"ვდგავარ და ირგვლივ სულ სიბნელეა..." - კვირის პალიტრა

"ვდგავარ და ირგვლივ სულ სიბნელეა..."

26 მაისი ღამდებოდა. წიწამურში სტუმრად მყოფი მასპინძლის აივანზე გამოვედი ჯვრისა და სვეტიცხოვლისთვის თვალის შესავლებად. ელექტრონათურებით აციმციმებული მცხეთაც გაბრწყინებულ სამლოცველოს ჰგავდა.

კმაყოფილი შევბრუნდებოდი შინ, რომ არა ერთი ფაქტი: წყვდიადში ჩაძირული ილია ჭავჭავაძის ძეგლი მთვარის შუქზე ძლივს გაირჩეოდა. ილიას ძეგლი სულ ასე ბნელშია-მეთქი? - ვიკითხე გაოცებულმა. რა ხანიაო, - მიპასუხა მასპინძელმა.

გულმა არ მომითმინა და ფარნით ხელში ძეგლისკენ გავემართე. კვარცხლბეკისკენ მიმავალი კიბე ისევ ფილაქანაცვენილია, აქაურობა ზუსტად ისე მოუვლელია, როგორც ორიოდე წლის წინ წერდა "კვირის პალიტრა". მეგონა, მაშინ სათქმელი ითქვა და გამგონმაც გაიგონა.

გაოგნებული ჩამოვჯექი კიბეზე. გორში, ცენტრალურ მოედანზე მდგარი სტალინის ძეგლი გამახსენდა, ძეგლი, რომლის აფეთქებაზეც თურმე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოსისხლე რუსებსაც კი ურიგდებოდნენ გვარიან თანხად. სტალინის ძეგლის ასაფეთქებელი ფული გვაქვს და ილიას ძეგლი ვერ გაგვინათებია? წმინდა ნინოს ქადაგებების შემდეგ ქართველი ერი ქრისტეს სიყვარულის მისაღებად აღმოჩნდა მზად - ცით მოსულმა მეხმა და რისხვამ აღგავა არმაზის კერპი მცხეთიდან.

წიწამურთან რომ მაინც გვახსენდებოდეს ილია, ვინ იცის, იქნებ თავისით შემუსვრილიყვნენ ჩვენი დროის კერპებიც. დღეში ერთხელ მაინც რომ მისებრ ვეკითხებოდეთ ჩვენს თავს, "აბა, მე დღეს ვის რა ვარგე", ეგებ ჩვენი გულები სასწაულებრივად გათავისუფლებულიყო ათასგვარი დემონ-კერპისაგან, თორემ ისე ფიზიკური კერპების შემუსვრას რა აზრი აქვს?! "ნურც მე გამაკერპებს ჩემი ერი, იდგეს ჩემი ძეგლი ბნელში, ან სულაც ნუ იქნება, ოღონდ ერი იყოს სულიერად და არა მხოლოდ ელექტრონით განათებული". - თითქოს კვნესასავით ჩამესმა, - "ყოველდღე მოვკვდებოდი წიწამურთან, ოღონდ ჩემი ერი აღარ მანახა მწყალობელი აწმყოს გაუთავებელ მოლოდინში. ვდგავარ და ირგვლივ სულ სიბნელეა, საუკუნემაც ვერ გაჰყარა ბნელი, რომელიც ქართველი კაცის ცნობიერებას მოსდებია. ამაო ლოდინმა სული და გული დაუმშია ადამიანს, ხელ-ფეხი გაუბაწრა, გაუცვითა ნიჭი ნატვრისა, გაუქსუა სურვილი, მოშალა ტანში და ერთობ მოუდუნა მთელი აგებულება, უამისოდაც მოდუნებული".

რას ელოდით? - ვკითხე ისევე, როგორც თავის ჩანაწერებში ეკითხება ერთგან თავის თავს, "ველოდი, რომ ერი მიუბრუნდებოდა ჩვენი ცხოვრების და ვინაობის ბურჯს, ჩვენს მკვიდრსა და უტყუარ შემნახველს, ჩვენს სიკეთესა და სიმდიდრეს, მიწას და გუთანს.

რომელ ერსაც ეს ორი საგანი ხელთ შერჩენია, იმას თავი იმოდენად კიდევ შეუნახავს, რომ შეუძლიან თავმოწონებით სთქვას: მე ერი ვარ და მკვიდრი ბინა მაქვს სადღეისოდაც და სამერმისოდაც. სხვა ყოველივე ფუჭია და წარმავალი. ვერც ერის ვინაობას დაედება საძირკვლად და ვერც ერთი ჯიშის, ერთი სისხლისა და ხორცის ადამიანთ თავს ერთად მოუყრის და ვერც ერად შეჰქმნის.

საქმე მიწაა და გუთანი. ვაჭრობაც, რა საკვირველია, საჭიროა ერის ცხოვრებისათვის, მაგრამ ერი, მარტო ვაჭრობაზედ მიქცეული, დარღვეულია და გაქსუებული, გაფანტული. ამისთანა ერს აუცილებელ ბედად ის უწერია, რომ სხვის კედლად უნდა იყოს, სხვა ერს შეეხიზნოს, სხვისით იცხოვროს. ამიტომაც საპოლიტიკო მოქმედებისთვის იგი ღონე-მოკლებულია, ერად ყოფნობისთვის ნიადაგი არ აქვს და ხელცარიელია, თუნდაც ჯიბეები ოქროებით ჰქონდეს გატენილი.

ამისთანა ერის ეკონომიკური ყოფა-ცხოვრებაც იმ ერზედ არის დამოკიდებული, რომელსაც შეჰკედლებია და რომელსაც ხელთ უპყრია მიწა და გუთანი იმიტომ, რომ ვაჭრობა არ ჰქმნის სიმდიდრესა. ისტორია მარტო იმ ერს ეკითხება, რომელსაც მიწაზედ უდგას ფეხი და ხელი გუთანს უვლია. თავდაპირველი შემომქმედი ეროვნობისა და სიმდიდრისა მარტო გუთანი და მიწა ყოფილა და იქნება კიდეც.

რადგან ისტორიას, და ჩვენს მამა-პაპათა მხნეობას და თავგანწირვას ეს ორი ძვირფასი განძი ჩვენთვის შეურჩენია, რადგანაც საპოლიტიკო და საეკონომიო ყოფა-ცხოვრება ამ ორის საგნით სულდგმულობს, ამიტომაც ყოველი წარმატება, ყოველი წინ წადგმული ბიჯი ამ ორი საგნის მიმართ, ჩვენთვის დიდის ყურადღების ღირსი უნდა იყოს".

დღეს კი რა არის მთავარი? უზარმაზარი გზა შენდება იმისათვის, რომ მთელი საქართველო საქარავნე გზად იქცეს და მიწას და გუთანს მოწყვეტილი ერი უცხო ქარავანთა ჯართან ერთად გაიფანტოს დედამიწაზე. ჩემს ერს სულ დავიწყებია, რომ "ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა და გაშეშებულა ბედნიერების მოლოდინში. იცით, "სულელი" საიდამ გამოდის? ლოდინიდამ. იცით, სულელის ძირი რა არის? ლოდინი. სულ ელი, სულ ელი, რა გამოდის - სულელი. ეჰ, ნეტავ ერის ასეთი სულელური მოლოდინი არ მამყოფებდეს ბნელში და ძეგლისა რა სათქმელია", - კიდევ ერთხელ გავიგონე კვნესა და ისევ სიჩუმე ჩამოწვა...

P.S. თბილისში იმავე ღამით დავბრუნდი, გაჩახჩახებული ქალაქის დანახვაზე სევდა შემომაწვა, ერის მამამ კი თქვა, ძეგლის სიბნელეში ყოფნას არა უშავსო, მაგრამ იმას, ვისაც წინაპრის ხსოვნა გულში უნთია, მისი საფლავი და ძეგლიც არ ავიწყდება. მომეჩვენა, რომ ჩვენი ისტორიული ხსოვნაც ისეთივე ხანმოკლეა, როგორიც ამ გაჩახჩახებული ნათურების ვარგისიანობის ვადა. ამ ვადის ამოწურვის და ერის ისტორიული მეხსიერების გადაწვისა შემეშინდა. აკი ამბობენ კიდეც, მრავალი ძალა მოქმედებს ქართველში ისტორიული მეხსიერების ამოსაშლელადო...

სიძულვილის დამალვა იოლია, სიყვარულის ძნელი,

ყველაზე ძნელი კი გულგრილობის დაფარვაა

ლუდვიგ ბერნე