"არ ველოდი, რომ გარემონტებულ სახლს გადმომცემდნენ, თუმცა მთელი­ იმედი, რაც "იავნანაზე" ავაგე, სახლის დანახვისთანავე დამენგრა" - კვირის პალიტრა

"არ ველოდი, რომ გარემონტებულ სახლს გადმომცემდნენ, თუმცა მთელი­ იმედი, რაც "იავნანაზე" ავაგე, სახლის დანახვისთანავე დამენგრა"

"გაუბედურებული ოჯახები ფარად გამოგვიყენეს საკუთარი შემოსავლების გასაზრდელად და ბიზნესის ნაწილად გადაგვაქციეს. ფონდში რამდენჯერმე გავგზავნე წერილი და პაატა ბურჭულაძე ჩვენთან მოვიწვიე. მინდოდა ენახა, როგორ პირობებში ვცხოვრობდით და ჩემი გულისტკივილი გამეზიარებინა. უპასუხოდ დაგვტოვეს... "

ერთად გადავარჩინოთ მომავალი"- ამ ლოზუნგით დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" ირგვლივ კითხვები ისევ პასუხგაუცემელია, თუმცა სანამ გამოძიება დაადგენს, არის თუ არა ფინანსური დარღვევები ორგანიზაციაში, თვალსაჩინოა ის პრობლემები, რომლებიც გადაცემულ ბინებს აღმოაჩნდა - ზოგი ნაჩუქარ სახლს ვერ იმტკიცებს, ზოგს კი არაადამიანურ პირობებში უწევს ცხოვრება. თამარ გელაშვილი ერთ-ერთია იმ ათეულობით ადამიანიდან, რომელსაც დაპირებული "თბილი სახლი" ჯოჯოხეთურ საცხოვრებლად გადაექცა - შენობას ფანჯრები სცვივა და ერთი კედელი სადაცაა, ჩამოინგრევა, წყალი ყველა ოთახში ჩადის და ნესტის გამო ბავშვები მუდმივად ავადმყოფობენ:

- მუდამ უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობდი - დილიდან დაღამებამდე ფიზიკურად ვმუშაობ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყოველდღე პური არ გენატრებოდეს. ამ გაჭირვებას განსაკუთრებით ამძიმებდა ჩვენი უსახლკარობა - ექვსი შვილი მყავს, რომლებსაც ხან ფარდულებში ვზრდიდი და ხან საქონლის ბაკებში. შვილების გადარჩენის იმედი მხოლოდ მაშინ გამიჩნდა, როდესაც ფონდმა "იავნანამ" სიაში ჩაგვსვა და დაგვპირდა, თქვენი ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს გავმართავთ და ახალ, თბილ სახლს აუცილებლად შეგიძენთო. მართლაც ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც მპირდებოდნენ - კონცერტიც ჩატარდა და ახალი სახლის გასაღები გადმოგვცეს. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი სახლს, რომელიც არასოდეს მქონია და მადლობას ვწირავდი ბურჭულაძესა და თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენთვის თუნდაც ერთი ლარი გაიღო.

- სად მიიღეთ სახლი და რამდენად "თბილი" აღმოჩნდა, როგორც გპირდებოდნენ?

- სახლი სოფელ კურდღელაურში მივიღეთ, გვითხრეს, რომ სახლს ეზოც დიდი ჰქონდა და შვილების რჩენას შევძლებდი. რა თქმა უნდა, არ ველოდი, რომ ფუფუნებაში მაცხოვრებდა ვინმე ან გარემონტებულ სახლს გადმომცემდნენ, თუმცა მთელი იმედი, რაც "იავნანაზე" ავაგე, სახლის დანახვისთანავე დამენგრა - მითხრეს, რომ სახლში დაახლოებით, 10.000 დოლარი გადაიხადეს, ეს საკმაოდ მაღალი ფასია აქ კერძო ქონებისთვის, თუმცა ჩვენთვის გადმოცემულ ბინას ამ ფასისა არაფერი ეტყობოდა. ფანჯრები სცვივა, ვერც ვარემონტებთ, რადგან შეიძლება გამოცვლისას კედელი ჩამოიშალოს. იატაკის ნაცვლად, ცემენტზე გვძინავს, რომელიც იმდენად ძველი და გაფუჭებულია, იშლება და ყოველდღე სახლიდან თითო ვედრო სილა გამაქვს. კედლები ნესტისგან დაობებულია.

ჩემს სამი წლის შვილს ყველანი კუდში დავდევთ, რომ ჭერიდან რამე არ დაეცეს - ზაფხულში გვიან ღამემდე ბავშვები ეზოში არიან, ასე უფრო უსაფრთხოა. არავინ იფიქროს, ნაჩუქარ სახლს ვიწუნებ, პირიქით, ბედნიერი ვარ, რომ პირველად მაქვს საკუთარი ჭერი... ჩვენს დასახმარებლად თანხა უამრავმა ადამიანმა გაიღო, კონცერტზე გამოაცხადეს 300 ათასი ზარი შემოვიდაო და სად წავიდა ეს ფული? ჩვენ ხომ ხალხი დაგვეხმარა და ბურჭულაძეს საკუთარი ჯიბიდან არაფერი გაუღია, ჩვენნაირი გასაცოდავებული ადამიანებისთვის განკუთვნილი თანხა რატომ უნდა მიეთვისებინა? გაუბედურებული ოჯახები ფარად გამოგვიყენეს საკუთარი შემოსავლების გასაზრდელად და ბიზნესის ნაწილად გადაგვაქციეს. ფონდში რამდენჯერმე გავაგზავნე წერილი და პაატა ბურჭულაძე ჩვენთან მოვიწვიე. მინდოდა ენახა, როგორ პირობებში ვცხოვრობდით და ჩემი გულისტკივილი გამეზიარებინა. უპასუხოდ დაგვტოვეს...

"კვირის პალიტრა" ფონდ "იავნანას" მოქმედ ხელმძღვანელს, გურამ ახალაიას დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა:"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდებოდა წლების განმავლობაში ფონდში, მე და ჩვენი გუნდი მზად ვართ პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის, ყველა დოკუმენტს წარვადგენთ, რომლის წყალობითაც, იმედი მაქვს, სამართლიანი განაჩენი დადგება - ამის შემდეგ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით".

რუსუდან შელია