რატომ რჩებიან პატარები საბავშვო ბაღის გარეშე - კვირის პალიტრა

რატომ რჩებიან პატარები საბავშვო ბაღის გარეშე

დამთავრდა ზაფხულის არდადეგები და თავი იჩინა ახალმა პრობლემებმა. სკოლამდელი ასაკის ბავშვიანი ოჯახის ერთ-ერთი სადარდელი საბავშვო ბაღის არჩევანია. მშობლების ნაწილმა საჯარო საბავშვო ბაღში დარეგისტრირება დროულად ვერ მოახერხა. ახლა კი დედამ არ იცის, სამსახურზე თქვას უარი, თუ კერძო საბავშვო ბაღი მოძებნოს.

ნინო ხუციშვილი, მშობელი: - ძალიან ძნელია საჯარო საბავშვო ბაღში მოხვედრა. ლამის მთელი საგვარეულო უზის კომპიუტერს, რომ როგორმე მოასწროს და დაარეგისტრიროს ბავშვი. საჯარო ბაღები ამდენ ბავშვს ვერ იტევს. არაერთ მშობელს უთქვამს, რომ ვერ დაარეგისტრირა ბავშვი და ეძებს ნაცნობს, რომ პატარა უბაღოდ არ დარჩეს. მე ასეთი ნაცნობი რომ არ მყავდა, ამიტომ კერძო საბავშვო ბაღს მივაკითხე, რაც ძვირია, 300 ლარზე იაფი არსად არის. ამდენს ყველა ვერ გასწვდება. ზოგ ოჯახში ორი-სამი ბავშვია. რა ქნან მათმა მშობლებმა?!

საჯარო ბაღს, გარდა დარეგისტრირების სირთულისა, სხვა ნაკლიც აქვს - ერთ ოთახში 40 და მეტი ბავშვი ზის და როგორ აუდიან მათ პედაგოგი და ძიძა, არ ვიცი. მაგრამ მხოლოდ ნაკლზე ნუ ვილაპარაკებთ... საჯარო ბაღებში კვება საუკეთესოა, თანამშრომლების გადამზადებაც ხდება.

მე ბევრი ძებნის შემდეგ ვიპოვე სანდო კერძო ბაღი. ჰიგიენას დიდ ყურადღებას აქცევენ, კვება ნორმალურია, აქტივობები, ზეიმებიც ასაკის შესაფერისია, მაგრამ ყველა კერძო ბაღში ასე არ არის.

თინიკო თალაკვაძე, მშობელი: - სახელმწიფო ბაღებში საწოლებიც არ აქვთ საკმარისი, რომ ბავშვები ცალ-ცალკე დაწვნენ. თუ რომელიმე არ აცდენს, ზოგჯერ ორი ბავშვის ერთად დაძინება უწევთ. თუმცა კვება იდეალურია. ჩემი უფროსი შვილი სახელმწიფო ბაღში დადის. მინდოდა, უმცროსიც მიმეყვანა, მაგრამ მისი ასაკის შესაფერის ჯგუფებში ადგილი აღარ იყო.

ნინო მოდებაძე, მშობელი: - შარშან ვერ დავარეგისტირე ჩემი შვილი, წელს სახლიდან მოშორებით დავრეგისტრირდით. იქ მისასვლელად ორი ტრანსპორტი უნდა გამოვიცვალოთ, მაგრამ კერძო ბაღის ფული არ მაქვს.

ნათია იდოიძე, მშობელი: - ბავშვი კერძო საბავშო ბაღში მივიყვანე. ვიფიქრე, ჯგუფში ცოტა ბავშვია და მეტ ყურადღებას მიაქცევენ-მეთქი. პირველ წელს კმაყოფილი ვიყავი. მაგრამ მერე ბაღში წასვლა შეიძულა, არადა, ჯგუფელების დაბადების დღეზე თუ სასეირნოდ სიამოვნებით მირბოდა. მიზეზი შეიძლება პედაგოგების არასწორი მიდგომა იყო... მეორე წელს მოვახერხე დარეგისტრირება და ბავშვები საჯარო ბაღში გადავიყვანე, ვინც ეს ვერ შეძლო, შვილები სხვა კერძო ბაღში გადაიყვანა. ახლა ჩემი შვილი დიდი სიხარულით დადის ბაღში, უყვარს თავისი მასწავლებელი.

თემურ თორდინავა, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი: - წლების წინ დედაქალაქში 50 საჯარო საბავშვო ბაღი დაიხურა - ზოგის პრივატიზება მოხდა, ზოგში ლტოლვილები შესახლდნენ, ზოგში - სოციალურად დაუცველები, ზოგიერთი პარტიულ ოფისად გადაკეთდა.

