"ქოჩების უკვდავების ტბა შრება" - კვირის პალიტრა

"ქოჩების უკვდავების ტბა შრება"

"ტბის გარშემო მცირე ფიჭვნარია, ზოგმა დრო იხელთა და წიწვნარის ჭრა დაიწყო"

უნიკალური ქვეყანა გვაქვს - სადაც არ მოელი, იქ შემოგეფეთება ოაზისი, ზუსტად ისე, როგორც დედოფლისწყაროს ზემოთ, ხრიოკ ქედებში შემოგეყრება ქოჩების ტბა, პატარა, მართალია, ამჟამად ნირშეცვლილი, მაგრამ მზის ამოსვლისას მაინც იმდენად ლურჯი, რომ თვალს გჭრის სილამაზით.

არავინ იცის, როდის ან როგორ გაჩნდა ამ ხრიოკებში ტბა, რით იკვებება, რა ასულდგმულებს... მეცნიერები ფიქრობენ, კასპიის ზღვის ნარჩენიაო. ოდესღაც, როცა კასპიისა და შავი ზღვა თითქმის ერთდებოდა, კასპიის ზღვამ ასეულობით კილომეტრით უკან დაიხია და დედოფლისწყაროში თავისი ყოფნის ნიშნად პატარა, მარილიანი ტბა დატოვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქოჩების ტბის მახლობლად რუსული სამხედრო ბაზები და ხელოვნური პლაჟი გაჩნდა. პატარა ბიჭების გარდა, უფროსებიც დადიოდნენ ტბის ტალახით სამკურნალოდ. ახლა ქოჩების ტბა შრება! ეკომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი ამბობს, რომ კლიმატთან ერთად ადამიანიც დიდ როლს თამაშობს ტბის დაშრობაში, - ხეების გადაწვა-ჩეხა ჩვენი თაობების მოგონილია. ასე რომ, მშვენიერი ოაზისი ნაპირებიდან ნელ-ნელა შუაგულისაკენ მიიწევს და უკან მარილის ზოლებს ტოვებს. წყლის ზედაპირიც წყალმცენარეებით იფარება.

დავით ხოლელაშვილი, დედოფლისწყაროს მკვიდრი: - ბიჭები სუფთა, კამკამა წყალში თევზს ხელით ვიჭერდით - ამ მარილიან წყალში ლიფსიტებს უშვებდნენ. აქ თევზი ვერ მრავლდებოდა, მარილი ქვირითს ახმობდა, მაგრამ ლიფსიტა უშველებელი იზრდებოდა. ლელიანიდან აფრენილი გარეული იხვებიც მახსენდება...

სანაპიროზე ტალახის აბაზანებს იღებდნენ სახსრებისა თუ კანის დაავადებების სამკურნალოდ. 4-5 წლის წინ ამ ტბაზე კურორტის მოწყობას აპირებდნენ და სწორედ მაშინ შეამოწმეს წყალი. თქვეს, - აქ რამდენიმე სახის მარილია და ყველა ადამიანისთვის მარგებელიაო. ბოლო ხუთი წელიწადია, ტბა მცირდება.

- საიდან ივსება ტბა, გარშემო არც წყაროებია და არც ტყე.

- მხოლოდ მცირე ფიჭვნარია და გული გეტკინება, ისიც ისეთ დღეშია; ზოგმა დრო იხელთა და წიწვნარი დაჭრა. ამ ტბის სამკაული ეგეც იყო. არა მგონია, რომ ტბას ასეთ ხრიოკებში ბევრი მიწისქვეშა შენაკადი ჰქონდეს. Aალბათ პატარა ნაკადულით იკვებება, რომელიც ახლა შრება. ტბა ჭაობდება და ხავსით იფარება. ეს ტბა დედოფლისწყაროსთვის უკვდავების წყალივით არის და მისი გაქრობის გვეშინია. მამაჩემი იტყოდა ხოლმე, რომ ჩემს ბავშვობაში ეს ტბა ისე დაშრა, ხალხი ურმებით ადიოდა და დარჩენილი მარილი პირუტყვისთვის ჩამოჰქონდა. მაშინ მთავრობამ მოინდომა და ტბა არხებით შეავსო. ნუთუ არ შეიძლება ახლაც დაინტერესდნენ ტბის ბედით და სანამ გვიან არ არის, მოგვეშველოს. ამ უკვდავების წყლის გარეშე გაგვიჭირდება.

ეთერ ერაძე