"ზურაბ სოტკილავას ნატვრა არ აუსრულდა, აფხაზეთში ჩასვლას და მშობლების საფლავის ნახვას ვეღარ მოესწრო" - კვირის პალიტრა

"ზურაბ სოტკილავას ნატვრა არ აუსრულდა, აფხაზეთში ჩასვლას და მშობლების საფლავის ნახვას ვეღარ მოესწრო"

"მოსკოვში ყველა ქართველის მასპინძელი იყო. თან გადაყოლა იცოდა"

80 წლის ასაკში ქართველი საოპერო მომღერალი, ზურაბ სოტკილავა ავადმყოფობის შემდეგ მოსკოვში გარდაიცვალა. მომღერალს საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.

ზურაბ სოტკილავას ექიმებმა მძიმე დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს - კუჭქვეშა ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე. მომღერლის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 5 თვის წინ გაუარესდა. მან ექიმებს მუცლისა და გულმკერდის არეში მწვავე ტკივილების ჩივილით მიმართა. რამდენიმე თვეში მომღერალმა წონაში 25 კგ დაიკლო. ონკოლოგიურმა გამოკვლევამ თავდაპირველად არაფერი გამოავლინა. სამწუხარო დიაგნოზი ზურაბ სოტკილავას გერმანულ კლინიკაში დაუსვეს. მომღერალს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. მას შემდეგ ზურაბ სოტკილავა ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა...

ზურაბ სოტკილავაზე წარსულში საუბარი განსაკუთრებით მის მეგობრებს უჭირთ...

ანზორ ერქომაიშვილი, ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელი:

"ჩვენ მთელი ახალგაზრდობა ერთად გავატარეთ. როდესაც დავით ანდღულაძის გაკვეთილებზე მიდიოდა, მეც ვესწრებოდი. იქედან უკვე ჩანდა, რომ დიდი მომღერალი დადგებოდა. აღიარებულ პედაგოგს მისი იმედი ჰქონდა. მართლაც, ზურაბ სოტკილავამ უდიდესი როლი შეასრულა ქართული საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციაში. უდიდესი მომღერალი და შესანიშნავი თვისებების მქონე პიროვნება იყო. ძალიან უყვარდა ანსამბლი "რუსთავი". რადგანაც მეგრული სიმღერები კარგად იცოდა, ბატონმა ოთარ თაქთაქიშვილმა სწორედ მისთვის შექმნა ორი ციკლი მეგრული სიმღერების, რომელსაც "რუსთავთან" ერთად ასრულებდა... ხალხი მუდამ ფეხზე ამდგარი აჯილდოვებდა ხანგძლივი ოვაციებით.

მომღერალს შეიძლება დიდი ნიჭი ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს ის მთავარი თვისება, რისთვისაც ხალხს უყვარს და აფასებს. იგი გულში იკრავდა თითოეულ მსმენელს. ყველა მათგანს ეგონა, თითქოს მისთვის მღეროდა მარტო... ის დიდი პედაგოგიც იყო, ძალიან დიდი სკოლა შექმნა მოსკოვში - სოტკილავას სკოლა!

ზურაბ სოტკილავას პატრიოტიზმი ყველაფერში იგრძნობოდა, აფხაზეთში მიწვეული იყო და უარი განაცხადა, ქართველები ერთად უნდა დავბრუნდეთო... სულ ნატრობდა, როდის შევალთ ერთად აფხაზეთში, იქ რომ კონცერტები გავმართოთო. ნატვრა არ აუსრულდა,  მშობლების საფლავზე არ ყოფილა დიდი ხნის განმავლობაში და სამწუხაროდ ვეღარ მოესწრო იქ ჩასვლას. ალბათ, მისი მოწაფეები ჩავლენ აფხაზეთში ზურაბ სოტკილავას სულის უკვდავსაყოფად.

მასზე წარსულში საუბარი ძალიან მიჭირს. ამხელა გზა ერთად გამოვიარეთ და ყველაფერი მხოლოდ მოგონებად რჩება".

გია ონიანი, ქართველი ტენორი:

"იცოდა მსმენელის მოჯადოება, რაც ყველას არ შეუძლია... მახსოვს, ჩვენი ერთობლივი კონცერტები, როცა თაქთაქიშვილის "მეგრულ სიმღერების ციკლს" ერთად ვასრულებდით. მე მაშინ ანსამბლ "რუსთავში" ვმღეროდი და მქონდა პატივი, მასთან ერთად ვმდგარიყავი სცენაზე.

ერთი პატარა კურიოზული მომენტიც გვქონდა, რაც ჩემი გამოუცდელობის და ალბათ ცოტა თავხედობის ბრალიც იყო. ამ კონცერტის ბოლოს ბატონმა ზურაბმა შეასრულა ბისზე ნეაპოლიტანური სიმღერა "საქანელაზე", სადაც ჩვენ ფონს ვუკეთებდით.. ფინალურ აკორდზე ბატონ ზურაბს უნდა სი ბემოლი უნდა აეღო,ჩვენ კი აკორდის სხვა ნოტები უნდა აგვეღო.. მაგრამ არ ვიცი რატომ, ისიც ფა-ზე გავიდა სი ბემოლის ნაცვლად. ამიტომ ტონიკურ აკორდს აკლდა მარილი... ცოტა გული დამწყდა, მაგრამ ხალხმა მაიც დაიძახა "ბრავო" და ბისი.. გაიმეორა ეს ნომერი ბატონმა ზურაბმა და ჩვენც, მაგრამ (მაშინ სტუდენტი და ძალიან ახალგაზრდა ვიყავი) ვიფიქრე, ის თუ არ იღებს მე მაინც ავიღებ მაგ სი ბემოლს-მეთქი და როცა მივედით ბოლო აკორდამდე გავუში სი ბემოლი... თურმე ბატონი ზურაბიც აპირებდა და უკნიდან რომ გაიგონა, გაოცებულმა შემომხედა, მაგრამ არ შეიმჩნია და ჩემთან ერთად იმანაც აიღო. უბრალოდ მე მიყურებდა, ერთად რომ მოგვეხსნა ნოტი. ცხადია, მწარედ ვინანე და სირცხვილისგან გავწითლდი, მაგრამ მან დიდსულოვნად მომიტევა და ბანკეტზე მამაშვილურად დამარიგა.

მოსკოვში ყველა ქართველის მასპინძელი იყო. თან გადაყოლა იცოდა. სახლშიც ვარ მასთან ნამყოფი მაესტრო ნოდარ ანდღულაძესთან ერთად 1998 წელს და მისი გულთბილი დახვედრა არასოდეს დამავიწყდება".

იხილეთ ასევე: "ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იყო ქართულ სცენებზე გამოსვლა"

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)