ჩემი სხვისი შვილები
18-09-2017
ჩემი სხვისი შვილები
"ნუ წამართმევთ შვილების დაბრუნების იმედს!"

- დე, როგორ ხართ? დედიკო, ვიდეოთვალი ჩართე, ვერ გხედავ...
- კარგად დედიკო, შენ?
- გენაცვალე, ხვალ ვმუშაობ და ზეგ გნახავთ. მაპატიეთ, რომ ყოველდღე ვერ გნახულობთ. ნიკა, შენც დამენახე. გთხოვ, ერთი ლექსი მითხარი...
ეს დედისა და შვილების ვირტუალური დიალოგია. ბავშვები,­ რამდენიმე წელია, სხვის ოჯახში იზრდებიან. მათზე, სხვის შვილებზე,"დეიდა ნატო ზრუნავს.


45 წლის ირმა ფირანიშვილის ცხოვრებას, ოთხი წელია, შვილების მონატრება ჰქვია. შვილების, რომლებიც იმის გამო, რომ მათი
შენახვა აღარ შეეძლო, მინდობით აღსაზრდელად გაუშვა იმ იმედით,­ რომ პირობებს გაიუმჯობესებდა და შვილებს დაიბრუნებდა. ბევრი რამ სცადა, თუმცა არ გაუმართლა. ის ისევ იბრძვის საკუთარი ჭერისთვის, სადაც შვილებთან ერთად უნდა იცხოვროს.
ახლა ისანში, ჭრელაშვილის ქუჩაზე, 5 კვმ ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს, სადაც მხოლოდ საწოლი, მაგიდა და კარადა
დგას. მისი ავლადიდება თეთრეული და ჭურჭელია.

ბავშვობის წლები ტკბილად ახსენდება. სკოლის შემდეგ, სწავლა პოლიგრაფიულ ტექნიკუმში­ განაგრძო. 21 წლისა ოჯახმა გარიგებით გაათხოვა. გოგონა გა­უჩნდა და მალე ოჯახიც დაენგრა. მშობლებთან დაბრუნებულს მამამ სოფელ ძეგვში სახლი უყიდა. ქალიშვილი 10 წლის ჰყავდა, როცა მამაკაცი გაიცნო, თუმცა არ დაქ­ორწინებულან... ბიჭი რომ დაიბადა, მაშინ გაიგო, რომ მის მეგ­ობარ მამაკაცს ოჯახი ჰყავდა... ბავშვი რომ წამოიზარდა, ძეგვში სახლი გაყიდა და თბილისში დაგირავება გადაწყვიტა. თანხის ნაწილი ახლობლებს ასესხა, ნაწილი ბინის გირაოს მოახმარა. მერე გირის თანხა ქირად იქცა და სულ დაეხარჯა. ასე აღმოჩნდა ცის ქვეშ მოზრდილი ქალიშვილითა და მცირეწლოვანი ვაჟით.

ირმა ფირანიშვილი: "როცა მეორე შვილი გავაჩინე, უფროსმა­ გოგონამ მაღაზიაში, გამყიდველად­ დაიწყო მუშაობა. ახალგაზრდა, გამოუცდელი, სანამ ყიდვა-გაყიდვაში გაერკვეოდა, ვალი დაედო. ძლივს დავამტკიცე, რომ მაღაზიის დანაკარგი მისი ბრალი არ იყო.
ჩემი გოგონა 21 წლისა რაიონში გათხოვდა, ხელმოკლე ოჯახში. მასაც ჩემი დახმარება დასჭირდა.­ მძიმე ორსულობა ჰქონდა... თურქ­ეთში წავედი და ტურისტულ სამსახურში­ დავიწყე მუშაობა. ნორმალური ანაზღაურება­ მქონდა, მაგრამ ფულს გოგონას ვუგზავნიდი, ვერაფერი შევაგროვე.

მერე ისეც დავბრუნდი საქართველოში და ჩემს მეგობარ მამაკაცთან დროებით ისევ დავიჭირე საქმე. კიდეც ერთი ბიჭი შეგვეძინა - გიორგი. შემდეგ ჩემი ბიჭების მამა საბერძნეთში წავიდა და დაიკარგა... გამოუვალი მდგომარეობა შემექმნა. ახლობლების რჩევით, სოციალურ სამს­ახ­ურს მივმართე. მცირეწლოვანი ბავშვები მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩაერთნენ, მე კი ისევ სამუშაოს ძიებას შევუდექი. სასტ­უმროში დავიწყე მუშაობა და დღემდე იქ ვმუშაობ".

ირმა მადლიერია იმ ოჯახის, სადაც ახლა მისი მცირეწლოვანი შვილები იზრდებიან.
"მითხრეს, ბავშვებს მაშინ დაიბრუნებ, როცა თითოეულს ოთახი, საწოლი, ტანსაცმელი და საკვები ექნებაო. რა თქმა უნდა, სახლის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია. ხელფასი სულ 300 ლარია. ეს ქირას, კომუნალურ გადასახადებს, ტრანსპორტს, მე და ჩემს ორ შვილს უნდა გვეყოს.

მთელ თავისუფალ დროს მიმღებ ოჯახში ვატარებ, შვილების­ გვერდით. მოვისიყვარულებ და უკან ვბრუნდები. ერთადერთი საფიქრალი მაქვს: შვილები უნდა დავიბრუნო!

ყველა ბავშვში საკუთარ შვილებს ვხედავ. ქუჩაშიც მათ სახეებს ვეძებ და უკან მივდევ.
ცრემლით ვიხსენებ ერთად ცხოვ­რების ბოლო ახალ წელს... ჩვენ გარდა ყველა საზეიმო განწყობაზე­ იყო. შუქიც კი არ აგვინთია, რომ სიბნელეში ნაკლებად შესამჩნევი ყოფილიყო ცარიელი მაგიდა... საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჩემი შვილების დაბადების დღეების სუფრა მიმღებ ოჯახში იშლება. სამახსოვრო საჩუქრები და ტორტი მეც მიმაქვს..."

ნანობს, რომ ადრე იმ ქალებს კიცხავდა, რომლებიც შვილებს ბავშვთა სახლებში აბარებდნენ.
"არასოდეს თქვათ, არასოდეს!..­ თურმე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ბავშვები რომ გვერდით არ მყავს, საჭმელსაც არ ვჭამ. რაც მაქვს, შვილებთან მიმაქვს. ჩემი შვილების აღმზრდელი მეუბნება, თავს მიხედე და მხოლ­ოდ სანახავად მოდი, მათ არაფერი­ აკლიათო, მაგრამ გული არ მითმენს.

ამას წინათ უმცროსი შვილი გამებუტა, რადგან მეტი დრო შუათანას, ნიკას დავუთმე. აღარ მომეკარა. აცრემლებული წამოვედი. გიო ქუჩაში დამეწია და ჩამეხუტა. მითხრა, მე შენი ცხოვ­რების კუნწულა ვარო. ისიც ტიროდა... ნიკა უფროსია და ემოც­იებს ერევა, სისუსტეს არ მაჩვენებს და მოთმინებით ელოდება დღეს, როცა პატარა ძმასთან ერთად ჩემთან დაბრუნდება..."

დედა სოფელში ცხოვრობს, სიმსივნე აქვს. მშობლების სახლში­ გარდაცვლილი ძმის ოჯახი ცხოვრობს, და ქვრივია და ისიც მარტოხელა დედაა. ვერც ძმის ცოლს შევეხიზნები და ვერც დას მივადგები. მათ თავიანთი პრობლემები აქვთ."მთელი ცხოვრება სულ შრომაში გავატარე, მაგრამ რაიმე ღირებულის შეძენა ვერ შევძელი... საზოგადოებას მივმართავ: ვისაც გესმით ოჯახური­ სითბო, დედაშვილობა, გთხ­ოვთ, დამეხმარეთ. ნუ წამართმევთ იმედს! დაგვიდექით მხარში!"

უმცროსი ბიჭუნა წელს სკოლაში მივიდა. იქ, აღმზრდელთან ერთად, დედამაც მიაცილა. პირველი გაკვეთილის ემოციები სახლში დაბრუნებულმა, მშობლის ნაც­ვლად, დეიდა ნატოს გაუზიარა. და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ბიჭუნა დედასთან ერთად სკოლიდან თავის სახლში არ დაბრუნდება. ეს პერსპექტივა კი ჯერჯერობით არ ჩანს.

თორნიკე ყაჯრიშვილი
21 ოქტომბერი 2017 12:26
ის ფული რასაც აღმზრდელს აძლევენ დედას მისცენ რატუმ არ შეიძლება

რედაქტორის რჩევით