"ბუშმა ჯაჭვის მოაჯირი მოხსნა­ და სცენაზე ამოვარდა..." - კვირის პალიტრა

"ბუშმა ჯაჭვის მოაჯირი მოხსნა­ და სცენაზე ამოვარდა..."

გვახსოვს 2005 წელს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის სტუმრობა და მისი აღფრთოვანება ქართული ნაციონალური ანსამბლით. სამახსოვრო ფოტოზე ორ პრეზიდენტს შორის ქართული ნაციონალური ანსამბლის, "რუსთავის" მოცეკვავე ნინო ჭყონია დგას. ისტორიული ფოტოს გარდა მნიშვნელოვანია ერთი ფაქტიც: ნაციონალურ ანსამბლს მისი შექმნილი სამოსი აცვია. მოცეკვავე და დიზაინერი ნინო ჭყონია, რომელიც ანსამბლისთვის ეროვნულ კოსტიუმებს ქმნის, "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

ისტორიული ფოტო

- ჯორჯ ბუშს აბანოთუბანში დავხვდით. "მთიულურს" ვცეკვავდით და სააკაშვილმა და ბუშმა ჩაგვიარეს. პროტოკოლით გათვალისწინებული იყო მხოლოდ ჩავლა ამ გზაზე, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტი შეჩერდა. ჯერ ტაში დაგვიკრა, მერე უცებ წამოვიდა, ჯაჭვის მოაჯირი მოხსნა და სცენაზე ამოვარდა... ყველა გაოგნდა. გარშემო სნაიპერები იყვნენ, მიახლოება გამორიცხულია... სი-ენ-ენი, ბი-ბი-სი - ყველა არხი ამ მომენტს გადასცემს. უცებ ორ პრეზიდენტს შორის აღმოვჩნდი. ბუში გამოგველაპარაკა, პირადად მე მითხრა, ძალიან მაგრები ხართო. აღფრთოვანებული იყო...

"პირველად 5 წლისამ შევკერე"

- ბავშობიდან ვხატავ. 5 წლისამ გულის ფორმის ნემსების ჩასარჭობი შევკერე და დღემდე მაქვს. 2003 წელს სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. სულ ვკერავდი, ფეხსაცმელიც კი მაქვს შეკერილი - ძველი ფეხსაცმლის ლანჩას ტილოს ნაჭერი მივაკერე და ჩექმად ვაქციე. ახალ სამოსს რომ ვიყიდდი, მაშინვე სახეს ვუცვლიდი. ცეკვაზე პატარა შევედი და 26 წელია, ვცეკვავ.

"ყვავილებით დაიწყო"

- ერთ დღეს ფრიდონ სულაბერიძემ მკითხა, შეგიძლია ლამაზი ყვავილები დამიხატოო? ამ ყვავილებით დაიწყო ყველაფერი. ცოტა ხნის შემდეგ მეუბნება, ისეთი ყვავილები დამიხატე, ვიცი, ახლა ჩოხებისა და კაბების ესკიზებსაც დახატავო. მაშინ 20 წლის ვიყავი... ათი ცეკვის კოსტიუმი დავხატე. მივიტანე ესკიზები. ანსამბლის ვარსკვლავი უნდა გახსნილიყო და ბატონ ფრიდონს ფორმების განახლება უნდოდა. გადახედა, ანზორ ერქომაიშვილსაც აჩვენა... რამდენიმე დღის შემდეგ მითხრა - შენი ესკიზებით ვიწყებთ კოსტიუმების კერვასო. ერთი წელი არ მეძინა, ისეთი ტემპით ვიმუშავეთ... დადგა კონცერტის დღეც. ყველას ჩემი შექმნილი კოსტიუმები გვაცვია. "ოსურს" ვცეკვავ. დავინახე, წინა რიგში, ჩვენი ძველი თაობის მოცეკვავე ზის. იცოდა, რომ ესკიზები მე გავაკეთე და ხელით მანიშნა, მაგარიაო. უბედნიერესი ვიყავი.

"გორგოლაჭებიანი" ფეხსაცმელი

- ახლახან "ბლექ სი არენაზე" კონცერტი გვქონდა და ფლამენკოს ესპანელმა მოცეკვავემ მკითხა, ფეხზე რა გაცვიაო? ეგონა, გორგოლაჭები მეცვა, ან რაღაც სპეციალური ფეხსაცმელი, რომელიც სრიალებს... რომ ვაჩვენე, გაოცდა - ისე როგორ დადიხარ, რომ კაბის კალთა არ იძვრისო...

ნინოს ყაბალახი

- მე და ჩემმა მეუღლემ (ისიც "რუსთავის" მოცეკვავეა) ჩვენი ხელით გავმართეთ სამკერვალო და დავიწყე საყვარელი საქმის კეთება. მომწონს, როდესაც ყოველდღიურ სამოსში ნაციონალური ელემენტებია, მაგრამ არის რაღაც, რასაც არ უნდა შეეხო, მაგალითად, სილუეტი. ყაბალახი საუკუნეებს ითვლის, ამიტომ ფორმას ვერ შეუცვლი. ფერი, გაფორმება, ნაქარგი შემიძლია ფანტაზიის შესაბამისად ვცვალო. ჩემი ყაბალახი ჯინსსა და ქურთუკზე მოსასხამადაც გამოდგება. მაქვს იდეები - ცეკვის ფორმებს ყოველდღიური სამოსის სახეს მივცემ, მაგრამ სილუეტი უცვლელი დარჩება...

ნინო წიფურია