"პოლიტოლოგები მეუბნებოდნენ, მიშას მაქსაკოვა მოჰყავს ცოლად და უკრაინაში გვერდითაც ის ეყოლებაო" - კვირის პალიტრა

"პოლიტოლოგები მეუბნებოდნენ, მიშას მაქსაკოვა მოჰყავს ცოლად და უკრაინაში გვერდითაც ის ეყოლებაო"

"მალოხოვის შოუში ვთქვი, რომ სააკაშვილი თამაშობს რუსულ თამაშს, იმიტომ რომ თუ ვინმე აწყობს უკრაინაში ასეთ არეულობას, არის რუსეთი"

"რუსეთის პირველ არხზე, ამერიკელ, უკრაინელ და ფრანგ ექსპერტებთან ერთად, ვიქნები ექსპერტი კავკასიის საკითხებში. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩემთვის, ისევე როგორც სხვა საქმეები რასაც ამ ზაფხულს მოვკიდე ხელი", - განაცხადა "რეიტინგთან" ამ რამდენიმე დღის წინ ლალი მოროშკინამ, რომლის ყოველი გამოჩენა რუსულ არხებზე ჩვენში რეზონანსული ხდება.

- რუსეთის პირველ არხს დავთანხმდი პოლიტოლოგობას და ამერიკელ, ფრანგ, პოლონელ და უკრაინელ ექსპრეტებთან  ერთად, განვიხილავთ მსოფლიოში მომხდარ სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენებს. გარდა ამ კონკრეტული არხისა, სხვადასხვა რუსულ არხებზეც ხშირად ვარ მიწვეული და ყველგან ვცდილობ საქართველოს დაცვას.

თუ ბოლო გადაცემა ნახეს საქართველოში, იმასაც ნახავდნენ, რომ რუსულ აუდიტორიას ტაში დავაკვრევინე ქართველი პატრულისა და მეხანძრეებისთვის, ანუ ვაკეთებ იმას, რაც არ გაკეთებულა ამდენი ხნის განმავლობაში. აქამდე რუსულ გადაცემებში არც ერთი ქართველი არ მონაწილეობდა და ქართულ ინტერესებს არავინ იცავდა...

- ამ გადაცემებში რუსეთის მიერ ქართული ტერიტორიების ოკუპაციაზე ლაპარაკობთ?

- აუცილებლად, ერთ-ერთ გადაცემაში პირდაპირ ვთქვი კიდეც, საქართველო ოკუპირებულია-მეთქი და ეს ნათქვამი არ ამომიჭრეს. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ შეთანხმება არის ასეთი, თუ მე ვიღებ გადაცემაში მონაწილეობას, ჩემი ნათქვამიდან ყველაფერი უნდა დარჩეს, მიუხედავად იმისა, მისაღებია თუ არა ეს მათთვის. ოკუპაციაც ნათქვამი მაქვს, სავიზო რეჟიმი რომ მოქმედებს რუსეთ-საქართველოს შორის ესეც და ისიც ვთქვი, რომ 2006 წელს ქართველებს ძალიან ცუდად მოგვექცნენ, როდესაც უდანაშაულო ხალხი გამოაძევეს რუსეთიდან...

- სააკაშვილზე გკითხავთ, როგორ შეაფასებდით მის უკრაინაში ჩასვლას?

- 15 სექტემბერს, მალოხოვის შოუში ვთქვი, რომ სააკაშვილი თამაშობს რუსულ თამაშს, იმიტომ რომ თუ ვინმე აწყობს უკრაინაში ასეთ არეულობაა, არის რუსეთი. ასეთი დაკნინებული, მარტივ მამრავლებად დაშლილი უკრაინა მხოლოდ მტრის ინტერესში შეიძლება იყოს, უკრაინისთვის ასეთი მტერი რუსეთია. ვთქვი კიდეც, რუსები მორჩით ჭორაობას, მიშას ქალებზე, რადგან სააკაშვილი გაცილებით დიდი პოლიტიკური ფიგურაა, ვიდრე თქვენ გგონიათ-მეთქი.

ადამიანი ძალიან დიდ პოლიტიკურ თამაშებშია ჩართული და არის დიდი პიარტექნოლოგი. ცალკე საკითხია ამას რა მიზნისთვის აკეთებს. დღეს მიშას გვერდით დგას სანდრა რულოვსი. რამდენიმე თვის წინ ვთქვი კიდეც, რომ მიშას გვერდით, უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში იქნება სანდრა-მეთქი, რუსი და უკრაინელი პოლიტოლოგები მეუბნებოდნენ, რომ მიშას მაქსაკოვა მოჰყავს ცოლად და გვერდითაც ის ეყოლებაო. მაშინვე ვუთხარი, რომ ამის თეორიული შანსიც არ არსებობდა, რადგან სანდრასთან, ის, გარდა ოჯახური, სხვა ძაფებითაც არის დაკავშირებული. მე როცა ვაკეთებ პროგნოზს, ვიცი, რომ ეს აუცილებლად, ასე იქნება და ამ შემთხვევაშიც ასე აღმოჩნდა.

- მაშინ გავაკეთოთ პროგნოზი - საქართველო და სააკაშვილი ისევ დაუკავშირდებიან ერთმანეთს?

- მიშას არანაირი სურვილი არ აქვს საქართველოსთან თამაშის, რადგან მას საერთოდ არ აინტერსებს ორმილიონნახევრიანი საქართველო, მას აინტერესებს 40-მილიონიანი უკრაინა, სადაც ოლიგარქ კოლომოსკისთან ერთად დიდ ფულს გააკეთებს, რაც ყოველთვის იყო მისი ამოცანა. ძალიან დიდ უკრაინაში ძალიან დიდი შესაძლებლობაა როგორც არევის, ისე დალაგების. ლაო-ძის აქვს ნათქვამი - თუ არ აურიე, ვერ დაალაგებო, მიშაც ამას აკეთებს, ურევს რომ მერე დაალაგოს და კარგი ტიპი გამოჩნდეს. საქართველოშიც იგივე ქნა, შევარდნაძესთან ერთად აურია და მერე ვითომ დალაგებაში ძალიან დიდი ფული იშოვა.

საქართველოში დიდ ფულს ვეღარ იშოვის, თუმცა უკრაინაში ამის დიდი საშუალება აქვს და იყენებს კიდეც. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი, რუსეთთანაც დაიწყებს თამაშს. მალე ვიხილავთ მას რუსულ ტელე-ეთერში და ამისთვის ნიადაგი უკვე მზადდება. მოგეხსენებათ, რუსეთში არჩევნები მოდის და ეს იქნება პლაცდარმი, რომ რუსეთის ახალ პრეზიდენტთან, როგორც მეგობარი მიშა ისე წარმოჩინდეს. ესაა მისი გეგმა, რადგან მას სლავური ბაზარი უფრო აინტერესებს ვიდრე ქართული. ჩვენ მიზანი კი ის უნდა იყოს, რომ გართულებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში თავი დავიცვათ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)