რატომ ფიქრობს შვეიცარიელი ჟურნალისტი, რომ "თბილისი სასოწარკვეთის მუზე­უმია"? - კვირის პალიტრა

რატომ ფიქრობს შვეიცარიელი ჟურნალისტი, რომ "თბილისი სასოწარკვეთის მუზე­უმია"?

თბილისში ნამყოფი უცხოელი ჟურნალისტები, როგორც წესი, საქებარ სიტყვებს არ იშურებენ. შვეიცარიელი ჟურნალისტი ბერნარდ ოდენალი კი, როგორც ჩანს, ამ სანაქებო ტრადიციას არ იცნობს - მისმა კრიტიკულმა სტატიამ თბილისზე გერმანულენოვანი პრესის ერთ-ერთ პოპულარულ გამოცემაში მწვავე რეაქციები გამოიწვია. "თბილისი - სასოწარკვეთის მუზეუმი" - ასეთი სათაური აქვს სტატიას, სადაც ავტორი თბილისს მიტოვებულ, მიგდებულ და ჩამკვდარ ქალაქს უწოდებს. არის თუ არა ბატონი ოდენალის კრიტიკა სამართლიანი? - ამის გასარკვევად სტატიის ავტორს "კვირის პალიტრა" ციურიხში ესაუბრა.

- ამ სტატიის გამო ძალიან ბევრმა გამაკრიტიკა, მათ შორის, ჩემივე გაზეთის რედაქციაში. არ მეთანხმება ბევრი მეგობარიც, რომლებმაც ასევე იმოგზაურეს საქართველოში. ჩემი მეუღლეც კი არ ეთანხმება იმას, რაც დავწერე, არადა, ერთად ვიყავით თბილისში!

ბევრი მქონდა წაკითხული თბილისის შესახებ, მეგობრების უმრავლესობა მირჩევდა ჩამოსვლას და იმედგაცრუებული დავრჩი...

ეს იმედგაცრუება აღვწერე ბლოგში - ჩემი პირადი შთაბეჭდილებებია და არა რეცენზია ქალაქზე.

არ ველოდი ასეთ მიტოვებულ, მიგდებულ ქალაქს. ყველგან დეპრესია და უიმედობა იგრძნობოდა და მთელი ქალაქი ამით იყო გაჟღენთილი. ქალაქი ჩამონგრეული შენობებით არის სავსე.

- თბილისში პირველად იყავით?

- ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში მინდოდა ჩამოსვლა, მაგრამ მაშინ თქვენთან ომი იყო...

- 90-იანებში რომ გემოგზაურათ, არავის გაუჩნდებოდა განცდა, რომ თქვენი შთაბეჭდილებები არაზუსტია, მაგრამ დღეს ბევრი რამ შენდება, თქვენ ვერაფერი დაინახეთ?

- 90-იანების გადმოსახედიდან არ ვსაუბრობ, 2017 წლის თბილისზე მაქვს საუბარი. სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ დროში ვიმოგზაურე და სწორედ 90-იან წლებში აღმოვჩნდი. თუ სადმე რეკონსტრუქციული სამუშაოები მიმდინარეობს, კარგია, მაგრამ მე მსგავსი არაფერი მინახავს. ძველი თბილისის დიდი ნაწილი საომარ ზონას ჰგავდა. ჩემს თავს ვეკითხებოდი - როგორ მოხდა, რომ ეს ხალხი არ ზრუნავს ისტორიული მნიშვნელობის ქალაქზე? ნუთუ არ ანაღვლებთ, რომ ეს ქალაქი მათ თვალწინ ნანგრევებად და ნაგვად იქცა? ყველაზე გამაოგნებელი ის იყო, რომ იქ ვიღაცები ჯერ კიდევ ცხოვრობენ და საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ.

არ ვიცი, ეს შენობები სახელმწიფოს ეკუთვნის თუ კერძო პირებს, მაგრამ ამ პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებამ რამე უნდა იღონოს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათი ბედი არავის ანაღვლებს...

- თბილისის რომელ უბნებს ესტუმრეთ? ბლოგში აღწერთ თქვენს არცთუ სასიამოვნო მოგზაურობას აეროპორტიდან ცენტრამდე, მაგრამ კიდევ რამ გაგიცრუათ იმედი?

- ძირითადად თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე ვსაუბრობ, უბანს სოლოლაკი ჰქვია, ქუჩას კი, სადაც ჩვენ გავჩერდით, კოტე აფხაზის ქუჩა. აი, ამ სურათს ხედავთ? ასე გამოიყურება არა ერთი სახლი და ქუჩა, არამედ მთელი უბანი. მე ნამყოფი ვარ საომარ ზონებში - ბოსნიაში, კოსოვოში და დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ, როგორ გამოიყურება თბილისი ახლა და როგორ გამოიყურებოდა, მაგალითად, სარაევო, ომის შემდეგ. შეიძლებოდა გეფიქრა, რომ ომი თბილისში რამდენიმე კვირის წინ დამთავრდა.

- შთაბეჭდილება მრჩება, რომ თბილისს შვეიცარიული ან კიდევ ავსტრიული სტანდარტებით განსჯით. მეორე ვენას ან ჟენევას ელოდით?

- თბილისს შვეიცარიული ან გერმანული სტანდარტებით არ ვაფასებ. ისე, გერმანიაში ბევრი უსიცოცხლო და მახინჯი ქალაქია.

თბილისი არ არის უშნო ქალაქი, ამას არ ვამბობ, ის უბრალოდ მიუხედავია. თუ ამ ქალაქს მოუვლიან, ძალიან ლამაზი იქნება გერმანული ქალაქებისგან განსხვავებით, რომელთაც თვითმყოფადობა უკვე დიდი ხანია დაკარგეს, თბილისს ამის დანაკლისი არა აქვს. მაგრამ რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ, მეტი შრომა იქნება საჭირო მისი პირვანდელი სილამაზის დასაბრუნებლად და რიგ უბნებში, ვშიშობ, უკვე დაგვიანებულია.

კიდევ ერთი პრობლემა - ქალაქში იმდენი მანქანაა, ფეხით სიარული თითქმის შეუძლებელია. უბრალოდ ქუჩის გადაკვეთაც კი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის ტოლფასია. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ხალხი ძალიან სტუმართმოყვარე და მეგობრულია, ქართველ ხალხსა და თბილისელებზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი.

- სტატიაში ამბობთ, რომ ის ხალხი, ვინც თბილისს აქებს, ვარდისფერ სათვალეს ატარებს. და მაინც, იქნებ თქვენი სათვალეა ზედმეტად დაბურული?

- შეიძლება მართალიც ხართ, მაგრამ... მოტყუებულად ვიგრძენი თავი. იმედია, თბილისში ჩემი შემდგომი მოგზაურობის შემდეგ შთაბეჭდილებებიც შეიცვლება...

- ამ სტატიის შემდეგ ბევრი ფიქრობს, რომ პრორუსი ხართ, მაგრამ მე ვიცნობ თქვენს სტატიებს და პრორუსულობას ვერ დაგწამებთ. მაშ, რატომ ასეთი ნეგატივი ქალაქზე? ის, რაც თქვენ დაწერეთ, რამდენად გვეხმარება იმაში, რომ თბილისი უკეთეს ქალაქად ვაქციოთ?

- ვფიქრობ, რომ ძალიან გეხმარებათ. თუ პრობლემებზე არავინ ამოიღებს ხმას, არასდროს არაფერი შეიცვლება.

სხვებივით აღტაცებულს რომ დამეხატა თბილისი, არავინ მიაქცევდა ჩემს სტატიას ყურადღებას. ახლა კი ვკამათობ, ვმსჯელობთ და ვფიქრობ, ეს კარგი პირველი ნაბიჯია იმისთვის, რომ ქალაქში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს.

იხილეთ ასევე: "ნუ წახვალათ, გეთაყვა, საქართველოში ეს 5 რამ თუ ვერ გაიგეთ" - რჩევები ამერიკელი მოგზაურისგა

ვაჟა თავბერიძე