ვეჯინელი მოძღვრის მთავარი საფიქრალი...
18-09-2017
ვეჯინელი მოძღვრის მთავარი საფიქრალი...
ვარჯიშის შემდეგ სხვადასხვა ფსიქოლოგიურ თემებზე ვსაუბრობთ. გარდა სპორტისა, ახალგაზრდები ურთიერთობებსაც სწავლობენ, ღირსეული მოქალაქეები იზრდებიან. ნავარჯიშები ბიჭები ჯარში წავლენ, ქვეყანას გამოადგებიან. კრივი გარკვეულწილად ჰუმანურ ცხოვრებასაც ასწავლის, თავისი წესები აქვს. ჩვენმა მოვარჯიშეებმა იციან, რომ წაქცეულს არ უნდა დაარტყან, არ უნდა დაჩაგრონ სუსტი და ა.შ.

ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები სოფელს უკავშირდება. ის დრო ხანდახან ისე მენატრება, როგორც ემიგრანტს - საკუთარი მიწა-წყალი. ჰო, მეც ჩემი კუთხისთვის ემიგრანტად ვიქეცი, ემიგრანტად, რომელიც, ასაკის მატებასთან ერთად, სულ
უფრო იშვიათად ახერხებს ჩავიდეს იქ, სადაც მისი ფესვებია. როცა ნოსტალგია მეძალება, ბავშვობის მოგონებებში ვბრუნდები. რამდენიმე დღის წინ მოძალებულ გრძნობებს ისევ ისე, ტრადიციული და ნაცადი ხერხით გავუმკლავდი - სოფელში ჩავედი. ყველა დადებით ემოციას გულისტკივილიც ახლავს. სულ უფრო მეტ მიტოვებულ სახლს ვითვლი. სახლებს, სადაც ადრე ოჯახურ ჭაპანს
ეწეოდნენ, კერა გასციებიათ. მიზეზი?.. რა დათვლის... ბევრს ცხოვრებისეულმა სირთულეებმა ათქმევინა უარი იქ ცხოვრებაზე და არსებობისთვის ბრძოლა ქალაქში გააგრძელა, ზოგმაც საზღვრებს გარეთ წასვლა ამჯობინა...

სულ სხვანაირი იყო სოფელი ადრე - ხალხმრავალი და ხმაურიანი... აქაურობას სიცოცხლე წელიწადში ორჯერ, ახალ წელსა და აღდგომას უბრუნდება. ყველა წასული ცდილობს ამ დღეებში მაინც დაბრუნდეს...
ჩვენს დროს უკვე აღარ იყო შესაძლებლობა, გვევლო სხვადასხვა წრეზე. 80-იან წლებში დაბადებულთათვის მხოლოდ სკოლა იყო ხელმისაწვდომი, არადა, რამდენი პოტენციური სპორტსმენი, მხატვარი და მომღერალი ჩაიკარგა ჩემს თაობაში. სასტიკმა დრომ შთანთქა მათი ნიჭი... ჩვენ დაკარგული თაობის შვილები ვართ...

ის უფლის გზას 12 წლის წინ შეუდგა - ილია ჭოველიძე გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში მღვდლად აკურთხეს. ორი წლის თავზე სოფელ ვეჯინში, წმინდა გიორგის ტაძარში განაგრძო სასულიერო ცხოვრება. სწორედ აქედან იწყებს ათვლას ამ სოფლის ახალგაზრდობისთვის ახალი ცხოვრების ეტაპი. მამა ილიას ძალისხმევით, მათ ქუჩას, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს ჯანსაღი ცხოვრების წესი არჩიეს. გაჩნდა იმედი. იმედი მომავლის, წარმატებული კარიერის და ჯანსაღი თაობის...

თავდაპირველად მიტოვებული კანტორის შენობაში ერთი პატარა ოთახი გაარემონტეს - იქ მამა ილიას ლოცვა-კურთხევითა და თაოსნობით წმ. გიორგის ტაძართან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა დაიდო ბინა. სოფლის ახალგაზრდობა უკვე რვა წელია, სრულიად უსასყიდლოდ, ხალხურ სიმღერებს ეუფლება. მერე ძველი კანტორის კიდევ ერთი ოთახი გაარემონტეს. ისევ მამა ილიას ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით იქ კრივის წრე გაიხსნა.

მამა ილია ჭოველიძე: - უკვე ათი წელია, რაც­ ვეჯინში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ვმსახურობ­... თბილისში დავიბადე და გავიზარდე. უფლის გზამ კი კახეთში მომიყვანა.

- როგორი იყო მრევლი, როცა მსახურება დაიწყეთ?

- როგორც ყველგან, აქაც მოსახლეობა შორს იყო რელიგიური ცხოვრებისგან. ნელ-ნელა გაივსო ტაძარი. კახელების ფსიქოლოგია ცოტა სხვანაირია, ისინი თავისთავსაც ეჭვით უყურებენ. ჩვენ გულწრფელი ურთიერთობა გვაქვს და ამას ეფუძნება ერთობლივი გზა უფლისაკენ. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვინც ახლაც სკეპტიკურად გვიყურებს, მაგრამ ეს არ გვაბრკოლებს. ახალგაზრდებზე ვფიქრობდი ყველაზე მეტად, ისინი ეკლესიაში ძირითადად, მხოლოდ სანთლის ანთებას სჯერდებიან. მინდოდა, მათ ცხოვრებას ინტერესი და მიზანი ჰქონოდა. ამიტომ გადავწყვიტე, გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც გამოადგებოდათ და მეორე მოძღვართან ერთად სახელოვნებო წრეები შევქმენით. ვასწავლიდით თექაზე მუშაობას, ხატწერას, მაგრამ ახალგაზრდებს ხელსაქმის დიდი ინტერესი არ აღმოაჩნდათ. ამის შემდეგ, შევქმენით ფოლკლორისა და კრივის სექციები. გვყავს ფოლკლორული ანსამბლი, მოვიწვიეთ მასწავლებლები, ისინიც დასაქმდნენ და ახალგაზრდებიც მონდომებით ჩაერთნენ. პედაგოგი ჩვენი ტაძრის მგალობელია, მაგული ჭანყოშვილი. ანსამბლში ახლა 27 ბავშვია. გურჯაანის ფარგლებში შშმ პირებისთვისაც მართავენ კონცერტებს.

კრივის წრისთვის დარბაზში დავამონტაჟეთ ტრენაჟორები, გვყავს მწვრთნელი, გურჯაანელი ოთარ მამულაშვილი. პედაგოგებს ხელფასს ჩვენი მეუფე უხდის. გულიანი ადამიანია, რვა წელია, ჩვენს ბავშვებს ავარჯიშებს. გვყავს ბავშვები, რომლებიც პატარაობიდან სიგარეტს ეწეოდნენ და ალკოჰოლს იღებდნენ. საბედნიეროდ, შევძელით მათთვის ჯანსაღი წესით ცხოვრების პირობები შეგვექმნა. მიღწევებიც აქვთ ჩვენს პატარა სპორტსმენებს, ჭიათურის, ფოთის ტურნირებში გაიმარჯვეს, ერთი - საქართველოს ჩემპიონატის მესამე ადგილის პრიზიორია. ამ მიღწევებმა მეტის გაკეთების სტიმული მოგვცა. ჩვენი აღსაზრდელების მშობლებთან ერთად ჩავერთეთ სოფლის პროგრამაში და ერთობლივად გავმართეთ დიდი დარბაზი. ერთ-ერთი ჩვენი პროფესიონალი მოკრივე, 25 წლის გიორგი ბეროშვილი, ევრაზიის ჩემპიონია. ეს ახალგაზრდა დალხენილი არ ყოფილა, მატერიალურად უჭირდა მის ოჯახს. საბედნიეროდ, გამოვიდა კრიზისული მდგომარეობიდან. ჩვენ მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ. გვყავს საქართველოს ნაკრების სამი კანდიდატი. ოთარ და საბა ჩახვაშვილები, დღეს თუ ხვალ, თავიანთ სიტყვას იტყვიან ქართულ კრივში.

ახლა ამ სპორტდარბაზში 40 ახალგაზრდა ვარჯიშობს, სამი ჯგუფია. ასაკი შერეულია, სკოლის ასაკიდან - 27 წლამდე. გვყავდა 60 წევრიც, მაგრამ ზოგს არ მოეწონა სპორტული ცხოვრება, ზოგი წავიდა. სოფლის პირობებში კარგი მიღწევებია. დიდ ქალაქებში მცხოვრებ ახალგაზრდა სპორტსმენებს ღირსეულ კონკურენციას უწევენ ჩვენი აღსაზრდელები. ეს უკვე წარმატებაა. შიდა შეჯიბრებებშიც ვმონაწილეობთ, კახეთის მასშტაბით ჩატარებულ შეჯიბრებაში ჩვენი ხუთი სპორტსმენი მონაწილეობდა. ხუთივემ პირველი, მეორე და მესამე ადგილები დაიკავა. რაც მეტია კონკურენცია, თაობაც უფრო ძლიერდება.

