"ამას როგორ წარმოვიდგენდი, რომ პაატაზე საქმე აღიძრებოდა"- რას ფიქრობენ ხელოვანები ბურჭულაძის "იავნანას" წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე? - კვირის პალიტრა

"ამას როგორ წარმოვიდგენდი, რომ პაატაზე საქმე აღიძრებოდა"- რას ფიქრობენ ხელოვანები ბურჭულაძის "იავნანას" წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე?

"შვილებს გეფიცებით, ძალიან მენანება!"

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, რომლის მიხედვითაც გამოითქმოდა ეჭვი, რომ ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ფონდი "იავნანა" ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ დაარსა. ის წლების განმავლობაში ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას, რომლის საშუალებითაც არაერთ ბავშვსა და ოჯახს აღმოუჩინეს დახმარება. მას მერე, რაც პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა, კითხვები გაჩნდა მის საქველმოქმედო საქმიანობასთან დაკავშირებითაც.

რას ფიქრობენ ის ხელოვანები, რომლებიც ფონდის საქველმოქმედო ღონისძიებებში ხშირად მონაწილეობდნენ. გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას:

ბუბა კიკაბიძე, მომღერალი:

- მე რა უნდა ვთქვა, გამომძიებელი ხომ არ ვარ?! პაატა ბურჭულაძეს ძალიან კარგად ვიცნობ და არ მგონია, ასეთი რამ დაეშვა... როდესაც ხელოვანს ურეკავენ საქველმოქმედო ფონდში მონაწილეობის მისაღებად, ის დაუფიქრებლად მიდის და ბუღალტერიაში არ იქექება.

ვიცოდი, რომ ძალიან კეთილ საქმეს ემსახურებოდნენ და დანარჩენი გამოძიებამ უნდა თქვას. ჯერ ეჭვი არაფერში შემპარვია, რადგან არაფერი ვიცი დანამდვილებით... ისე, ეს გამოძიება ადრე რატომ არ დაიწყეს?

-  ფიქრობთ, რომ  შესაძლოა ეს გამოძიება პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური დევნა იყოს?

- არ ვიცი, გენაცვალე, რატომ მრევთ ამ უხერხულ საქმეში?! დამიძახეს, მივედი, ვიმღერე და წავედი... ჩემს თვალწინ, ბინით დააჯილდოვეს 6-შვილიანი ოჯახი და სხვა მე რა ვიცი?! ეტყობა ვიღაცას დასჭირდა გამოძიება. თუ დანაშაულია ჩადენილი, იტყვიან, თუ არა, იმედია, ბოდიშს მოუხდიან... სახელის გაფუჭება ძალიან ადვილია ადამიანისთვის. ვიცი, რომ პაატა ბურჭულაძეს ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული... გამოძიება უნდა იყოს ობიექტური, სამწუხაროდ, ამ მხრივ ჯერჯერობით ვერ დავიკვეხნით.

ნიკუშა შენგელაია, მხატვარი:

- ისეთი სიტუაციაა, ვერაფერს იტყვი ადამიანი. ყველაფერი გამოძიების საქმეა... ხელოვანები და მთლიანად ქართველი საზოგადოება ვფიქრობდით, რომ ქველმოქმედებაში ვიყავით ჩართული და გაჭირვებულ ბავშვებს ვეხმარებოდით... ამ ფონდს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის. იმისთვის არ ვმონაწილოებდით, ვიღაც რომ გამდიდრებულიყო... აუცილებელია ყველაფერს პასუხი გაეცეს! ჩვენ ვენდობოდით და ეს ცოდვა არ არის! ცოდვა მას აწევს თუ კი ვინმე იტყუებოდა და გაჭირვებული ბავშვების ფულს ითვისებდა.

ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი:

- არ მინდა დავიჯერო ის, რაც პაატა ბურჭულაძეზე მესმის... ძალიან ცუდია, რაც ხდება. ამხელა ავტორიტეტის მქონე კაცს, მსოფლიო ბანს რამხელა ჩრდილი მიადგა. მახსოვს ნარკომანობა დამწამეს და ვიცინოდი. ერთმა ახლობელმა მითხრა, ნუ იცინი, არის ხალხი, ვინც შენზე გავრცელებულ ჭორს დაიჯერებსო... ახლაც ვიღაც დაიჯერებს, რომ პაატა ბურჭულაძე ფულს საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებდა. პაატას თავიდანვე ვუსაყვედურე, პოლიტიკაში რა გინდოდა-მეთქი... ამას როგორ წარმოვიდგენდი, რომ პაატაზე საქმე აღიძრებოდა. ფული აკლია, სახელი თუ სხვა რამ?! იმის გაფიქრებაც არ მინდა, რომ შეიძლება გამოძიებამ დაადასტუროს ის, რაზეც არის საქმე აღძრული. მთლიანად საქართველოსთვის იქნება ძალიან ცუდი! ჩვენი ქვეყნის სასახელო შვილის საქმე როგორ მივიდა იმ დონემდე, რომ დღეს მასზე აღიძრა... შვილებს გეფიცებით, ძალიან მენანება! მახსოვს, როგორ მხარს ვუჭერდით, საქველმოქმედო საღამოც ჩავატარეთ და ბევრი გულთბილი მადლობაც მივიღეთ.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)