვნარის გირჩები ყუმბარებივით სკდება, ნაპერწკლები
კი მიმოიფანტება და ხანძრის ახალი კერები ჩნდება...


სპეციალისტები ამბობენ, რომ ბორჯომის ტყეების ხანძრის შედეგების გამოსწორებას ათეული წლები დასჭირდება და ერთი ამდენი - ამ ტყეების ბინადარი ნადირ-ცხოველების დაბრუნებას. ბუნება ბალანსს აუცილებლად აღადგენს, თუკი კაცის ხელით ზიანი გამიზნულად არ მიადგება და აქაურობაც გაცოცხლდება. სპეციალისტების თქმით, ჩვენი ტყეების ნახანძრალ ადგილებში ცხოველ-ფრინველის დაახლოებით 30-მდე სახეობა ცხოვრობდა, ხანძრებმა მათი ნაწილი გაანადგურა. რა
მოსდით ტყის ბინადართ, როცა ცეცხლი მძვინვარებს, როცა ფიჭვნარის გირჩები ყუმბარებივით სკდება, ნაპერწკლები კი მიმოიფანტება და ხანძრის ახალი კერები ჩნდება... ამ საკითხზე მთის ეკოსისტემების კვლევის სპეციალისტი ოთარ აბდალაძე გვესაუბრება:

- შესაძლოა, ჩვენს ტყეებში ხანძრის წარმოქმნა ბევრ რამეს დავაბრალოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი მათი
დაუნდობელი ჩეხაა.

ათეული წლების მანძილზე ჩვენი ტყეებიდან სამშენებლო მასალა დაუზოგავად გადიოდა და რჩებოდა მხოლოდ ფიჭვი - სამშენებლოდ უვარგისი მასალა. არადა, ცეცხლი ადვილად სწორედ ფიჭვს ეკიდება - როგორც კი ნაპერწკალი მოხვდება, მზისგან გამომშრალი წიწვებიდან ალი იმავე წუთში ავარდება, იმიტომაც გავრცელდა ხანძარი ასე თვალის დახამხამებაში.

ცხოველ-ფრინველთა ნაწილმა ჯერ კიდევ 2008 წლის ხანძრის დროს დატოვა ბორჯომის ტყის ნახანძრალები; თუმცა, როცა აქ ახალი მცენარეული საფარი ამოიწვერა, ზოგიერთი მათგანი უკან დაბრუნდა, მათ შორის ფრინველები, ციყვები, შვლები, მელიები, ტურები, მგლები და,…რასაკვირველია, ქვეწარმავლები და მწერები, რომლებიც ისეთივე აუცილებელია ეკოლოგიისთვის, როგორც ადამიანისთვის ჰაერი. მართალია, ხანძარი ისეთ პერიოდში იყო, როცა ფრინველების უმრავლესობას ბარტყები დაფრთიანებული ჰყავს, მაგრამ ნაწილი უეჭველად დაიწვებოდა, დაიწვებოდა ბუდეებიც, სადაც ფრინველები ბრუნდებიან და მრავლდებიან. არიან ფრინველები, რომლებიც მშობლიურ ადგილებს იმახსოვრებენ და გაზაფხულზე იმავე ადგილს მიაშურებენ.
როცა უკან მიბრუნებულ ფრინველებს ბუდე და მშობლიური ადგილები გადამწვარი დახვდებათ, ცხადია, იქიდან წავლენ, არც გადამფრენი ფრინველები გაჩერდებიან.

მაგალითად, ღაჟოს მშობლიური ადგილები იმის მიხედვითაც აქვს დამახსოვრებული, რომ აქ საზრდოს პოულობდა. მან იმ მწერების საბინადრო ადგილებიც კი "იცის", რომელთაც არა მხოლოდ თავად მიირთმევდა, არამედ ბუდეში მიჰქონდა, ბარტყებს ასაზრდოებდა. როცა ღაჟო უკან დაბრუნდება და საკვები და ბუდე აღარ დახვდება, გასამრავლებლად და სასიცოცხლოდ ახალ საარსებო სივრცეს დაუწყებს ძებნას. ზოგიერთი ფრინველი, სავარაუდოდ, მთლიანად განადგურდებოდა, მათ შორის ღამურაც.…

- რატომ მთლიანად, ღამურებს ხომ შეუძლიათ ფრენა?

- ამ ტყეებში 20 სახეობის ღამურა ბინადრობს. მოგეხსენებათ, ღამურებს სასიცოცხლო სისტემა ისე აქვთ მოწყობილი, რომ ღამე იწყებენ აქტიურობას და ფრენას. ასე რომ, სავარაუდოდ, ღამურები ვერ შეძლებდნენ ხანძარს გაჰქცეოდნენ.

- სპეციალისტების თქმით, 2008 წელს გადამწვარ ადგილებში უკონტროლოდ ბევრი ჭია გამრავლდა. მათ შორის ნემატოდა, რომელიც ბუნებას დიდ ზიანს აყენებს.
- ბუნებამ თავად იცის, ბალანსი როგორ აღადგინოს, ნახანძრალ ადგილებში ყველას და ყველაფერს მისცემს გამრავლების და სიცოცხლის საშუალებას, თანაც უხვად. შესაძლოა, ზოგიერთი ორგანიზმი თავიდან, ასე ვთქვათ, "უკონტროლოდაც" კი გამრავლდეს, ბუნება აქ სასიცოცხლო პროცესებს არ შეაკავებს, მერე კი გამრავლებულ ორგანიზმებს შორის სასიცოცხლო ბალანსს დაარეგულირებს. ასე რომ, როცა მწერი უხვად ჩნდება, უხვადვე ჩნდებიან ჩიტებიც, რომლებიც ამ მწერებს სანსლავენ. ხანძარს სწორედ მწერების და ქვეწარმავლების ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა. აქ ნიადაგის ზედაპირიც დაიწვა და გამოიფიტა. ჭია, ქვეწარმავალი თუ მღრღნელი სწორედ ნიადაგში ცხოვრობს და ხანძრისას გაქცევას ის ვერ მოახერხებს. ბაყაყიც კი, რომელსაც სკუპ-სკუპით მოძრაობა თითქოს სწრაფად შეუძლია, სამწუხაროდ, ხანძარს ვერსად გაექცევა. ამ დროს, ბუნების ეს შვილები ფასდაუდებელ როლს ასრულებენ სასიცოცხლო ეკოსისტემის შენარჩუნებაში, მწერები, მაგალითად, ბუნების შეუცვლელი სანიტრები არიან - ანადგურებენ ბუნებაში ყოველივე ხრწნადს; პარალელურად, აგრძელებენ და ასულდგმულებენ ბუნების სასიცოცხლო პროცესებს - უმნიშვნელოვანეს ტვირთს ეწევიან მცენარეების დამტვერვაში.

- სავარაუდოდ, ხანძრისას თავისთვის უნდა ეშველათ მსხვილფეხა ცხოველებს.

- ბუნება ცხოველებს საოცარ სასიცოცხლო ინსტინქტებს ანიჭებს, ბევრი მათგანი ყნოსვით გრძნობს საშიშროებას, მათ შორის ხანძარს. საბედნიეროდ, ხანძრის დროისათვის დათვის ბელები თუ შვლის ნუკრები წამოზრდილები იყვნენ და საშიში ადგილებიდან დედებთან ერთად გაქცევით შველოდნენ თავს. თუმცა, სტიქიისგან თავის დაღწევას ზოგჯერ ადამიანებიც ვერ ახერხებენ. ასე იქნებოდა ცხოველების შემთხვევაშიც.

ჯერჯერობით ხანძრის შედეგები არ არის აღწერილი. თუმცა, რამდენადაც ვიცი, 2008 წლის ბორჯომის ტყეების ხანძრისას ზარალის დამდგენმა კომისიამ შვიდი დამწვარი შველი და მურა დათვის ბელი დაითვალა. სამწუხაროდ, ბორჯომში ისედაც შემცირებული იყო წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების რამდენიმე სახეობა. მათ შორის, ირემიც. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში როგორღაც შევძლებთ და არა მარტო ტყის დაცვაზე, ამ სახეობების შენარჩუნებაზეც ვიზრუნებთ. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სიმდიდრე ტყეებია და მათ გადარჩენაზე ზრუნვა საკუთარ გადარჩენაზე ზრუნვაა.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით