"ჩემი უცხოელი მეუღლე იმიტომ მომეწონა, რომ ქართველ კაცს მაგონებს" - კვირის პალიტრა

"ჩემი უცხოელი მეუღლე იმიტომ მომეწონა, რომ ქართველ კაცს მაგონებს"

"მეუღლეს ძალიან უყვარს საქართველო. ბებია სამტრედიელი მყავს და იქ რომ ჩავიყვანე, ბრაიანი ამბობდა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გუშინ წავედი აქედან და ახლა უკან მოვბრუნდიო. შავი ღვინო მოეწონა, სცადეს, დაეთროთ, მაგრამ ვერ დაათვრეს. არ შერცხვა სიძეკაცი..."

საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი მხატვრულ ტანვარჯიშში ეკატერინე მეიშვილი დიდი ხნის წინ გაემგზავრა ამერიკაში. არც ენა იცოდა და არც არავინ დახვედრია, ყველაფერი ნულიდან დაიწყო. დღეს იგი მსოფლიო ჩემპიონია ფიტნესში. ცხოვრობს კალიფორნიაში მეუღლესა და შვილებთან ერთად და ელიტურ მწვრთნელად ითვლება, უძღვება ოჯახს, ვარჯიშობს და წელიწადში ორჯერ შეჯიბრებებზე გამოდის.

- 2015 წელს პირველად გავხდი ჩემპიონი მაიამიში მსოფლიო დონის შეჯიბრებაში "ფიტნესს იუნივერს", მეორედ 2016 წელს, ლას-ვეგასში, მსოფლიო ჩემპიონატზე პროფესიონალებს შორის გავიმარჯვე. ფიტნესი ჯერჯერობით არ არის საქართველოში ისე განვითარებული, როგორც ამერიკაში.

საქართველოში მხატვრულ ტანვარჯიშში ნელი სალაძის სკოლა მაქვს გავლილი, 5-გზის საქართველოს ჩემპიონი ვარ. საქართველოდან რომ წამოვედი, 24 წლის ვიყავი. მეუღლესთან დაშორების შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა, ჩემი 4 წლის გოგონა მშობლებთან დავტოვე, ვიფიქრე, 6-7 თვით წავალ და ვიმუშავებ, ცოტა ფულს დავაგროვებ და რაღაცას შევიძენ, რომ ბავშვს პირობები შევუქმნა-მეთქი.

- ამერიკაში თუ გამოგადგათ სპორტული გამოცდილება?

- თუ ენა არ იცი და საბუთი არა გაქვს, არავის აინტერესებს, ვინ ხარ, რა ტალანტი, რა გამოცდილება გაქვს. ჯერ ნიუ-იორკში ვცხოვრობდი. ისეთი სამსახური მოვძებნე, სადაც რუსულად ლაპარაკობდნენ - ტანისამოსის მაღაზიაში. ღამით გვამუშავებდნენ არალეგალურად, რადგან საბუთები არ გვქონდა, კაპიკებს გვიხდიდნენ. მაღაზია დაიკეტებოდა თუ არა, მთელი ღამე ვასუფთავებდით თაროებს, ტუალეტებს. ნელ-ნელა ინგლისური ვისწავლე, დანაზოგიც გამიჩნდა. მერე ბარში გადავინაცვლე. 2 წელიწად-ნახევრის შემდეგ მწვანე ბარათი მივიღე. 2007 წელს მოქალაქე გავხდი. ნინი 4 წლის რომ დავტოვე, 11 წლის იყო, აქ რომ ჩამოვიყვანე. მანამდე დროდადრო ჩამოვდიოდი და ვნახულობდი. ნინი ამბობდა, შენს საწოლში ვიძინებდი, რომ შენი სუნი და სითბო შემეგრძნოო.

მახსოვს, ერთხელ სამსახური დავკარგე. ამ დროს დედამ დამირეკა, ნინის რაღაც სჭირდება ჩოგბურთისთვისო და რაც ფულიც მქონდა, გავუგზავნე. მოვდივარ დაფიქრებული, მომშივდა, მივქექ-მოვქექე ჩანთა, ჯიბეები, შევაგროვე 2 დოლარი, ვიყიდე გახუხული პური და ვერ ვჭამდი, ცრემლები მახრჩობდა. მეგონა, მთელ მსოფლიოში მარტოდმარტო ვიყავი. საქართველოში თუ გაგიჭირდება, ნათესავია, მეზობელია, აქ კი... ძნელი იყო, მაგრამ მაძლებინებდა ის, რომ ვიცოდი, ნინის ჩემსავით არასდროს გაუჭირდებოდა.

- დღეს როგორ ცხოვრობთ?

- 2 თვეში ნინი კოლეჯს ამთავრებს. თავის კოლეჯში ნომერი პირველი ჩოგბურთელია. მგონია, დაგვიფასდა წვალება. მადლობელი ვარ მშობლების, რომ გამიზარდეს. მანამ ნინის ჩამოვიყვანდი, ჩემი მეორე მეუღლე გავიცანი. წარმოშობით ფრანგი, გერმანელი და ავსტრალიელია. ახლა გენში ქართული სისხლიც შეერიათ - ტყუპი გვეყოლა - ნიკოლოზი და მზია, გოგონას დედაჩემის პატივსაცემად დავარქვით სახელი. ახლა 6 წლისანი არიან.

მე და ჩემი მეუღლე ბრაიანი ერთ კლუბში ვვარჯიშობდით. ამ კლუბს კალიფორნიაში 20 ფილიალი აქვს, დღეს ბრაიანი ყველა ფილიალის დირექტორია. მოკლედ, ფიტნესმა შეგვახვედრა. მან დამაწყებინა ჩემპიონატებში მონაწილეობა.

- ნინი ხომ არ აიყოლიეთ?

- ნინი დღეში 3-ჯერ ვარჯიშობს, ფიტნესში, იოგაში, ოღონდ კორტზე ამყოფე, არც ჭამა აინტერესებს, არც დასვენება.

მეუღლეს ძალიან უყვარს საქართველო და ამბობს, რომ სიამოვნებით იცხოვრებდა მანდ. უყვარს მთები, თევზაობა, ნადირობა - მგონი, იმიტომ მომეწონა, ქართველ კაცს მაგონებს, იგივე ინტერესები აქვს. გაოცებულია ქართული სტუმართმოყვარეობით. ბებია სამტრედიელი მყავს და იქ რომ ჩავიყვანე, ბრაიანი ამბობდა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გუშინ წავედი აქედან და ახლა უკან მოვბრუნდიო. შავი ღვინო მოეწონა, სცადეს, დაეთროთ, მაგრამ ვერ დაათვრეს. არ შერცხვა სიძეკაცი.

ტყუპს კარგად ესმის ქართული, მაგრამ კითხვაზე ინგლისურად მპასუხობენ. ახლა ნინი ჩამოვა, კოლეჯს რომ დაასრულებს, დავიწყებთ ქართულის გაკვეთილებს. მანქანით რომ დავდივართ, სულ ქართულ მუსიკას ვასმენინებ. თუ დამავიწყდა - დედა, ჩართე ქართულებიო, მახსენებენ. ყოველთვის ვფიქრობდი, ნეტავ იმის პირობები მქონოდა, რომ საქართველოდან არ წამოვსულიყავი. ვცდილობ, ხშირად ჩამოვიდე. რაღაც-რაღაცები შეიცვალა, რაც ძალიან არ მომწონს. ძველ თბილისში შუშის ხიდი არ მომეწონა, ზედმეტად თანამედროვეა. კორპუსები ერთმანეთს რომ მიადგეს, არც ეგ მომწონს. როდესაც ჩამოვდივარ და მეგობრებს ვხვდები, ვხედავ, რომ დიდი უკეთესობა არ არის მათ ყოფაში, რაც დავტოვე, მას შემდეგ. ბევრი ჯაფა უწევთ არსებობისთვის, რაც მათ სახეებზეც იკითხება. ეს გულს მიკლავს.

მინდა, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს ჩემს სამშობლოში. მე და ბრაიანს გადაწყვეტილი გვაქვს, ბავშვები რომ კოლეჯში ჩააბარებენ, 6 თვე საქართველოში ვიცხოვროთ, 6 თვე კი - ამერიკაში. ჩემი დედამთილი ავსტრალიელია და ისიც ამ პრინციპით ცხოვრობს დღემდე.

ეკა სალაღაია