- სად და რა პირობებში მიმდინარეობს სიმღერისა და სპორტის გაკვეთილები?

- ყოფილი კანტორის ერთი ოთახი ფოლკლორულ წრეს უკავია, მეორე, დიდი ოთახი - კრივის დარბაზს. მაგრამ შენობა ავარიულია და მისახედი.

მოსახლეობა კმაყოფილია, უპერსპექტივო ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიკეთონ კარიერა, იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით. ჩვენი ეკლესია სთავაზობს ახალგაზრდებს ღირსეულ მომავალს.
მაგალითისთვის ერთი­ პატარა სპორტსმენის ამბავს მოგიყვებით: ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არის, მშობლები ავად ჰყავს. ვურჩიე, ჩვენთან მოსულიყო კრივზე. დამიჯერა და ვარჯიში დაიწყო. ახლა საერთაშორისო შეჯიბრებაზე პრიზიორი გახდა. კარგი შედეგი აქვს. ვარჯიშის შემდეგ სხვადასხვა ფსიქოლოგიურ თემებზე ვსაუბრობთ. გარდა სპორტისა, ისინი ურთიერთობებსაც სწავლობენ, ღირსეული მოქალაქეები იზრდებიან. ნავარჯიშები ბიჭები ჯარში წავლენ, ქვეყანას გამოადგებიან. გარდა ამისა, კრივი გარკვეულწილად ჰუმანურ ცხოვრებასაც ასწავლის, მას თავისი წესები აქვს, ჩვენმა მოვარჯიშეებმა იციან, რომ წაქცეულს არ უნდა დაარტყან, არ უნდა დაჩაგრონ სუსტი და ა.შ.

- ცნობილი ადამიანები თუ ინტერესდებიან ვეჯინელი პატარებით?

- სტუმრად მოდიან ხოლმე წარმატებული სპორტსმენები. გვეწვია გიორგი კანდელაკი, გურჯაანელი მოკრივე ლევან დოლენჯაშვილი, ის მსოფლიო რეიტინგში 50 საუკეთესო მოკრივეს შორისაა. ავსტრიის სახელით ასპარეზობს. მისი საცოლეც სპორტსმენია, ისიც გვესტუმრა. გოგონა ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია. საჩუქრები ჩამოუტანეს ჩვენს პატარა მოვარჯიშეებს. კანდელაკმაც გადმოგვცა ე.წ. მსხლები, ხელთათმანები, დაურიგა პატარებს ავტოგრაფები. ასეთი სტუმრების შემხედვარეებს ვარჯიშისთვის მეტი შემართება და ჟინი ეღვიძებათ. როცა ვხედავ, ჩვენი ბიჭები როგორ მეგობრობენ ფოთელ, ზუგდიდელ, თბილისელ, ქუთაისელ ახალგაზრდებთან, როგორ მოიკითხავენ ხოლმე, ვთვლი, რომ გავიმარჯვე - მათ ყველა პირობა შევუქმენი წინსვლისთვის, ჯანსაღი ცხოვრებისთვის. ჩვენ ჩვენი ახალგაზრდული კერა გვაქვს. ბავშვების მოსვლისას ისეთი ჟრიამულია ხოლმე, მაშინ ჩქეფს სიცოცხლე.
კარგი ადამიანები გვეხმარებიან. მიხარია, რომ არიან ისეთები, რომლებიც ჩვენი ბავშვების მომავლით ინტერესდებიან.

P.S. ვეჯინელ ახალგაზრდებს გაუმართლათ, რომ ისინი დაკარგული თაობის წარმომადგენლები არ არიან, მათ მიზნის დასახვისა და სისრულეში მოყვანის ყველა პირობა აქვთ. პატარებმა პატარ-პატარა წარმატებებს უკვე მიაღწიეს, ახლა იზრდებიან და წარმატების მასშტაბებიც იზრდება. ერთი სასულიერო პირი კი, ერთი შეხედვით მხოლოდ მღვდელმსახური, სინამდვილეში ძალიან დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობით სავსე ადამიანია. მისი მიზანი მხოლოდ ბავშვების ამბიონიდან ყურება არ ყოფილა, მოძღვრის მთავარი საფიქრალი ერთ უბრალო სოფელში უმომავლო მომავალი თაობის წარმატებისთვის ბრძოლაა. მისი უფლის გზა თბილისიდან ვეჯინამდე ახლა პატარა სპორტსმენების დიდი გზაა.

უყურებს თავის ნამოღვაწარს და ხარობს...

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით