"ქართული ოცნების" დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ?" - რა მოხდა შუახევის სკოლაში? - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ?" - რა მოხდა შუახევის სკოლაში?

15 სექტემბერს შუახევის სოფელ სხეფის სკოლის მასწავლებელმა, მარინე დარჩიძემ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც პირველი კლასის მოსწავლეებს ხელში "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ.

დღეს პედაგოგი "ინტერპრესნიუსთან" გამოეხმაურა გადაღებულ ფოტოს. მისი თქმით, სკოლაში დროშები ბავშვებმა მიიტანეს და ფოტოს გადაღებაც თავად მოსწავლეებმა ითხოვეს. მანანა დარჩიძის თქმით, სკოლაში "ქართული ოცნების" აგიტაცია არ უწარმოებია.

"აკრძალვის შესახებ ვიცოდი, მაგრამ მიზანმიმართულად არ გამიკეთებია. ყველაფერი დაუკვირვებლად გამომივიდა. იმ წუთს არ ვიცი რაზე ვფიქრობდი. დროშები ბავშვებს ხელში ჰქონდათ და მთხოვდნენ ფოტოს გადაღებას. ფოტო წუხელ ავტვირთე. მე აგიტაცია და მსგავსი არაფერი გამიკეთებია. ეს იყო მექანიკური შეცდომა. მომხდარის გამო, დირექციისგან საყვედური მივიღე. ჩემს მიმართ დისციპლინური კომისია მუშაობს. არ ვიცი, უბრალოდ დროშების გამო უნდა გამათავისუფლონ?",- აცხადებს მარინა დარჩიძე.

როგორც სკოლის დირექტორმა ოთარ დავითაძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, პედაგოგმა ვერ გათვალა, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მის ქმედებას.

"აღნიშნულის შესახებ დისციპლინურ კომისიას მივმართეთ. აუცილებლად განვიხილავთ. შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა, როდესაც ბავშვები სკოლაში პირველად მოვიდნენ. ფოტოები გაკვეთილების დასრულების შემდეგ გადაიღეს. ისე უხაროდათ ბავშვებს, ამას თუ ასეთი რეაგირება მოჰყვებოდა, კლასის პედაგოგს არ ეგონა. მე პირადად კლასის პედაგოგს ვესაუბრე და მითხრა, რომ არც კი დავფიქრებულვარ ამაზეო. ეს დროშები ბავშვებს ჰქონდათ მოტანილი", - აცხადებს ოთარ დავითაძე.

მომხდარს განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავაც გამოეხმაურა.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან ან გამიზნულ მოქმედებასთან. ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა გუშინწინ, როდესაც ეს ინფორმაცია მივიღეთ. ძალიან პრინციპული საკითხია და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი ან თუნდაც წესებიდან გადაცდომა. საინტერესო ის არის, რომ მიგვითითებს და რჩევებს გვაძლევს "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც სკოლის პოლიტიზების პრაქტიკა შექმნა. მათ ამ თემაზე სალაპარაკო ნამდვილად არ აქვთ. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ სკოლები სრულად თავისუფალია პოლიტიკური პროცესისგან და მომავალშიც ასე იქნება", - განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრი შუახევის სკოლის მასწავლებლის და დირექციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს. მისივე თქმით, პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს გაფრთხილება, საყვედური და უკიდურეს შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლება.