რატომ გახშირდა მსოფლიოში სტიქიური მოვლენები - კვირის პალიტრა

რატომ გახშირდა მსოფლიოში სტიქიური მოვლენები

"საქართველოში ანომალიური მეტეოროლოგიური მოვლენები მძაფრად იმიტომ არ იჩენს თავს, რომ ჩრდილოეთიდან კავკასიონის ქედი გვიცავს. არქტიკული და ციმბირის, რუსეთის ტრამალების ცივი ჰაერის მასებს აქეთ არ ატარებს"

ბოლო დროს მსოფლიო ჰიდრომეტეოროლოგიურ სივრცეში ბევრი ანომალია აღინიშნება - უძლიერესი ქარიშხლები ცენტრალურ ამერიკაში, წყალდიდობები ევროპასა და აზიაში, ტემპერატურული მაქსიმუმი ახლო აღმოსავლეთში... რა ახსნა აქვს ამ მოვლენებს, კიდევ რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ როგორც მსოფლიოს, ისე ქვეყნის მასშტაბით, ამ საკითხებზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ტარიელ ბერიძე გვესაუბრება:

- თანამედროვე მსოფლიოში გასაკვირი არაფერი ხდება. აშკარაა კლიმატის ცვლილებები - დნება და წყალში ცვივა არქტიკის, ანტარქტიდის თუ გრენლანდიის გრანდიოზული მყინვარებიდან დაძრული მასა. რაც იმის მაჩვენებელია, რომ რაღაც იცვლება, მიზეზი ბევრი ფაქტორია: C2-ის გამოყოფა, ციკლურობა, რომელიც მზის აქტივობას ახასიათებს და ატმოსფეროზე აისახება - დედამიწა ხომ კოსმოსურ ცვლილებებზე რეაგირებს.

ამერიკის ცენტრალური ნაწილი ცივი და ცხელი ჰაერის მასების შეჯახების, ასე ვთქვათ, მუდმივი ფრონტია. ამ ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან დაუბრკოლებლად მოდის ცივი ჰაერის მასები, ხოლო კარიბის ზღვიდან ასევე მიედინება ცხელი ჰაერის მასები. კარიბის ზღვიდან ცხელი დინება - "გოლფსტრიმი" მიდის ჩრდილოეთით, კანადისა და შტატების სანაპიროებზე კი ლაბრადორის ცივი დინება - სწორედ მათი შეჯახება იწვევს ანომალიებს. "ირმა" და სხვა გრანდიოზული ქარიშხლები ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკისთვის, ამ ტერიტორიაზე ხშირია დამანგრეველი ქარიშხალი და წყალდიდობა. რამდენიმე წლის წინ ფლორიდაში უარესი დატრიალდა.

თბილი დინება არქტიკისკენ მიემართება და წარმოიდგინეთ, ყინულოვანი გრენლანდიის გრანდიოზული კუნძულის სამხრეთ სანაპიროს სიმწვანე გასდევს, არხანგელსკის პორტი კი არ იყინება მაშინ, როცა შავ ზღვაში ოდესისა და სიმფეროპოლის პორტებს აქვთ ეს პრობლემა. ეს იმიტომ, რომ ჩრდილოეთის ამ ადგილებამდეც აღწევს თბილი დინება. ამ დროს ოკეანეთში ცივი და ცხელი ნაკადები გადაადგილდება, რაც ქარიშხლების წარმოქმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

რაც შეეხება ევროპას, იქ, ძირითადად, ატლანტის ოკეანიდან შედის დაბალი წნევის ცენტრები ციკლონების სახით და აღმოსავლეთისკენ მიემართება. ეს არის დასავლეთის ქარებად ცნობილი ჰაერის ნაკადები. ატლანტის ოკეანის თბილი დინებების ზედაპირიდან წამოსული ჰაერი გაჯერებულია წყლის ორთქლით, რაც იწვევს ნალექს, უხვთოვლიანობას, თავსხმა წვიმებსა და აქედან გამომდინარე, წყალდიდობებს.

თქვენ წარმოიდგინეთ, ატლანტის ოკეანიდან გადმოსული ჰაერის მასები იწვევს წყალდიდობებს საქართველოშიც.1200 კმ-ზე ოკეანესავითაა გაწოლილი შავი ზღვა. ამიტომაც ძალიან დიდი გარბენი აქვს ქარებს. ამასთან, ზღვიდან გადმოსული ჰაერის მასები ხშირად დიდი რაოდენობით წყლის ორთქლს შეიცავენ, რაც უხვ ნალექს იწვევს დასავლეთ საქართველოში.

საქართველოში ანომალიური მეტეოროლოგიური მოვლენები მძაფრად იმიტომ არ იჩენს თავს, რომ ჩრდილოეთიდან კავკასიონის ქედი გვიცავს. არქტიკული და ციმბირის, რუსეთის ტრამალების ცივი ჰაერის მასებს აქეთ არ ატარებს. ამიტომაც არ არის ჩვენთან ისეთი მასშტაბური მოვლენები, როგორიც ცენტრალური ამერიკის სივრცეში. თუმცა, კლიმატის ცვლილების შედეგები ჩვენს ტერიტორიაზეც ვლინდება. გახსოვთ, ალბათ, ორი წლის წინანდელი დევდარაკის ტრაგედია. მყინვარები საქართველოშიც დნება გლობალური დათბობის გამო. დიდი ხანია, ეს პროცესი დაწყებულია.

კლიმატური ცვლილების მიზეზად მარტო C2-ის ტოტალურ გაფრქვევას ვერ განვიხილავთ, თუმცა, ცალსახაა, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მსოფლიოში ასეულობით მილიონი შიდაწვის ძრავის მუშაობა, რა თქმა უნდა, დიდ გავლენას ახდენს გარემოსა და კლიმატურ პროცესებზეც, ამიტომაც არის, რომ დიდი სახელმწიფოები C2-ის ატმოსფეროში გატყორცნის რეგლამენტირებულ ნორმებს აწესებენ. თუმცა, განმსაზღვრელი მაინც კოსმოსური ფაქტორებია.

ასეთი მიკრომოვლენები საქართველოშიც აღინიშნება. დასავლეთიდან გრილი და ნოტიო ჰაერის მასები აღწევს, სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასები მოდის; ანუ აქაც წარმოიშობა ფრონტები, ამიტომაც არის გახშირებული მოკლევადიანი თავსხმა წვიმები. შედეგად გააქტიურებულია წყალდიდობები და წყალმოვარდნები, ღვარცოფები, მეწყრები და ა.შ. თუმცა, 80-იანი წლების შემდეგ მასშტაბური წყალდიდობა არ გვქონია.

- რომელ წყალდიდობას გულისხმობთ?

- 1987 წელს რიონმა მთელი კოლხეთის დაბლობი წყლით დაფარა. ათასობით საქონელი და ფრინველი დაიხოცა, ერთი ჯარისკაციც ემსხვერპლა ამ სტიქიას. საბედნიეროდ, შემთხვევა დღისით მოხდა და ამან გადაარჩინა მოსახლეობა.

ასე რომ, ახალი არაფერი ხდება, თუმცა, გამძაფრებული და გააქტიურებულია ყველაფერი. ასეთია ჩვენი პლანეტა.

- შესაძლებელია თუ არა ჩვენთანაც იჩინოს თავი ანომალიურმა კლიმატურმა პროცესებმა?

- ასეთი პროგნოზის შესახებ ინფორმაცია არა მაქვს. შიშის საფუძველი ნამდვილად არა გვაქვს. წინ ჩვეულებრივი სეზონები გველოდება, შესაძლოა, რამდენიმე დღე იყოს ოდნავ გამორჩეული.

ეკა სალაღაია