სატრანსპორტო კოლაფსის ზღვარზე?! - კვირის პალიტრა

სატრანსპორტო კოლაფსის ზღვარზე?!

"თბილისი ცოცხალი ორგანიზმივითაა, რომელსაც გადაუდებელი შუნტირება და ახალი სისხლძარღვების ჩანერგვა სჭირდება..."

"ყველა მმართველი, გააზრებული პოლიტიკის ნაცვლად, ქალაქის მიმართ ველური დამოკიდებულებით გამოირჩევა, შესაბამისად, არც მაქვს მოლოდინი, რომ ახალი მერი გამონაკლისი იქნება"

თუ ბოლო დროს პიკის საათებში ქალაქის ქუჩებში გაგივლიათ, გეცოდინებათ, რას ნიშნავს უძრაობა დაუსრულებელ საცობში. ექსპერტების კვლევით, საღამოს ავტოტრანსპორტით სამსახურიდან შინ მისვლას, წინა წლებთან შედარებით, 1-2 საათზე მეტი სჭირდება, თუმცა, ამაზე საგანგაშო ის არის, რომ პიკის საათების გარდა, თბილისის სტრატეგიულ მაგისტრალებზე მოძრაობა უკვე დღის ნებისმიერ მონაკვეთშიც, ფაქტობრივად, პარალიზებულია.

რატომ გაჩნდა თბილისის ქუჩებში საცობები? ექსპერტები ორ ძირითად ფაქტორს გამოყოფენ: 2005 წლიდან დღემდე საქართველოს ავტოპარკს ყოველწლიურად 100 000-მდე ავტომობილი ემატება და ამ ეტაპზე რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 1 000 000-ს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. მანქანების რაოდენობის ზრდის პარალელურად კი აუცილებელი ინფრასტრუქტურის (ხიდები, ესტაკადები, პარკირების სისტემა) მოწესრიგებაზე არავის უფიქრია. ეს პრობლემა სავალი გზის ნაპირზე მიმდინარე მშენებლობების ბუმმა კიდევ უფრო გაამწვავა.

არქიტექტორი ირაკლი მასხარაშვილი "კვირის პალიტრასთან" იმ ტერიტორიებს გამოყოფს, სადაც, ფაქტობრივად, სატრანსპორტო კოლაფსია:

- თბილისის ხელმძღვანელობამ დანაშაული ჩაიდინა, როდესაც გენგეგმის განხილვისას სატრანსპორტო გენერალური სქემის შემუშავება გაურკვეველი ვადით გადასწია. არადა, სწორედ ეს დოკუმენტი უნდა ყოფილიყო დედაქალაქის განვითარების მთავარი ფაქტორი. მივიღეთ ვითარება, რომ გენგეგმაში ქალაქის კარკასზე არავინ გაამახვილა ყურადღება, მხოლოდ დეტალებზე დაიხარჯა დრო და კოლოსალური თანხები.

მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები თბილისის ძირითადი მაგისტრალური არტერიაა, თუმცა, გაუაზრებელი და აბსოლუტურად უმოქმედო მმართველების წყალობით, მთავარი პრობლემა სწორედ თბილისის არსებობისთვის აუცილებელ ნაწილში გვხვდება.

სატრანსპორტო კოლაფსისთვის არის განწირული ვაკის რაიონიც და მისი განტვირთვის ერთადერთ გზად მეტროსადგურ "რუსთაველის" ხაზის გაგრძელება რჩება, თუმცა, დედაქალაქის მერია ამ ვარიანტს არ განიხილავს, რადგან თურმე ძვირად ღირებული პროექტია და ამ საკითხზე ფიქრიც კი მიზანშეწონილი არ არის. ისიც არ იციან, რომ ურბანული პრობლემის გადაჭრა მრავალწლიანი პროცესია და დღესვე ახალი მეტროსადგურების მშენებლობას არავინ ითხოვს - ამისთვის ჯერ ტერიტორიების დარეზერვება უნდა მოხდეს და შემდეგ რამდენიმეწლიანი სტრატეგია გაიწეროს.

როგორც ჩანს, ტერიტორიის დარეზერვება არ აწყობთ, რადგან შესაძლოა, ინვესტორი გამოჩნდეს და მასთან სარფიანად გარიგების შანსი გაუჩნდეთ. ამასობაში კი ჭავჭავაძე და მისი პარალელური აბაშიძის ქუჩა დღის ნებისმიერ მონაკვეთში გაუვალი ხდება. ვაკეში ცხოვრება უკვე შეუძლებელია - მშენებლობების რიცხვი კატასტროფულად მატულობს, მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილია, გზების გაფართოების შესაძლებლობა კი უბანს წართმეული აქვს, რადგან კორპუსებს პირდაპირ სავალ ნაწილზე აშენებენ.

- კიდევ რომელ უბნებშია მაღალი სატრანსპორტო კოლაფსის რისკი?

- წინა ხელისუფლების არასწორი დაგეგმარების შედეგია, რომ გმირთა მოედანთან სავალალო მდგომარეობაა. მაშინ ითქვა, რომ 160 მილიონი ლარი სწორედ ტრანსპორტის განსატვირთად იხარჯებოდა, თუმცა, კარგად ვხედავთ, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში მუდმივად საცობია როგორც დიდუბიდან გმირთა მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტისთვის, ისე გმირთა მოედნიდან გალაკტიონ ტაბიძის ხიდის მიმართულებით. არადა, აქ მოძრაობა ცალმხრივი უნდა იყოს და ტერიტორიაზე ხიდი უნდა აშენდეს.

