"ჯვარი, რომელიც ქართულ დროშაზეა, თურმე ოთხი ლურსმანია..." - კვირის პალიტრა

"ჯვარი, რომელიც ქართულ დროშაზეა, თურმე ოთხი ლურსმანია..."

"ზოგიერთი გიდი ბევრ რაღაცებს იგონებს, ხშირად მომისმენია ლეგენდები. მაგალითად, აი, ამ აბანოზე, სადაც პუშკინია ნამყოფი, მსმენია, რომ მეჩეთია. ბევრს აინტერესებს პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში. ზოგიერთი ირანელი ტურისტი ცუდად იქცევა, თითქოს მათ წინაშე ვალდებული ხარ, ხშირად რელიგიურ სხვაობაზე მიანიშნებენ"

მე და ჩემმა კოლეგამ გადავწყვიტეთ, ერთი დღით ტურისტის როლი მოგვერგო და ძველ თბილისში გაგვევლო. უამრავი ხალხი ირევა - რუსები, ირანელები, ევროპელები, კორეელები. ფასები ტურისტულ ზონაში მკვეთრად განსხვავდება სხვა უბნებისგან. 100 გრამი ფორთოხლის ნატურალური წვენი 10 ლარი ღირს, ბროწეულის - 15. მოგზაურობას მეიდნის ახლოს, ღია კაფე-ტერასიდან ვიწყებთ.

დილაა. ერთი ჭიქა ჩაი და წყალი შევუკვეთეთ. ერთი ჭიქა ჩაი და წყალი - 16 ლარი. დაბნეული ირანელების საუბარი გვესმის - სავაჭრო ცენტრში უნდათ წასვლა. ტაქსისტი უხსნის, 15 ლარად წაგიყვანთო. ირანელებს დავეხმარეთ, ავუხსენით, რა მიმართულებით უნდა წასულიყვნენ. ჩვენ აბანოთუბნისკენ ავიღეთ გეზი. გზად სტენდები გვხვდება, ტურებს სთავაზობენ ჩამომსვლელებს. სააგენტოს მეპატრონეს გამოველაპარაკეთ, გვაინტერესებს, თუ ჰყავთ გამოცდილი გიდი.

ტურისტული სააგენტოს მეპატრონე: - მუცოში საფეხმავლო გიდს გაგაყოლებთ, იცის გზაც და ისტორიაც. სტალინის მუზეუმის დათვალიერება თუ გნებავთ, იქაური გიდი უფრო უკეთ აგიხსნით ყველაფერს. ბორჯომელი გიდიც გვყავს, ძირძველ ამბებს მოგიყვებათ. სამი გიდი არაბულენოვანი გვყავს.

- ბევრი კომპანიაა საქართველოში - ირანული, კორეული, ჩინური, რომლებსაც თავად აქვთ გახსნილი ტურისტული სააგენტოები და თავიანთ სეგმენტზე მუშაობენ.

- საქართველოს ისტორია ქართველმა იცის. მაგალითად, მე ბევრჯერ ვარ ნამყოფი ყაზბეგში, მაგრამ გიდობას ვერ ვითავებ და სხვა ქვეყნის მოქალაქემ ეს როგორ უნდა გააკეთოს? გამოცდილი, ლიცენზირებული გიდი, 300 დოლარი ღირს. ამ თანხას არც ერთი ტურისტი არ გადაიხდის. მაშინ ერთ გზაზე 600 ან 700 დოლარი უნდა მომცეს, რომ კვალიფიციური გიდი გავაყოლო. არიან კარგი გიდები, მაგრამ ვერ ვუხდით იმ თანხას, რაც ღირს. ირანიდან ჩამოსულები აქ ტურისტულ ბიზნესში არიან, არაფერი იციან საქართველოს ისტორიის შესახებ, მაგრამ ირანშიც აქვთ ოფისები და იქიდან უგზავნიან ტურისტებს. რამდენად სწორ ინფორმაციას აწვდიან, არავინ იცის, ამას არავინ აკონტროლებს. გზას ვაგრძელებთ აბანოებისკენ და ირანელების დიდი ჯგუფს ვუერთდებით. წინ ირანელი გიდი მიჰყვება. გიდს გამოველაპარაკეთ:

- გსმენიათ საქართველოს ისტორიაზე?

- ისე რა, სრულყოფილად არ ვიცი.

- მაშინ რას უყვებით ტურისტებს?

- ქართლის დედაზე, ვახტანგ გორგასალზე, ნარიყალაზე.

- ინფორმაციას საიდან იღებთ?

- ინტერნეტში ვეძებ, ხალხსაც ვეკითხები. მე აქ ტურისტული სააგენტო მაქვს, დაახლოებით 20 ირანელი მყავს დასაქმებული, უმრავლესობა გიდად მუშაობს. ბევრი ტურისტი ჩამოდის ორი-სამი დღით, ჯგუფები ყოველთვის იცვლება.

გზას განვაგრძობთ და ახლა რუსულენოვან ჯგუფს ვუერთდებით. ბელორუსიიდან არიან. სუვენირებთან შეყოვნდნენ, ჩვენ კი მათ გიდს გამოველაპარაკეთ, ამჯერად კვალიფიციურ გიდს შევხვდით.

ანდრო მახარაშვილი: - 4 წელია გიდი ვარ, ტურიზმის მენეჯმენტი მაქვს დამთავრებული. უფრო რუსულენოვან სეგმენტზე ვმუშაობ. ზოგჯერ თვითონ ტურისტი ამოწმებს გიდს, ბროშურით დგას და ადარებს, რასაც უყვები. ხშირად ტურისტს წინასწარ აქვს მოძიებული ინფორმაცია ქვეყანაზე, თუმცა, გიდმა მეტი უნდა იცოდეს.

ზოგიერთი გიდი ბევრ რაღაცებს იგონებს, ხშირად მომისმენია ლეგენდები. მაგალითად, აი, ამ აბანოზე, სადაც პუშკინია ნამყოფი, მსმენია, რომ მეჩეთია. ბევრს აინტერესებს პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში. ირანელი ტურისტების უმრავლესობას აინტერესებს შოპინგი, "ისთ-ფოინთი" და "თბილისი მოლი". ზოგიერთი ირანელი ტურისტი ცუდად იქცევა, თითქოს მათ წინაშე ვალდებული ხარ, ხშირად რელიგიურ სხვაობაზე მიანიშნებენ.

რუსეთიდან ყველა კატეგორიის ტურისტი ჩამოდის - მუშა, რომელმაც დაზოგა ფული, ინტელიგენციის წარმომადგენელი, აინტერესებთ ღვინო, მისი დეგუსტაცია და ღირსშესანიშნაობები.

ამ ჯგუფმა ქართულ-რუსულ ურთიერთობაზე ზრდილობიანად მომაკეტინა. არიან ისეთებიც, ვინც მეკითხება, სააკაშვილმა თუ ამდენი გააკეთა, ახლა რატომ არ არის აქო?

გამოცდილი გიდების პრობლემაზე, საკომუნიკაციო ენასა და ტურისტებში გავრცელებული ინფორმაციის კონტროლზე საუბრობენ თბილისელებიც.

მაკო კობაიძე: - სტუმრები წავიყვანე ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად და საშინელებები მოვისმინე. მაგალითად, ჯვარი, რომელიც ქართულ დროშაზეა, თურმე ოთხი ლურსმანია. გიდს ვუსაყვედურე, რატომ ამბობთ ასეთ საოცრებებს-მეთქი, ყველა თავისებურად ჰყვებაო, მიპასუხა. შემდეგ ტურიზმის სააგენტოს შევჩივლე და მითხრეს, კერძო სექტორია და ვერ შევეხებითო.

ამჟამად თეთრიწყაროში ვარ, აქ სამშვილდის ნაქალაქარია. ყველა უცხოელი იქ მიმყავს. ერთი სომეხი კაცია, ყარაული, და იმას ვიყენებ გიდად. სხვა უფრო კომპეტენტური ვერავინ ვნახე. უცხოეთში, მაგალითად, სტამბოლში, აია სოფიას წინ მრავლად შეხვდებით გიდებს ლიცენზიის დამადასტურებელი ბარათებით. ყოველწლიურად აბარებენ გამოცდას... ამას ხელისუფლება აკონტროლებს, ულიცენზიო გიდს აუცილებლად დააჯარიმებენ.

აკონტროლებს თუ არა გიდების კვალიფიკაციას სახელმწიფო? ამ კითხვაზე ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი კახა ჩაკვეტაძე გვპასუხობს:

- საქართველოში არ არსებობს რეგულაცია, რომელიც დაავალდებულებს ადამიანს, მიიღოს სპეციალური განათლება და მხოლოდ ამის შემდეგ იმუშაოს გიდად. ნებისმიერ კერძო კომპანიას შეუძლია ჩაატაროს ტრენინგი და გამოწეროს სერტიფიკატი. არიან კომპანიები, რომლებიც იაფი გიდის აყვანას ცდილობენ, მაგალითად, 50 ლარად, ლიცენზირებულ გიდს ასეთი ანაზღაურება არ აწყობს.

ამ მხრივ სხვა ვითარებაა სხვა ქვეყნებში. ადამიანს არა აქვს უფლება, ჩაატაროს ტური, თუ არ არის იმ ქვეყნის მოქალაქე და არა აქვს სპეციალური განათლება. ჩვენთან კი ჩამოდიან უკრაინული, ირანული, არაბული კომპანიები და მოჰყავთ თავიანთი გიდები ინტერნეტში მოძიებული ცოდნით.

გიდებთან გამოლაპარაკების შემდეგ ნარიყალას ავუყევით და კორეულ გადამღებ ჯგუფს გადავაწყდით. ცნობილი კორეული ტელევიზია KBშ საქართველოზე მორიგი გადაცემის მოსამზადებლად ჩამოვიდა. შემოქმედებითი ჯგუფი ამბობს, რომ გიდობა შესანიშნავად გაუწია ადგილობრივმა მოსახლეობამ. შატილი, მუცო, ურეკი და სიღნაღი რამდენიმე დღეში მოიარეს.

ოონ სონგ დო, კორეელი პროდიუსერი: - 115 ქვეყანაზე გვაქვს გაკეთებული გადაცემა, ყველაზე საინტერესო საქართველოში მოგზაურობა და აქაურებთან ურთიერთობა იყო. ჩვენთან საქართველოზე თითქმის არაფერი იციან. იძულებული ვიყავი, რუსულ საიტებზე მომეძებნა ინფორმაცია. არადა, აქაურებმა ისე კარგად იციან თავიანთი ქვეყნის ისტორია, რომ გიდი არ მჭირდებოდა.

სულ სხვა გრძნობაა, როდესაც შენი თვალით ხედავ უძველესი ცივილიზაციის ქვეყანას, რაც ასე ძალიან იზიდავს კორეელ მაყურებელს. სწორედ საქართველოში მოგზაურობისას მივხვდი, რომ ბევრი საერთო გვაქვს ქართველებთან - მებრძოლი სული, დიდი გული და სამშობლოს სიყვარული.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია იმუშაოს გიდად. ინფორმაცია სხვადასხვა ეროვნებისა და მოქალაქეობის მქონე გიდების შესახებ აქვთ, თუმცა, ტურისტული სააგენტოებისა და გიდების ლიცენზირება საქართველოში არ არსებობს. საქართველოს გიდების ასოციაცია აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობს და მომავალ წელს იმედოვნებს რეგულაციების შემოღებას არაკვალიფიციურ გიდებთან დაკავშირებით

ნინო ბურჭულაძე

ნინო წიფურია