2014 წლის შემოდგომიდან თბილისში 52 ათასი ბავშვი იყო დარეგისტრირებული, 2017 წლისთვის კი 60 ათასამდე დავარეგისტრირეთ. სამწლიან პერიოდში შვიდ ათასზე მეტი ახალი ადგილი შეიქმნა აღსაზრდელებისთვის. ეს მოხდა ახალი ჯგუფების დამატებით და მოქმედ ბაღებში გაუქმებული ფლიგელების აღდგენით. ავაშენეთ და ავამუშავეთ 12 ახალი საბავშვო ბაღი. დაწყებულია 13 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლებიც 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაიხსნება.

- მშობლები დარეგისტრირების უარყოფით მხარეებზე ჩივიან.

- ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა წლიდან წლამდე უმჯობესდება, დღეს მოქმედი წესის შესაბამისად, სისტემაში ხვდებიან როგორც თბილისში რეგისტრირებული, ასევე თბილისში არარეგისტრირებული ბავშვები. დრო დაგვჭირდება, რომ საჯარო ბაღებში ყველა აღსაზრდელის დარეგისტრირება შევძლოთ.

- ამბობენ, რომ დარეგისტრირების გარეშე, ნაცნობობითაც შეიძლება საჯარო საბავშვო ბაღში ბავშვის მიყვანა.

- ეს არასერიოზული განცხადებაა!

- კანონის მიხედვით, რამდენი ბავშვი შეიძლება იყოს ერთ ჯგუფში?

- ბაგაში უნდა იყოს 25, სამი წლიდან სკოლაში შესასვლელ ასაკამდე ჯგუფში - 30 ბავშვი.

- ზოგი მშობელი ამბობს, თუ რომელიმე აღსაზრდელი არ აცდენს, ორ ბავშვს ერთ საწოლში უწევს დაძინებაო.

- შეიძლება, ერთეული შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ვმუშაობთ, რომ ყველაფერი სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

- კერძო ბაღებში რა მდგომარეობაა?

- ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონი როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღებს, უწესებს ერთნაირ სტანდარტებს.

2017 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ავტორიზაცია უნდა გაიარონ როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღებმა. ტექნიკური რეგლამენტი შემუშავდება 2017 წლის 1-ლ ოქტომბრამდე. მისი შესრულება მოუწევს როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღს. რომელიც ვერ დააკმაყოფილებს ავტორიზაციის პირობებს, დაიხურება.

ძიძა-მამაკაცი

ერთი წელიწადი ძიძად მუშაობდა, ყველას უკვირდა - კაცი და ძიძაო! მაგრამ ეს სტერეოტიპი მალე დაიმსხვრა, ძიძობის შემდეგ პეტრე ნოდიამ საბავშვო ბაღში დაიწყო მუშაობა.

- სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად, თბილისის ერთი პრესტიჟული რესტორნის სამზარეულოში ვმუშაობდი. დღესაც ძალიან მიყვარს მზარეულობა, მაგრამ მომბეზრდა ეს საქმიანობა და სიახლეზე დავიწყე ფიქრი. ძალიან კარგად გამომდის ბავშვებთან ურთიერთობა, მამშვიდებს და მსიამოვნებს. დავრეგისტრირდი საიტზე, რომლითაც ინტერესდებიან მშობლები.

- არ გაჰკვირვებიათ, ბიჭი რომ ხარ?

- ძიძა-მამაკაცი უჩვეულო იყო ქართული რეალობისთვის... ძალიან საყვარელ პატარასთან მომიწია მუშაობამ. ერთად მივდიოდით ბაღში, დავდიოდით ღონისძიებებზე, ვუმზადებდი სადილს, ვუცვლიდი, მოკლედ, ყველაფერს ვუკეთებდი... ისე მომეწონა ბავშვთან მუშაობა, რომ როცა კერძო საბავშვო ბაღში პედაგოგად მუშაობა შემომთავაზეს, მაშინვე დავთანხმდი. გავიარე სპეციალური ტრენინგები და შევუდექი მუშაობას. ახლა ჩემი ბაღში მუშაობის მეორე სასწავლო წელი იწყება.

- როგორი რეაქცია აქვთ მშობლებს, როდესაც ჯგუფში თქვენ ხვდებით?

- ისინი თავიდანვე ეცნობიან პედაგოგებს და ამის საფუძველზე აკეთებენ არჩევანს. ასე რომ, ჩემი იქ ყოფნა მოულოდნელი არავისთვის არის. არდადეგების პერიოდში მოვიწყენ ხოლმე, ძალიან მენატრებიან. ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა მითხრა, რომ საახალწლო არდადეგების დროს მის შვილს 13 სათამაშო დაულაგებია მაგიდაზე. ყოველდღე თითო სათამაშოს იღებდა და ამბობდა, რომ ბოლო სათამაშოს აღების შემდეგ შეხვდებოდა პეტრე მასწავლებელს.

- დაახლოებით 10 წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვერება?

- ძალიან დატვირთული, რა თქმა უნდა, არქიტექტურის და ხელოვნების სფეროში. ბავშვებთან მუშაობის წლები კი ყველაზე თბილ და სასიამოვნო მოგონებად დამრჩება.

ეკა სალაღაია