"როცა გონზე მოვედი, იმ საბედისწერო დღიდან ექვსი თვე იყო გასული" - ჟურნალისტი პროტესტის ნიშნად მათხოვრობს
03-10-2017
"როცა გონზე მოვედი, იმ საბედისწერო დღიდან ექვსი თვე იყო გასული" - ჟურნალისტი პროტესტის ნიშნად მათხოვრობს
"თუ ნაცნობს, ახლობელს ან კოლეგას დავინახავ, სახეს ვმალავ, მაგრამ მე, ჟურნალისტი ვასილ სილაგაძე, დღეს ვმათხოვრობ და ამის აღიარების არ მრცხვენია. თქვენ კი, ბატონებო, ვისაც შეგეძლოთ და არ გამოიჩინეთ გულისხმიერება, არ მინდა, ის გამოცადოთ, რასაც მე ყოველდღიურად ვაწყდები"

დიდუბის პანთეონთან მოწყალების სათხოვნელად გადის. როცა ნაცნობებს, ყოფილ კოლეგებსა თუ ნათესავებს ხედავს, სახეს მალავს... მოწყალების თხოვნა ერთგვარი პროტესტია სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების მისამართით, რადგან არაერთი თხოვნის მიუხედავად, დახმარების ხელი არავინ გამოუწოდა. დაიღალა და
იმედიც დაკარგა.­

45 წლის ვასილ სილაგაძე ჟურნალისტ­ობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. როცა ჯერი უმაღლესში სწავლის გაგრძელებაზე მიდგა, გადაწყვეტილება რატომღაც შეცვალა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. უმაღლესის დამთავრების შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო მუშაობა...

- 1994 წელი იყო. მეგობარს შევუარე ტელევიზიაში. წავიწუწუნე, მთელი ცხოვრება მინდოდა ჟურნალისტობა-მეთქი. აგერ არის ნატო ონიანი,
შედი და დაელაპარაკეო. მეც ავდექი და ქალბატონი ნატოს კაბინეტის კართან ავიტუზე. ის მაშინ მეორე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი­ და გადაცემა "ტაიმ-აუტის" ავტორი და წამყვანი იყო. კარზე დავაკაკუნე და მობრძ­ანდითო, მითხრა. ვუთხარი, რომ ჟურნალისტად მუშაობის ძალიან დიდი სურვილი­ მქონდა. თუ გაქვს გამოცდილებაო. არა-მეთქი, ვუპასუხე. მოდი, ვცადოთო. მოკლედ, მეორე არხზე 6 წელი ვიმუშავე. მერე პირველ არხზე "ალიონში" გადავედი სამ­უშაოდ. შემდეგ ბეჭდურ მედიაში გადავინ­აცვლე...


2003 წლის 31 ოქტომბერს ყოფილ სასტუმრო "აჭარასთან" ავტომობილი დაეჯახა.

ვასილ სილაგაძე:
"ღამის სამის ნახევარზე ჩემი დეიდაშვილის მეგობარმა ქუჩაში დასისხლიანებული, უგონოდ მიპოვა. როგორც თვითმხილველი ამბობს, სასტუმროსთან უნომრო შავი "ოპელი" დამეჯახა და გაიქცა. ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება მქონდა. ექიმები ოჯახს ჩემი გადარჩენის იმედს ვერ აძლევ­დნენ. მხოლოდ 21 დღის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ფეხიც მოტეხილი მქონია... როცა გონზე მოვედი, იმ საბედისწერო დღიდან ექვსი თვე იყო გასული. ექვსი წელი ეტლს ვიყავი მიჯაჭვული, რამდენიმე ოპერაცია ხორხზეც დამჭირდა მეტყველების აღსადგენად. პირველად ფეხზე 2009 წელს დავდექი. გაჭირვებით ვახერხებდი ნაბიჯების გადადგმას. ახლაც მარჯვენა ხელი და ფეხი პარალიზებული მაქვს. 2008 წელს ჩამიტარდა რეაბილიტაციის კურსი და ისეთი შედეგი მომცა, რომ შედარებაც არ შეიძლება.
სხვადასხვა ქვეყნის კლინიკებში გავგ­ზავნე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემები. რამდენიმე მათგან­იდან მომივიდა პასუხი, მათ შორის მიუ­ნხენიდანაც - ბაუერის კლინიკა იღებს პასუხისმგებლობას, თუ მათთან გავივლი რეაბილიტაციის კურსს, ჩემი მდგომარეობა 80%-ით გაუმჯობესდება.

მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, 100 ლარი მაქვს პენსია. ამ თანხით წარმოუდგენელია არსებობა, მით უფრო გერმანიაში წასვლა და რეაბილიტაციის გავლა. მიუხედავად იმისა, რომ სიარულს ძლივს­ ვახერხებ, მაინც მივაკითხე ყველა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფონდებსა და კომპანიებს, იქნებ დაეფინანსებინათ ჩემი რეაბილიტაცია, თუმცა, ამაოდ.

ჩემი და საბავშვო ბაღში მუშაობს და ამიტომ სოციალური დახმარებაც მოგვიხსნეს, ძმა ახლახან გარდამეცვალა, სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, ჩემი და, რძალი და სამი მცირეწლოვანი ბავშვი. ცხოვრება რომ ბრძოლაა, ვიცი, არ ვნებდები, მაგრამ დავიღალე ამდენი უსამართლობით. ახლაც თუ სული მიდგას, ჩემი კოლეგებისა და მეგობრების დახმარებითაა, მაგრამ ასე როდემდე გაგრძელდება?"

ალბათ, მოქალაქეებს გაუჩნდებათ კით­ხვა:"რატომ მოწყალების თხოვნა?! ალბათ, იმიტომ, რომ ჟურნალისტებმა ყველაზე უკეთ იციან საზოგადოების ძალა, მათი მხარდაჭერის უსაზღვრო შესაძლებლობები... თავის დროზე, ჟურნალისტ ვასილ სილაგაძეს არაერთხელ გაუხმაურებია სხვა ­ ადამიანების ტკივილი.


ვასილ სილაგაძე:
"მთელი ცხოვრება ჩემი პროფესიით ვიმუშავე, საზოგადოებასა და მთავრობას შორის მედიატორის როლს ვასრულებდი. ხალხის გულისტკივილი მთავრობის წარმომადგენლებთან მიმქონდა. სხვას ვეხმარებოდი და ახლა თავად ვარ დასახმარებელი. ვერასდროს ვიფიქრებდი ასეთ დასასრულზე... მაგრამ ცხოვრებასთან გამოცხადებული­ ომი ჯერ არ წამიგია, ისევ ვიბრძვი და მინდა მჯეროდეს, რომ ნაყოფს გამოიღებს. ვერაფერს რომ ვერ გავხდი, პროტესტის ასეთ ფორმას მივმართე. დიდუბის პანთეონთან მოწყალების სათხოვნელად დავჯექი. ამ ხნის განმავლობაში ყველაზე მეტი ფული, რაც კი მიშოვია, შვიდი ლარია.

თუ ვინმე ნაცნობს, ახლობელს ან სულაც კოლეგას დავინახავ, სახეს ვმალავ... მაგრამ ეს არის ერთადერთი, რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია. მე, ჟურნალისტი ვასილ სილაგაძე, დღეს ვმათხოვრობ და ამის აღიარების არ მრცხვენია. თქვენ კი, ბატონებო, ვისაც შეგიძლიათ ან შეგეძლოთ და არ გამოიჩინეთ გულისხმიერება, არ მინდა, ის გამოცადოთ, რასაც მე ყოველდღიურად ვაწყდები".

ახლა ჩვენი კოლეგების აქტიურობისა და, რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარდაჭერის დროა. იქნებ კიდევ შევხვდეთ ალიონს მასთან ერთად ტელეეკრანებთან... იქნებ სხვა ადამიანის გაჭირვების შესახებ პრესის ფურცლებზე ჟურნალისტ სილაგაძის სტატიიდან ამოვიკითხოთ.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ ჩარიცხოთ ნებისმიერი თანხა მის პირად ანგარიშზე: GE81TB7102345063600014


თორნიკე ყაჯრიშვილი
Megi
04 ოქტომბერი 2017 00:24
Sakartvelohi vinme rameprofesia da saertod pirovneba rodis unda dafasdes? Martlac gverdit mogijdebodi protestis nihnad
SS
03 ოქტომბერი 2017 21:22
გუშინ პროტესტის ნიშნად 0,70 "აბსოლუტ"-ს ორ საათში წირვა გამოვუყვანე. ისე თოხლი კი იყო კარგი.
Ponto
03 ოქტომბერი 2017 14:39
დავეხმაროთ რა. ახლაგაზრდა კაცი შემთხვევის გამო ასე იჩაგრება, იქნებ ჩვენმა 2 ლარმა შეუცვალოს ცხოვრება

რედაქტორის რჩევით