"აზერბაიჯანელი მწყემსები საჩხუბრად გიწვევენ, თუ არ გაერიდები, უბედურება დატრიალდება" - კვირის პალიტრა

"აზერბაიჯანელი მწყემსები საჩხუბრად გიწვევენ, თუ არ გაერიდები, უბედურება დატრიალდება"

ჰერი კირითხუროების ნადუღ ლოდებს ნაღველი აწევთ გულის კედელზე - კლდეკარის თავზე "ლაჟვარდს გასჩრია" გაძარცული ციხე. თითქოს თავისი ქონგურიდან გვითვალთვალებს და ჩვენთან განშორება ეძნელება...

"ეტყვი რამეს და აქეთ მოგედავებიან: ჩვენი მიწებიდან წადითო... ბევრჯერ ხანძარიც გადმოსულა მათგან და ჩვენი საძოვარ-სახნავ-სათესი გაუნადგურებია. გასდით და ისინიც თავნებობენ. ლოცვითა და მიტევებით ვიმშვიდებთ გულს, მაგრამ როდემდე?"

შუა გარეჯის უდაბნოში გზები გაიყო. აღმოსავლეთით დარჩა დავითის ლავრა - ეულად დაყუდებული სენაკოვანი ბერიკლდე, სადაც წმინდა მამა, დამოწაფებულ ლუკიანესთან ერთად, დაეყუდა. თვალს მიეფარა დოდოს რქაც და ჩიჩხიტურის კოშკიც. მრავალმთის უდაბნოში იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრისკენ გავეშურეთ, რომელიც უგზოობისა და მკაცრი გარემო პირობების გამო ერთ-ერთ მიუვალ ადგილად ითვლება. სამონასტრო კომპლექსი VI-VII საუკუნეებით თარიღდება. იგი, მოძღვრის მითითებით, ლუკიანეს დაუარსებია.

თვალწინ პირქუში კლდეკარი წამოიმართა. ხვატში ალივლივდნენ მთებიდან ჩამოფხვნილი ნაციხარები. პატარა ღელე სავსეა კლდის ნაშალით. კლდეკარებში სენაკები გაუჭრიათ ბერებს. გალავანთან მამა ნეოფიტე გვეგებება, ცივი წყლით გვიმასპინძლდება და აქაურ ამბებს გვიყვება:

"მეთხუთმეტე წელია, უდაბნოში ვარ. აქ გატარებული დღეები ერთმანეთს ჰგავს, ასეც უნდა იყოს, მორჩილება უცვლელობას და უწყვეტობას ნიშნავს. მერყეობა არ ვარგა განდეგილობაში. ღელის იქით მონასტრის ნათესარია, მცირეოდენი სარჩო მოგვყავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს იციან, აზერბაიჯანელ მწყემსებს მაინც გამოეპარებათ ხოლმე საქონელი, ცხვარ-ძროხა კი ნათესს აფუჭებს. ეტყვი რამეს და აქეთ მოგედავებიან: ჩვენი მიწებიდან წადითო..."საჩხუბრად გიწვევენ, თუ არ გაერიდები, უბედურება დატრიალდება. ბევრჯერ ხანძარიც გადმოსულა მათგან და ჩვენი საძოვარ-სახნავ-სათესი გაუნადგურებია. გასდით და ისინიც თავნებობენ. ლოცვითა და მიტევებით ვიმშვიდებთ გულს, მაგრამ როდემდე?

ზოგჯერ სიმკაცრეა საჭირო, ნამეტანი სირბილე საზიანოა ერისთვისაც და ბერისთვისაც...

საუკუნოვან თაღ-სვეტებს, კედლებს, ქართულ-ინგლისური, უმეტესად კი რუსული წარწერები "ამშვენებს". განუკითხაობის ჟამი შუბლზე აწერიათ გალავნის თავლოდებს. აღსადგენია ფრესკები.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ნათლისმცემელი ერთადერთი ადგილია, სადაც არასდროს შეწყვეტილა ღვთისმსახურება, მომხდურთა გამუდმებული თარეშის დროს, თვით უდაბნოს სრული გაუკაცრიელების ჟამსაც კი რამდენიმე ბერი მაინც შემორჩენია აქაურობას.

წლების წინ კომპლექსი გამოცოცხლდა, ძველ სენაკებს ახალი მიემატა. თუმცა აღდგენითი სამუშაოები კიდევ ჩასატარებელია. რამდენიმე ადგილას ძველი სიმაგრეები შეკეთებულია, კბოდეებზე პატარა ხის ვერანდებია გადმოკიდებული. აქ, შესაძლებელია, მომლოცველმა იტრაპეზოს, მოისვენოს და მრავალმთისა და გარეჯის უდაბნოს ხედების მომნუსხველი სილამაზით დატკბეს.

ზემოთ, მთავარ მონასტერში, წმ. ექვთიმე გარეჯელის საფლავია, წმინდა ექვთიმე იყო გარეჯის მრავალმთის უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი. მონასტრის სიგელ-გუჯრები მას მრავალღვაწლშემოსილად მოიხსენიებს.

იოანე ბატონიშვილის ცნობით, ექვთიმე იყო: "კაცი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, სათნოებათა ზედა უცხო მოქადაგე. ამან ფრიად იღვაწა მონასტრისთვის და აღაშენა სოფელი ხაშმი, რომელიც იყო ქსნის ერისთავთა ლეკთა მოყვანის მიზეზით დამწვარი; აღაშენა უცხო ვენახი და წისქვილი... მრავალი შემატა მონასტერსა, ვითარცა ნივთნი აგრეთვე მამულნიცა."მისი კურთხევით სავანეში ითარგმნებოდა სასულიერო ლიტერატურა, იწერდნენ იშვიათ საგნებს... წმ. ექვთიმემ შეასწავლა რაოდენთამე მოწაფეთა ფილოსოფია და ღვთისმეტყველებაი". მასვე დაუწერია წმ. ნინოს საგალობლებიც.

1797 წელს თბილისში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. ხალხი ტყეებსა და ხეობებში გაიხიზა. კლდის ნაპრალებიდან გამოსული უდაბნოს ბერები მფარველ ანგელოზებად მოევლინნენ ავადმყოფობითა და შიმშილით ღონემიხდილთ: ეხმარებოდნენ, ემსახურებოდნენ, ანუგეშებდნენ მათ. როგორც ბევრ სხვა სიკეთეს, ამ საქმესაც ექვთიმე წინამძღვრობდა. იგი 1804 წელს აღესრულა.

"ცოტა მომლოცველი ჰყავს მონასტერს, ცოტა ადამიანს თუ გაახსენდება აქაურობა... ეს კი ერთადერთი გოდოლია, რომელმაც საუკუნოვან ქარტეხილებს გაუძლო და ჯერ ისევ ფეხზე დგას", - გვეუბნება მამა ნეოფიტე და გვემშვიდობება.

ჰერი კირითხუროების ნადუღ ლოდებს ნაღველი აწევთ გულის კედელზე - კლდეკარის თავზე "ლაჟვარდს გასჩრია" გაძარცული ციხე. თითქოს თავისი ქონგურიდან გვითვალთვალებს და ჩვენთან განშორება ეძნელება...

კახა მჭედლიშვილი