"საქართველოს, აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე!" - მომავლის თვითმფრინავის ქართველი გამომგონებელი
02-10-2017
"საქართველოს, აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე!" - მომავლის თვითმფრინავის ქართველი გამომგონებელი
"გრიფონი" არის სახელი იმ მომავალი კომერციული თვითმფრინავის მოდელისა, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად შევქმენი"

კოლუმბიის საინჟინრო სკოლის სტუდენტმა, 22 წლის გიორგი მჭედლიშვილმა, 12-კაციან გუნდთან ერთად სრულიად ახალი, მომავლის თვითმფრინავის მოდელი შეიმუშავა და NASA-ს კონკურსში გაიმარჯვა. "ჩვენ მომავალი კომერციული თვითმფრინავის სრულყოფილი მოდელი შევქმენით, რომელიც მოიხმარს ნაკლებ საწვავს, უმნიშვნელოდ აბინძურებს გარემოს და საგრძნობლად ამცირებს გამოწვეულ ხმაურს", - ამბობს გიორგი. გიორგის ამერიკაში დავუკავშირდით.

- ზუსტად ისეთი ბავშვობა მქონდა, როგორსაც ახლა ვუსურვებდი სხვას. განა იმიტომ, რომ
უდარდელად ვიზრდებოდი, ადრეული ასაკიდანვე ვიღებდი ზუსტად იმ გამოცდილებას - როგორც ძალიან კარგს, ისე საკმაოდ მტკივნეულს - რომელიც აუცილებელია ადამიანის სწორად განვითარებისთვის. ვთვლი, რომ ჩემთვის ყველაფერი იდეალურად წარიმართა. ამაში კი ჩემი მშობლების წვლილი განუსაზღვრელად დიდია. დედაჩემი და მამაჩემი საუკეთესო მშობლები არიან.


მეცნიერების და, კერძოდ, ასტრონომიისადმი ინტერესი
მამაჩემმა გამიღვიძა. "კვირის პალიტრის" უფროსი თაობის მკითხველს ემახსოვრება ზურაბ მჭედლიშვილი.

მას, თქვენი გაზეთის და, ზოგადად, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ახლაც მახსოვს მისი მოგონებები ედგარ მიტჩელზე. მიტჩელი გახლდათ Apollo-14-ის პილოტი და მე-6 ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დაადგა. მამაჩემი კი არის ერთადერთი ქართველი, რომელმაც მისგან ინტერვიუ აიღო. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მისი და მიტჩელის საუბარი Apollo-14-ის მისიაზე.

შეიძლება ვთქვათ, რომ ისტორია განმეორდა - ნიუ-იორკში, ამ წლის თებერვალში, შესაძლებობა მომეცა, პირადად გამეცნო Apollo 16-ის პილოტი ჩარლზ დუკი და მისი მეუღლე დოროთეა. ჩარლზ დუკი გახლდათ ყველაზე ახალგაზრდა ასტრონავტი, რომელიც Apollo-ს მისიაში მონაწილეობდა. სიტყვებით რთულია იმის გადმოცემა, თუ რას ნიშნავდა შევხვედროდი თორმეტი ასტრონავტიდან ერთ-ერთს, რომელმაც კაცობრიობის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მისიაში მიიღო მონაწილეობა. დიდხანს ვისაუბრეთ. გამაოცა ჩარლზ დუკის სიღრმისეულმა დამოკიდებულებამ ქრისტიანობის მიმართ. კამათის დროს, ჩემს მეგობარ ილონს უთხრა, - ძალიან მნიშვნელოვან წიგნს გამოგიგზავნიო. ეს წიგნი კი, როგორც აღმოჩნდა, სახარება ყოფილა.

- მიამბეთ გამოგონებაზე, რომელიც თქვენს სახელსაც უკავშირდება.

- "გრიფონი" არის სახელი იმ მომავალი კომერციული თვითმფრინავის მოდელისა, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად შევქმენი. გასულ სექტემბერს, ჩემმა მეგობარმა, ილონ გორდონმა გამაცნო NASA-ს გამოწვევა და მითხრა, რომ სტუდენტთა პატარა გუნდი აპირებდა ამ გამოწვევაში მონაწილეობას და შემომთავაზა, ერთად გვემუშავა პროექტზე. ძალიან სერიოზულად მოვეკიდეთ საქმეს, რადგან გვჯეროდა, რომ არსებობდა თეორიული შანსი - წვლილი შეგვეტანა მომავლის აერონავტიკის განვითარებაში.

"გრიფონზე" 12-კაციანი ჯგუ­ფი ვმუშაობდით, რომელიც შედგებოდა სამი გუნდისგან: ძრავის, აეროდინამიკის და აეროდიზაინის. მე და ილონ გორდონი ძრავის გუნდის თანახელმძღვანელები ვიყავით. უშუ­ალოდ ვმუშაობდი ძრავაში წვისა და გაგრილების სისტემების ოპტიმიზაციაზე. სწორედ წვის გაუმჯობესების შედეგად მავნე ნივთიერებების გამოშვება 80%-ზე მეტით შევამცირე და, შესაბამისად, დავაკმაყოფილეთ NASA-ს უმთავრესი მოთხოვნა. ამავდროულად, წვის სისტემის გაუმჯობესებამ შესაძლებლობა მოგვცა 50-60%-ით შეგვემცირებინა საწვავის მოხმარება.

ამ გამოწვევის მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა კომერციული თვითმფრინავი, რომლის იმპლემენტაცია სავსებით რეალური იქნებოდა 2025-2035 წლებში. რა თქმა უნდა, ეს პროექტი მოიცავდა ძალიან სერიოზულ ფინანსურ გათვლას. ჩვენი თვითმფრინავის წარმოების ფასიც კონკურენტუნარიანი უნდა ყოფილიყო ბაზარზე არსებულ ფასებთან. ჩვენ ესეც შევძელით და, როგორც ირკვევა, ეს გამოწვევა ჩატარდა უკანასკნელად. შესაძლებელია, მოხდეს ამ დიზაინის სრული ან გარკვეული სისტემის (ძრავის ან აეროდინამიკის) იმპლემენტაცია მომავლის კომერციულ თვითმფრინავებში.

ახლახან კოლუმბიის უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ჩვენ შესახებ სტატია, რაც ძალიან დიდი პატივია ჩვენი გუნდისთვის. აქცენტი, რა თქმა უნდა, ეხება "გრიფონის" ინოვაციურობას და ჩვენს გეგმებს. პირველად გაიმარჯვა კოლუმბიის უნივერსიტეტმა ამ გამოწვევაში და დიდი ინტერესით ელოდებიან 26 სექტემბერს დანიშნულ ღონისძიებას NASA-ს­ სათავო ცენტრში, სადაც ჩვენი მოდელის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება.

- თქვენს ჯგუფსა და მის ხელმძღვანელზეც მიამბეთ.

- ჩვენი თორმეტკაციანი ჯგუფის ხელმძღვანელი გახლდათ ლიონ კიმი და ჩემი ახლო მეგობარი ილონ გორდონი. ვიტყოდი, რომ ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც ჩვენმა ენთუზიაზმმა და დაჟინებულმა გუნდურმა მუშაობამ გადაწყვიტა ყველაფერი. განსხვავებით სხვა დანარჩენი წამყვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტებისგან, სადაც სტუდენტებს სპეციალური კურსები უტარდებათ ამ გამოწვევაში მონაწილეობის მისაღებად და გადიან ძალიან დიდ მომზადებას. ჩვენს უნივერსიტეტში ასეთი ფართო ხელშეწყობა არ გვქონია. თუმცა, გვყავდა ძალიან გამოცდილი მენტორი, რომელსაც სამჯერ ჩავაბარეთ მოხსენება და პერიოდულად ვიღებდით რჩევებს.
ამ გამოწვევაში გამარჯვება იყო, არის და ყოველთვის იქნება იმის დასტური, რომ ადამიანს შეუძლია დიდ პროგრესს მიაღწიოს მოკლე პერიოდშიც კი, თუ არსებობს ამის ჭეშმარიტი სურვილი და რთული პრობლემის გადაწყვეტის პროცესში მშვიდი, დაჟინებული მიდგომა.

- მომავალში სად აპირებთ მოღვაწეობის გაგრძელებას?

- პარალელურად ჩემი აკადემიური მოღვაწეობისა, ვარ SAC Group -ის თანადამაარსებელი, რომელიც დავაარსეთ წელს, ზაფხულში და ის დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ, ყველაზე მაღალი დონის საკონსულტაციო და საინვესტიციო სერვისების ფირმას აგრობიზნესისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოში და ჩვენს რეგიონში. ვართ ოფიციალური პარტნიორები­ ამერიკული საერთაშორისო აგრობიზნესის ფირმის, SAC Group -ისა, რომელსაც ძალიან ბევრი წარმატებული პროექტის განხორციელებაში მიუღია მონაწილეობა მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ამჟამად ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობით. ჩვენი მიზანია, რეგიონში ახალი სტანდარტების დამყარება და საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინდუსტრიის განვითარება. ამავდროულად, რაც ასევე მნიშვნელოვანია, გვაკავშირებს მჭიდრო და ახლო მეგობრობა SAC Group -ის დამაარსებელთან, ბატონ რიჩარდ გილმორთან, რომელიც საქართველოს დიდი მხარდამჭერია. რიჩარდ გილმორი, სხვადასხვა ეგიდით, გახლდათ ძალიან წარმატებული მრჩეველი ამერიკის მთავრობაში. ამასთანავე, ასწავლიდა ჰარვარდში, ჯორჯთაუნისა და სხვა წამყვან უნივერსიტეტებში. ჩვენთვის ფასდაუდებელია ასეთ პიროვნებასთან თანამშრომლობა და მისგან გამოცდილების მიღება.

რაც შეეხება ჩემს გრძელვადიან გეგმებს, ჩემი მომავალი მჭიდროდ უკავშირდება როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისე ჩემს საქართველოს, რომელსაც აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე!

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (91)
warmatebas gisurveb. hveni kveynis sasaxelo shvili xar!!!!!''
23 აგვისტო 2018 10:40
Hveni kveynis sasaxelo shvili xar.warmatebebi!!!!!!
დავიდ
23 აგვისტო 2018 03:06
ბორისს ესეიგი ბიზინა ივანისჰვილს,ამბიბენ ჯკუიტ უსკდება ტავიო და ამის დამამტკიცებელი საბუტი მისი 7-8 მილიარდია,რომ დაუდვია ის ფული ერტ ადგილას,ტუ ჯკუა აქვს და საქარტველოსტვის კარგი უნდა რატო არ აასჰენებს ფაბრიკა ქარხნებს,რატო არ დაასაქმებს ხალხს,სჰადოს ფული მომგებიან ბიზნესჰი სამხედრო მრეწველობასჰი,მანქანაბის და ტვიტფრინავის წარმოებასჰი, რაკეტა დანადგარების სჰექმნასჰი,მეცნიერ გამომგონებლების დეფიციტი არ გვაქვს,სჰევქმნატ მზლავრი იარახი,რომ ტავი დავიცვატ მტრებისგან და არ გვესჰინოდეს ახალი ოკუპაციის,ყველა სჰვენს მეზობელს სჰვენი ისტორიული ქარტული მიწები აქვტ მიტაცებული,სჰვენ უნდა გვქონდეს პრეტენზია და მოტხოვნილება მატ დაბრუნებაზე,სჰვენ კიარ უნდა გვესჰინოდეს,პირიქიტ მატ უნდა ესჰინოდეტ სჰვენი,იმიტომ რომ მატ მარტებს სჰვენი,,,ამიტომ უნდა ვიყოტ ზლიერები სამხედრო მრეწველობის განვიტარებასჰი და ტანამედროვე ახალი მზლავრი იარახის სჰექმნასჰი,სჰვენც ახვადგინოტ დიდი ისტორიული ქარტული სახელმწიფო,ტურქეტის ოცნებაა სჰექმნას დიდი ოსმალეტის იმპერია,სომხები ფიქრობენ დიდ სასომხეტის სჰექმნას,რუსეტი ისედაც დიდი იმპერიული სახელმწიფოადა კიდევ ფიქრობს ტავის ტერიტორიის გაზრდას,ირანი ფიკრობს დიდ ისლამური სახელმწიფოს სჰექმნას,მარტო სჰვენ ვარტ გასჰუმებული და დაგლახავებული,დადუმებული,საცოდავი,მსჰიჰარა ქვეყან ამ გამყიდველი და კორუმპირებული მტავრობის ხელსჰი,,დროა ხმა ამოვიხოტ,გვეყოს სირაქლემასავიტ ტავის სჰაყოფა მიწასჰი,
ეტერი
23 აგვისტო 2018 00:50
ღმერთმა დაგლოცოს შვილო
ლიკა
23 აგვისტო 2018 00:24
გილოცავთ
რობერტ მაღლაკელიძე
22 აგვისტო 2018 22:31
წარმატებებს გისურვებ ჩვენო საამაყო და უნიჭიერესო ახალგაზრდავ, უფალი გფარავდეს და მანვე უმრავლოს ჩვენს ქვეყანას თქვენისთანა ფენომენალური ნიჭის მომავალი თაობა!
qartveli
22 აგვისტო 2018 20:57
აღარ მეშინია!!!!!!!!!!!!!!!! მართლაც საქართველოს ღირსეული შვილი ხარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! შენ და შენი მეგობრები ნამდვილად დააყენებთ საქართველოს ფეხზე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ია
22 აგვისტო 2018 16:23
გამრავლდი შვილო და გამრავლდეს უფლის ნებით შენნაირი ქართველი ახალგაზრდები, მაგალითი და ნიმუში ხარ თუ როგორი თაობა უნდა გვყავდეს და გვყავს კიდეც უფლის ნებით, თქვენ უნდა გადაარჩინოთ თქვენი სამშობლო და მომავალი....
Dali
22 აგვისტო 2018 16:14
Warmatebebi svilo!
ნატო
22 აგვისტო 2018 15:39
ღმერთმა გვიმრავლოს შენისთანა ახალგაზრდები განათლებულები და ნიჭიერები...თქვენ ჩვენი იმედი ხართ, მივხედოთ ერთად ჩვენს პატარა ქვეყანას...უფალმა გადლოცოს...
ქეთევანი
22 აგვისტო 2018 15:31
გაიხარე დე....შეგხედავს ადამიანიი და, გეტყობა, რა ჭკვიანი და კარგი შვილი ხარ! გამრავლდი, და წარმატებებიი .

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები