როგორ შეიძლება, სახელმძღვანელო ერთდროულად კარგიც იყოს და უვარგისიც(?!) - კვირის პალიტრა

როგორ შეიძლება, სახელმძღვანელო ერთდროულად კარგიც იყოს და უვარგისიც(?!)

"მაგას თავი გაანებე, ის ორი არ ვარგაო"

"მივხვდი, რომ ამ სახელმძღვანელოს ჩაჭრა უნდოდათ"

ნებისმიერი სასწავლო წიგნი მოსწავლის აზროვნების განვითარებაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. ამიტომ სასკოლო  სახელმძღვანელოს შერჩევა დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ამ საქმით დაკავებულია სპეციალური კომისია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ეროვნული სასწავლო  პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ცენტრის წარმომადგენლისა და ორი მოწვეული სპეციალისტისაგან შედგება და კონკურსში გამარჯვებული წიგნის გამოვლენა ევალება.

როგორც შევიტყვეთ, ამჟამინდელი  კომისიის საქმიანობას უსკანდალოდ არ ჩაუვლია. გასულ კვირას არაერთი სასწავლო წიგნის ცნობილი ავტორის სახელმძღვანელო ჩავარდა, ე. ი.  კანონით გათვალისწინებული გრიფი ვერ მიიღო.

გაჩნდა არცთუ უსაფუძვლო ეჭვი კომისიის წევრთა არაობიექტურობის თაობაზე. მოკლედ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ისეთი ამბავი დატრიალდა, რომ კომისია საჩივრების განხილვას ვეღარ აუდიოდა.

მალხაზ მეტრეველი, მე-5 კლასის რუსული ენის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი: "გასულ წლებში  მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები ჩემი სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ. მე "ვესიოლიე კარტინკის" ავტორი ვარ. წელს მესამედ ვმონაწილეობდი კონკურსში, მაგრამ უგრიფოდ დავრჩი. ჩემი სახელმძღვანელო მე-5 კლასელთათვის იყო განკუთვნილი. კომისიის ერთ-ერთმა წევრმა წიგნს საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა, მეორემ - საშუალო, მესამემ კი ყველა კრიტერიუმისთვის განკუთვნილ გრაფაში  "0"-ები  ჩაწერა.

ბუნებრივია, როცა ერთი და იმავე კრიტერიუმით შეფასებისას კონკურსის მონაწილე ასეთ რადიკალურად განსხვავებულ ნიშნებს, უმაღლეს და უდაბლეს შეფასებებს იღებს, კომისიის ობიექტურობაზე ეჭვი გიჩნდება. რომელი კომისიის წევრი იყო ობიექტური? ის, რომელმაც მაღალი შეფასება მომცა, თუ რომელმაც ყველა გრაფაში "0"-ები დაწერა?"

პასუხს ველოდები, ჯერ კიდევ მიმდინარეობს საჩივრების განხილვა. ჩემი წიგნები ყოველთვის იმარჯვებდა, კარგ ნამუშევრად ითვლებოდა. წელს რაღა მოხდა? კომისიის წევრთა შეფასებები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული იყო".

როგორც გავარკვიეთ, შეფასება "0" ნიშნავს, "კრიტერიუმს საერთოდ არ შეესაბამება", "1" - "ნაწილობრივ შეესაბამება", "2" იგივეა, რაც "უმეტესწილად შეესაბამება", "3" - "შეესაბამება". კრიტერიუმები კი შემდეგნაირია: რამდენად შეესაბამება სახელმძღვანელო ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, არის თუ არა მასში გათვალისწინებული მოსწავლეთათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, განათლების ეროვნული მიზნების დამოკიდებულებები და სხვ.

თუ თითოეული ექსპერტის შეფასება 70 ქულაზე ნაკლებია, არადამაკმაყოფილებლად ითვლება. იმისთვის, რომ წიგნმა ბარიერი გადალახოს, ორმა ექსპერტმა მაინც უნდა მისცეს მას დამაკმაყოფილებელი შეფასება, ე. ი. 70-ქულაზე მეტი.

მეტრეველის წიგნისთვის ერთ-ერთ ექსპერტს 70-ზე მეტი ქულა მიუნიჭებია, მეორეს - 70-ზე ნაკლები, მესამეს კი ყველა კრიტერიუმის გრაფაში, როგორც უკვე მოგახსენეთ, "0"-ები ჩაუწერია. რომელი წევრის შეფასება იყო ობიექტური და რამდენი ქულა დააკლდა წიგნს გრიფის მისაღებად, ამის გასარკვევად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენელს, ანა მხეიძეს ვესაუბრეთ: - გამსვლელი ქულა წიგნისთვის კანონით არის დადგენილი. კომისია სამი ექსპერტისგან შედგება, რომელთაგან ერთ-ერთი თავად ვარ, ორი წევრი მოწვეული სპეციალისტია, მათგან ერთ-ერთი მასწავლებელი, მეორე კი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორია.

- თქვენი აზრით, როდესაც წიგნს ერთი და იმავე კრიტერიუმით მიღებული აქვს როგორც უმაღლესი, ასევე უდაბლესი შეფასებები, ეს კომისიის რომელიმე წევრის არაობიექტურობაზე არ მეტყველებს?

- ობიექტურობაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ კომისიის თითოეული წევრის შეფასებები ჯამდება და საშუალო არითმეტიკულით განისაზღვრება წიგნისთვის გრიფის მინიჭება-არმინიჭების საკითხი.

- მაგრამ თქვენ არ მიპასუხეთ კითხვაზე, შეიძლება თუ არა კომისიის რომელიმე წევრი იყოს მიკერძოებული?

(ტელეფონი გათიშა)(?!).

გრიფის მინიჭების წესი განმარტავს, რა შემთხვევაში არ შეიძლება შეფასდეს სახელმძღვანელო: თუ მისი შინაარსი, დიზაინი ან სხვა მოცემულობა შეიცავს დისკრიმინაციულ ელემენტებს, არ აკმაყოფილებს ტექნიკურ პირობებს და სხვ.

მალხაზ მეტრეველი: "სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, როცა კომისიის ერთმა წევრმა ჩემს წიგნს ყველა კრიტერიუმით "0"-ები დაუწერა, ე. ი. არ შეაფასა. შეგიძლიათ წიგნი ნახოთ და დარწმუნდეთ, რომ ის არ შეიცავს დისკრიმინაციულ ელემენტებს, აკმაყოფილებს ტექნიკურ პირობებს და სხვა მოთხოვნებს".

დიდი კვლევა-ძიების შემდეგ "კვირის პალიტრამ" კომისიის კიდევ ერთ წევრთან, ქალბატონ ლამარა ჩინჩალაძესთან დაკავშირება შეძლო.

ლამარა ჩინჩალაძე, მიწვეული ექსპერტი: "მეტრეველის სახელმძღვანელოს 88 ქულა მივანიჭე. ეს ნორმალური შეფასებაა, კომისიის წევრებს ვეკამათე კიდეც ამ წიგნის გამო. მივხვდი, რომ ამ სახელმძღვანელოს ჩაჭრა უნდოდათ. მაშინ არც კი ვიცოდი, მისი  ავტორი ვინ იყო, მოგვიანებით შევიტყვე. მე განსახილველად სულ 3 სახელმძღვანელო მქონდა.

წესისამებრ, სამივე სახელმძღვანელო კოდირებული იყო, ე. ი. ავტორი არ იყო მითითებული, ერთ-ერთ წიგნს კი, ჩემდა გასაკვირად,  სატიტულო ფურცელი ახლდა (ავტორის გვარის მითითების გარეშე), რაც გრიფის მინიჭების წესის დარღვევა გახლდათ.

ცხადია, მივხვდი, თუ ვის ეკუთვნოდა ეს სახელმძღვანელო. ანა მხეიძეს ვუთხარი, ერთ-ერთი წიგნის ჩაჭრა მომიხდა (ე.ი. 70 ქულა ვერ დავწერე), მეორე - კარგია, მესამეს კი არა უშავს-მეთქი და იმ ტიტულიანი ფურცლის ავტორი დავუსახელე. "მაგას  თავი გაანებე, ის ორი არ ვარგაო", - მიპასუხა ქალბატონმა ანამ. სიმართლე გითხრათ, გავოგნდი. მხეიძეს უნდოდა, ის ორი წიგნი ჩამეჭრა. ვიცი, რომ კომისიის მესამე წევრი ანა მხეიძის მეგობარია. გვარს შეგნებულად არ ვასახელებ.

- იქნებ კომისიის წევრებმა თქვენ დაგდონ ბრალი მეტრეველის წიგნის ლობირებაში?

- მე შემიძლია დავამტკიცო, რომ წიგნი დადებით შეფასებას იმსახურებს, ჩემგან განსხვავებით, ზოგ-ზოგიერთს კი ნამდვილად გაუჭირდება იმის დამტკიცება, რატომ დაუწერა წიგნს ყველა კრიტერიუმში ნული.

ალბათ, მიხვდით, რომ მეტრეველის წიგნს ნული სწორედ ანა მხეიძემ დაუწერა. არ არის გამორიცხული, განაწყენებულმა ავტორებმა ამ საკითხის სამართლებრივი შესწავლაც მოითხოვონ.

P.S. სამწუხაროა, რომ ასეთ არაობიექტურობას სწორედ ისეთ სფეროში ვაწყდებით, რომელიც ჩვენი შვილების განათლებას ეხება. ამ საქმეში მიკერძოებული ან ანგარებიანი დამოკიდებულება ნამდვილად უზნეობაა.