ჯილდო უკეთესი მომავლის შექმნისთვის - კვირის პალიტრა

ჯილდო უკეთესი მომავლის შექმნისთვის

"ვისოლს" "ოქროს რაში" გადაეცა

24 მაისს სპორტის სასახლეში ფონდ "იავნანას" ორგანიზებით გამართულ მორიგ საქველმოქმედო მუსიკალურ აქციაზე ნავთობკომპანია "ვისოლს" სპეციალური ჯილდო, "ოქროს რაში" გადაეცა. ავტოგასამართი სადგურების ყველაზე დიდი ქსელის მქონე და ნავთობსექტორში ყველაზე დიდი დამსაქმებელი კომპანიის იმიჯს კიდევ ერთი მახასიათებელი - ქველმოქმედი კომპანიის სახელი დაემატა. კომპანია ზრდისა და განვითარების ტემპების პროპორციულად ძლიერდება. "ვისოლი" ფონდ "იავნანასთან" ერთად განხორციელებული საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის დაჯილდოვდა.

კონცერტზე სახელწოდებით - "ყველაზე მაგარი საღამო" - ანსამბლები "მგზავრები," "ფრანი," ნიაზ დიასამიძე, სალომე კორკოტაშვილი, ნიკოლშოუ, სუხიშვილების "ასსა ფართი" პაატა ბურჭულაძესთან ერთად სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ნიჭიერი და წარჩინებული სტუდენტების დასახმარებლად შეიკრიბნენ.

აქციის შედეგად ფონდმა "იავნანამ" კიდევ სამ ოჯახს და ცხრამეტ ბავშვს აუსრულა ოცნება. მათ საშუალება მიეცათ საკუთარ სახლში იცხოვრონ. ამასთან, აღნიშნული აქციის შედეგად მიღებული შემოწირულობებით 8 სტუდენტს სწავლა დაუფინანსდება.

სპორტის სასახლეში საქველმოქმედო აქცია "ვისოლის" დაჯილდოებით დასრულდა.  ქველმოქმედ კომპანიას "ოქროს რაში" მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ გადასცა.

"ვისოლის" და ფონდ "იავნანას" ერთობლივი პროექტების განხორციელების შედეგად უკვე არაერთ მრავალშვილიან ოჯახს აუსრულდა ოცნება, ჰქონოდა საკუთარი სახლი. საქველმოქმედო აქციების შედეგად მრავალ უსახლკაროს გადაეცა საცხოვრებელი ბინა. შედეგად ფონდ "იავნანას" და მხარდამჭერი ორგანიზაციების ძალისხმევით 700-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს მშობლებთან ერთად.

"ვისოლი სოციალურ პროექტებს ახორციელებს დევიზით: "ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს". შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ჯილდო" - განაცხადა დაჯილდოების შემდეგ "ვისოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძემ.

"ვისოლის" ჯილდო კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლევან ფხაკაძის ვაჟმა ვასიკო ფხაკაძემ მიიღო, რასაც აქციის დამსწრე საზოგადოებამ სიმბოლური დატვირთვა მიანიჭა. ხალხის აზრით, შემთხვევითი არ არის, რომ უკეთესი მომავლის შესაქმნელად მოქმედი კომპანიისთვის განკუთვნილი ჯილდო, იმ თაობის წარმომადგენელს  გადაეცა, ვინც არა მარტო "ვისოლის", ქვეყნის მომავალი უნდა შექმნას.

"ვისოლი დაარსების პირველივე დღიდან გვერდით გვიდგას, თითქმის ყველა ჩვენი აქციის მხარდამჭერია და ძალიან ბევრი ერთობლივი პროექტი გვაქვს განხორციელებული. ლევან და სოსო ფხაკაძეებთან ძალიან დიდი მეგობრობა მაკავშირებს. საპატიო მიზეზის გამო ისინი ვერ დაესწრნენ ჩვენს აქციას, მაგრამ მიხარია, რომ "ოქროს რაშის" მისაღებად სცენაზე ამოვიდა ლევანის შვილი ვასიკო ფხაკაძე, რომელიც ასევე აქტიურად მონაწილეობს ხოლმე თავის მეგობრებთან ერთად ჩვენს აქციებში. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი თაობა გვეზრდება" - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

იმის გამო, რომ "ვისოლის" და ფონდ "იავნანას" სამოქმედო დევიზები ერთმანეთს ჰგავს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ორი ორგანიზაციის კავშირი ბუნებრივად უნდა მომხდარიყო. "ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს", - ამბობს "ვისოლი", ფონდ "იავნანას" შექმნის მოწოდება კი თავიდანვე იყო "ერთად გადავარჩინოთ მომავალი" - ასეთი მოწოდებით დააარსა მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 2004 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა".”ფონდი პირველივე დღიდან ბავშვების საიმედო თავშესაფარი გახდა. ფონდის ეგიდით არაერთი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.

მომავალი თაობის მომავლის სრულყოფაზე ორიენტირებული "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს. "ვისოლის" მიზანია თავისი წარმატებული ბიზნესსაქმიანობით წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მშენებლობაში.

ძლიერი ეკონომიკა კი დასაქმებულ ადამიანებს, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებულ ინფრასტრუქტურას, მაღალინტელექტუალური კადრების არსებობასა და ქვეყნის მდგრად განვითარებას ნიშნავს. ამას გარდა, "ვისოლი" უფრთხილდება გარემოს და საზოგადოების კეთილდღეობისათვის სოციალურ ინვესტიციებს, ქველმოქმედებას და სხვადასხვა სოციალურ პროექტს ახორციელებს.

R