ადგილი, სადაც მკვლევრები ქაჯთა ქალაქის არსებობას ვარაუდობენ - ციკლოპური ნასახლარები საქართველოში - კვირის პალიტრა

ადგილი, სადაც მკვლევრები ქაჯთა ქალაქის არსებობას ვარაუდობენ - ციკლოპური ნასახლარები საქართველოში

საქართველოში მრავალი მისტიკური ნაგებობაა საკვლევი

მეგალითები - უზარმაზარი ქვის ნაგებობები, რომელთა ისტორია დანამდვილებით არავინ იცის; თუმცა ისინი იმდენად მისტიკურია, რომ ადამიანი არასოდეს დათმობს მათი საიდუმლოს ამოხსნის სურვილს. როგორ შენდებოდა მეგალითები ათასწლეულების წინ, როცა თუნდაც 100 წლის წინ ამწეც არ არსებობდა?! ვის და როგორ აჰქონდა მთებზე მრავალტონიანი ქვები?! ეს კითხვა მუდამ აწუხებს მეცნიერებსაც, რომლებიც მეგალითურ კულტურას მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც გამუდმებით იკვლევენ. ჩვენ კი ამის შესახებ ისტორიკოს როლანდ კოპაძეს ვესაუბრეთ:…

- ძვ.წ. III-II ათასწლეულში ძველი ეგვიპტელები ვეება ლოდებით პირამიდებს აგებდნენ, ევროპელები - მეგალითებს. ვაშენებდით ჩვენც, ქართველები - დღეს მეგალითებს დევის ქვებად, გმირთა ნაკვეთებად ან დევთა ნასახლარებად მოვიხსენიებთ. ვერავინ დაასაბუთებს, რომ მეგალითების მშენებლები დევებს რაიმით უკავშირდებოდნენ, მაგრამ ცხადია, რაც უნდა განვითარებული ყოფილიყო სამშენებლო ტექნიკა, ამხელა ლოდებს კაცი ვერ დაძრავდა, მით უფრო ვერ აზიდავდა მაღალ ფერდობებზე, სადაც მეგალითები უხვად გვაქვს.

- შეგვიძლია დაახლოებით აღვწეროთ, რა სისტემით არის აგებული მეგალითები?

- ეს არის უდუღაბო, მშრალი წყობით აშენებული ნაგებობები. სხვათა შორის, მშრალი შენება 60-70 წლის წინათ იყო შემორჩენილი დასავლეთ საქართველოშიც - ქვებით ყორეებს ან სათავსებს აგებდნენ. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ ნაგებობებიდან კენჭიც არ არის ჩამოვარდნილი, ცემენტით ნაშენები კი ხშირად 10-15 წელიწადში იფშვნება.

- შეგიძლიათ დაასახელოთ ყველაზე მასშტაბური მეგალითი საქართველოში?

- მე ყველა მასშტაბურად მეჩვენება, მაგრამ როცა მახსენდება აბულის ციკლოპურ ციხეზე ნათქვამი - ქართველების მასშტაბური აზროვნება აქედან იწყებაო, ვადასტურებ. ამ მშრალი ნაგებობის სიმაღლე ზოგან 5 მ-მდე აღწევს, სიგანე კი 3 მ-ია. საკმარისია ამ ციხის თუნდაც ერთ ლოდს ამოეფარო, რომ სამტროდ მოსული ვერასოდეს შეგამჩნევს. შიგნიდან სათავს-სადგომები აქვს მიშენებული. აბულის სიმაგრის სამხრეთით, ქედზე, წყარო გამოდის, რაც ალბათ ამ ციხის დამცველებს მტერთან გაძლებისას არწყულებდა. ასევე მასშტაბურია გოხნარის ციკლოპური ციხე-ნამოსახლარი მდინარე ალგეთის ახლოს, ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე. მისი სასიცოცხლო გზაც წყალთან მიდის. სხვათა შორის, გოხნარის მეგალითის ცენტრში აღმართულია უზარმაზარი გამოთლილი ლოდი, იგივე მენჰირი, რომელიც თევზს მიაგავს. თევზის ფორმის მონოლითური ქვები უძველეს შუმერულ თევზის კულტს უკავშირდება, კერძოდ, კალმახისას. კიდევ ერთი ცნობა: მკვლევრებმა მიაგნეს გამოუკვლეველ მეგალითს ისტორიული ერუშეთის ტერიტორიაზე, რომელიც იმდენად გრანდიოზულია, რომ იქ "ქართლის ცხოვრებაში" მოხსენიებულ ქაჯთა ქალაქის არსებობას ვარაუდობენ.

- ადგილობრივი მოსახლეობა თუ აგებდა სახლებს ციკლოპური, ოღონდ ცხადია, უფრო მცირე ზომის ქვით, მშრალი შენების ტექნიკით?

- წალკის სოფელ ჩოლაყში (თეჯისი) უამრავი ძველი ნაგებობაა, მათ შორის ციკლოპური ქვის ეკლესია. ამ ეკლესიაში დგას საოცარი მენჰირი - უზარმაზარი მეგალითური ლოდი, რომელიც თითქმის ეკლესიის ჭერს სწვდება. სავარაუდოდ, ქვაზე ჯვარი მოგვიანებით უნდა გამოეკვეთათ.

ჩემი ვარაუდით, მეგალითები ისეთივე წმინდა ადგილები იყო უძველესი ხალხისათვის, როგორიც დღეს ეკლესიებია. ამიტომაც არ მიკვირს, როცა სოფელ ავრანლოში ერთ-ერთი მეგალითის ფუძესთან პატარა ქრისტიანული ეკლესია აშენდა. ეს ისტორიის გაგრძელებაა.

წალკაში არის ადგილი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ელი-ბაბას ეძახის. ელი-ბაბას მახლობლად, რომლებიც ნასოფლარებად არის ქცეული, ჩანს მშრალი ტექნიკით ნაშენები საცხოვრებელი სახლების კვალი. თუმცა, მშრალი შენების წესი ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთში დღემდე გამოიყენება.

მასშტაბურობით და მისტიკურობით გასაოცარია "მამულოს პანტიანის" მეგალითი სოფელ გომარეთის ახლოს. ტყიანი ფერდის მთელ ფართობზე, 4-5 ჰექტარზე, განფენილია ტერასული მეგალითები, ტერასებს შორის 4-5-მეტრიანი ქუჩები, მათ ნამდვილად ვერ უწოდებ ბილიკებს. ასე რომ, მრავალი მისტიკური ნაგებობაა საკვლევი. იმედი მაქვს, რომ ამ ამოუხსნელი საიდუმლოს პატარა ბილიკზე მაინც გავალთ.

იხილეთ ასევე: "დევების გამოქვებული" - საქართველოში გიგანტური ადამიანის არსებობას სერიოზული საფუძველი აქვს?!

ეთერ ერაძე