სავალალო მდგომარეობაა ნუცუბიძის პლატოს ახალი გზის მონაკვეთზეც - მშენებლობები ზედ ტროტუარზე მიმდინარეობს და მცხოვრებთა რაოდენობის გაზრდის შემდეგ გზის გაფართოებას ვერავინ მოახერხებს, ვიწრო ქუჩები კი ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებს; ანუ მერიამ ნებართვები ისე გასცა, სატრანსპორტო კოლაფსის რისკზე არც კი დაფიქრებულა.

კოლაფსის ზღვარზეა გარეუბნებიც, სადაც აბსოლუტურად ქაოსურად შენდება კომერციული თუ საცხოვრებელი კომპლექსები. გლდანის რაიონში, მეტროს მიმდებარედ, ავტომობილები გადაადგილებას ლამის საათობით ვერ ახერხებენ. იგივე ვითარებაა ვაშლიჯვრის მონაკვეთზეც.

- მერიაში აცხადებენ, რომ სატრანსპორტო კოლაფსიდან ერთადერთი გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა, თუმცა, რამდენად რეალურად გეჩვენებათ დედაქალაქის ვიწრო ქუჩებში თუნდაც ავტობუსების შეუფერხებელი გადაადგილება?

- განვითარებულ ქვეყნებში მდიდრებიც კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ, თუმცა, ამისთვის

მხოლოდ ახალი ავტობუსების შემოყვანა არ არის საკმარისი, რადგან შესაბამისი გაბარიტების ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებისთვის თბილისში გზები არ არსებობს და არც სავალი ნაწილის გაფართოების პერსპექტივაა. ერთადერთი ხსნა მიწისქვეშა ტრანსპორტია, მით უმეტეს, რომ ევროპული ქალაქები ამის შესანიშნავი მაგალითია.

თბილისი ცოცხალი ორგანიზმივითაა, რომელსაც გადაუდებელი შუნტირება და ახალი სისხლძარღვების ჩანერგვა სჭირდება...

თუმცა, ყველა მმართველი, გააზრებული პოლიტიკის ნაცვლად, ქალაქის მიმართ ველური დამოკიდებულებით გამოირჩევა, შესაბამისად, არც ველი, რომ ახალი მერი გამონაკლისი იქნება.

- რა გავლენას მოახდენს სატრანსპორტო ქსელზე პეკინის ქუჩის გაცალმხრივება?

- ეს გადაწყვეტილება მინიმალურ გავლენასაც ვერ მოახდენს, პირიქით, შესაძლოა, გმირთა მოედნის ტერიტორია კიდევ მეტად დაიტვირთოს და ჩიხურ ვითარებამდე მივიდეთ. ითქვა, რომ პეკინზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორივე მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება, თუმცა, როდესაც ამ მცირე მონაკვეთს ავტობუსი ან სამარშრუტო ტაქსი გაივლის, რა ვითარება ხვდება მას ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე ან კოსტავას ქუჩის მიმართულებით? ხვდება ავტომობილების ნაკადები, რომლებისთვისაც ქუჩა სულ უფრო ვიწროვდება.

ფონდ "პარტნიორობა - საგზაო უსაფრთხოების" გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა საცობებისგან თავის დასახსნელად თბილისში ველობილიკების მოწყობის იდეას ემხრობა:

- ველობილიკების მოწყობის შემთხვევაში, ქუჩებში ნაკლები საცობები იქნება. ამას ყველა კვლევა მოწმობს, თანაც დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ თბილისის რელიეფი ველოსიპედის სატრანსპორტო საშუალებად გამოყენებას ხელს უშლის, არასწორია. პრაღაში, ლისაბონსა თუ ბარსელონაში თბილისის მსგავსი რელიეფია, მაგრამ ბოლო ათწლეულებში იქ ველოსიპედი, როგორც ტრანსპორტის სახეობა, ძალიან სწრაფად განვითარდა და შესაბამისად, საცობიც იშვიათად იქმნება.

პირველად სწორედ პეკინზე მოეწყობა გამართული ველობილიკი, თუმცა, ეს მცირე მონაკვეთი მთლიან სურათზე გავლენას ვერ მოახდენს. რაც შეეხება პეკინის გაცალმხრივებას, იდეა თავიდანვე მისაღები იყო, თუმცა, დეტალური კვლევა მოვითხოვეთ, რის საფუძველზე მიიღო მერიამ ასეთი გადაწყვეტილება.

როგორც აღმოჩნდა, ვითარება მიმდებარე ქუჩებსა და კონკრეტულად პეკინის ქუჩაზე შესწავლილი არ იყო და მერიის სხვადასხვა სამსახურმა დამატებითი კვლევა ჩაატარა. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, რა სახეს მიიღებს გმირთა მოედნიდან ვაჟა-ფშაველას პროსპექტამდე მონაკვეთი, რადგან ჯერ არც საპარკინგო ადგილებისა და არც მოძრაობის ნიშნების თაობაზე არ მიუღიათ გადაწყვეტილება.

ვიმედოვნებ, ამჯერად მაინც მერია პრიორიტეტს ქვეითად მოსიარულეებს მიანიჭებს, კერძო ავტომობილების საპარკინგე მონაკვეთები კი მიმდებარე ქუჩებზე გადანაწილდება.

რუსუდან შელია