"მის გვერდით, მართლაც, ბედნიერი ქალი ვიყავი" - კვირის პალიტრა

"მის გვერდით, მართლაც, ბედნიერი ქალი ვიყავი"

ფოტოგალერეა

ქართულ კინოსტუდიაში დიდი ფუსფუსი იყო. ნიკოლოზ სანიშვილი "დავით გურამიშვილის" გადაღებას იწყებდა. როლები თითქმის განაწილებული ჰქონდათ, მხოლოდ ერთი ახალგაზრდა, ლამაზი ქალის სახე აკლდათ. რეჟისორმა ფილმის მხატვარს, თამარ აბაკელიას გურამიშვილის სატრფოს ესკიზების მომზადება დაავალა, რათა ამის მიხედვით მოეძებნათ სასურველი მანდილოსანი. დრო არ ითმენდა. რეჟისორს ეჩქარებოდა გადაღების დაწყება, ამიტომაც ყველა, გადამღები ჯგუფის წევრი თუ მათი ახლობელი, სასურველ სახეს დაეძებდა ქუჩაში.

ერთხელაც, როცა რეჟისორის დედამ ბაზარს მიაშურა პროდუქტების საყიდლად, თვალი მოჰკრა ლამაზ, აშოლტილ გოგოს, რომელიც დახლთან იდგა და რაღაცას ყიდულობდა. სანიშვილის დედამ უკან მისდია ქალიშვილს, ეშინოდა, არ დაეფრთხო, ამიტომ არც კი გამოელაპარაკა. მის სახლთან მისულმა დაადგინა ლამაზი გოგონას ვინაობა და შვილთან გაფრინდა. ნიკოლოზ სანიშვილი დაინტერესდა და მეორე დღეს ასისტენტი გააგზავნა მის სანახავად.

ეს გოგონა დოდო ჭიჭინაძე გახლდათ. კინოსტუდიაში ყველას ძალიან მოეწონა, თანაც მხატვარ აბაკელიას ესკიზები და მისი გარეგნობა სასწაულად ჰგავდა ერთმანეთს. ბევრი აღარ უფიქრიათ, ერთხმად დაამტკიცეს როლზე.

მე იმ ჟურნალისტების რიცხვს მივეკუთვნები, რომელსაც წილად ხვდა ბედნიერება უფროსი თაობის კინოსა თუ თეატრის ცნობილ მსახიობებს პირადად შეხვედროდა და ინტერვიუ ჩაეწერა.

ქალბატონ დოდო ჭიჭინაძეს წლების წინ შევხვდი. სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა. გაიხსენა ბავშვობა, პირველი ნაბიჯები კინოში და შემდგომი პერიოდიც.

ვიკიპედიაში წერია, რომ დოდო ჭიჭინაძე 1924 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში და კარგა ხანს იქ იზრდებოდა, არადა, ის შილდაში დაბადებულა. აი, რა მიამბო მაშინ:

"ჭიჭინაძეების ძირი იმერეთშია, სოფელ ჭოლევში. თითქმის ყველა ჩემი წინაპარი მოწამეთის ეზოშია დასაფლავებული, მე კი შილდაში დავიბადე და გავიზარდე. მამაჩემი 1924 წლის აჯანყების მონაწილე იყო, კარგად იცნობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს. როცა მასობრივი დახვრეტა დაიწყო, მამაც სხვებთან ერთად, შორაპანთან ჩამოყენებულ ვაგონში შეაგდეს. მაშინ დედა ახალშერთული ჰყავდა, იგი ჩემზე ორსულად იყო.

რამდენიმე დღე ამყოფებდნენ ხალხს ვაგონში. მერე გამოიყვანდნენ და იქვე ხვრეტდნენ. თინა მამიდამ (გურამ ასათიანის დედამ) მიაკითხა ერთ ნაცნობს, მაშინდელ "წონიან" პირს, სიმონ ჯუღელს და სთხოვა, გაეთავისუფლებინა მამა. მანაც გულისხმიერება გამოიჩინა და მამა გაათავისუფლეს. რადგან კახეთი უკვე ქარიშხალგადავლილი იყო, მამას იქ წასვლა ურჩიეს. ასე დასახლდა ჩემი ოჯახი შილდაში. მამა განათებული კაცი იყო, ბრწყინვალედ ლაპარაკობდა გერმანულად და უნდოდა, შვილებსაც კარგი განათლება მიეღო, სოფლად კი ეს შეუძლებელი გახლდათ, ამიტომ მე და ჩემი ძმა (მასზე 5 წლით ვარ უფროსი) თბილისში გამოგვისტუმრეს დეიდასთან. ცოტა ხანში საცხოვრებლად გადავედით გერმანელ ქალთან, რომელსაც შვილები უცხოეთში ჰყავდა გათხოვილი, თვითონ კი მარტო ცხოვრობდა. ლილი ტალმამ ჩვენს სწავლა-განათლებას საფუძვლიანად მოჰკიდა ხელი. სკოლა წარჩინებით დავამთავრე და იმავე წელს ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში. მერე მოხდა ის, რასაც ბედისწერა ჰქვია. ქუჩაში ნიკოლოზ სანიშვილის დედამ მიპოვა და ჩემი ბედიც სამუდამოდ დაუკავშირდა სამსახიობო ხელოვნებას.

"დავით გურამიშვილის" შემდეგ წარმატება ქარბორბალასავით დამატყდა თავს. პირველ ფილმს სხვები მოჰყვა: "ბედნიერი შეხვედრა", "ჭრიჭინა", "ცისკარა", "შეწყვეტილი სიმღერა", "ნინო", "ბაში-აჩუკი"... თუმცა, ჩემთვის თეატრი მაინც სულ სხვა სამყარო იყო, უფრო მიმზიდველი და საინტერესო.

პირადი ცხოვრება თავიდან არ აეწყო დოდოს. იგი ოჯახის რჩევის საწინააღმდეგოდ გათხოვდა და ინანა კიდეც, მეორედ კი უვაჟკაცესი და უძვირფასესი მეგობარი შეხვდა, ჩინებული ინჟინერი და ჩინებული მოქალაქე, ცნობილი ოჯახიშვილი და ცნობილი მოკრივე, დედით აბაშიძე და მამით ბუზ ოღლი. იგი თენცინგ ნორგეის (ევერესტის პირველდამპყრობის) ახლო მეგობარი იყო. თვითონ ხომ უყვარდა მოგზაურობა და დოდოსაც მთელი მსოფლიო შემოატარა.

ამონაწერი ქალბატონი დოდო ჭიჭინაძის მოგონებებიდან:

"გაფრინდა ის დრო, ჩემი სახლის წინ გიტარით რომ მიმღეროდნენ ბიჭები...

ერთხელ ლაშიკო (თაბუკაშვილი) მეუბნება: გზაზე ვიდექით ბიჭები. ვხედავ, თქვენ და დედაჩემი (მედეა ჯაფარიძე) მოდიხართ. ჰოდა, კაცები თქვენზე ისეთ კარგ რაღაცეებს ლაპარაკობდნენ, გასუსული ვიდექი, ვუსმენდი და ჩემზე ბედნიერი ქვეყნად, ალბათ, არავინ იყო!

მე, ძალიან ახალგაზრდა, უბედოდ გავთხოვდი. სულ სხვა მიყვარდა. როცა ქმრისაგან წამოვედი, მამაკაცებისადმი ისეთი უნდობლობა გამიჩნდა, რომ ძალიან გვიან, ისიც ჩემი ბიძაშვილის ძალისხმევით მეორედ ვცადე ბედი და, კიდევ - ოთარ ეგაძის წყალობით, რომელსაც საოცრად თბილი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემი ძმისა და ჩვენი ოჯახისადმი: - ამას როგორ აკეთებ, დოდო, ცოდო ხარო - სულ მეუბნებოდა და...

ერთი სიტყვით, ჩემმა ბიძაშვილმა, დათო ჭიჭინაძემ, მითხრა: ეს უბრწყინვალესი კაცი, რომელსაც, შენც კარგად იცი, მთელი თავისი ცხოვრებაა, უყვარხარ, ჩემი მეგობარია, ახლავე წამოხვალ და ხელს მოაწერთო. ოთარიც იქვე იყო თურმე, მოლაპარაკებულები ყოფილან და, მართლაც, რაიონის მმაჩის ბიუროში გამაქანეს. რომ მივედით, იხუმრეს, ესენი ძალით დავიჭირეთ და ხელის მოწერა უნდა გავაფორმოთო. იმათ კიდევ, რას ბრძანებთ, ამას ერთი თვე სჭირდებაო. მაშინ ოთარმა მეგობარ რაიკომის მდივანს, რომელიც ბიუროს სხდომას ატარებდა, დაურეკა: "ეს ჩვენი გიჟი დოდო ჭიჭინაძე, როგორც იქნა, ქორწინებაზე დავითანხმეთ, აქ, მმაჩის ბიუროში კი ამას ერთი თვე სჭირდებაო, უარს გვეუბნებიან. რაიკომის მდივანმა ეს საკითხიც ბიუროზე გაიტანა, იმათ კიდევ ერთი ამბავი ატეხეს - ახლავე მოაწერონ ხელიო... რა სასაცილო კაბა მეცვა, ახლაც შენახული მაქვს. ამბის ატეხა მაშინ გენახათ, ჩემი გათხოვება კამოს ქუჩის #4-მა რომ გაიგო, მთელი სახლი აივანზე გადმომდგარი, ტაშის გრიალით შემეგება.

ჩემი მეუღლე, მართლაც, უბრწყინვალესი პიროვნება, ჭეშმარიტი ინტელიგენტი და გამორჩეული ვაჟკაცი გახლდათ, პროფესიით ინჟინერი; დიდზე-დიდი სპეციალისტი, უამრავი ფაბრიკა-ქარხანა აქვს აშენებული. უნიჭიერესი კაცი იყო, ექვს ენაზე ლაპარაკობდა, მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრება ენახა და ეგრძნო ეს ცხოვრება.... მის გვერდით, მართლაც, ბედნიერი ქალი ვიყავი.

(გაზეთი "თბილისი", 2000 წლის 21 დეკემბერი)

მახსოვს, როგორი სიყვარულით გაიხსენა ქალბატონმა დოდომ თავის მეგობრები:

"გიორგი შავგულიძე ჩემზე ბევრად უფროსი იყო. "დავით გურამიშვილში" რომ ვითამაშე, 19 წლისა ვიყავი, გიორგი კი - 37-ის. ისე მექცეოდა, როგორც პატარა ბავშვს. მერე დავახლოვდით ოჯახებით. ბავშვობიდან ვმეგობრობდი გიგა და მარიკა ლორთქიფანიძეებთან. მარჯანიშვილის თეატრში ჩემი უახლოესი მეგობარი გახლდათ მედეა ჯაფარიძე. ის იყო ადამიანი, რომელიც ყველაზე სასოწარკვეთილსა და უიმედოს ამ ქვეყნისკენ შემოაბრუნებდა და სიცოცხლეს შეაყვარებდა. წარსულიდან იმდენი კარგი რამ მაგონდება, ყველა რომ გავიხსენო, ერთი დიდი წიგნი გამოვა, მაგრამ ერთს მაინც გავიხსენებ ჟორაზე. შავგულიძე ხომ უბადლო იყო კურიოზული სიტუაციის მოგონებაში. ერთხელაც შევდივარ თეატრში და უცებ დამეტაკნენ, ერთი მსახიობი არ მოვიდა და შენ უნდა შეასრულო მისი როლიო. დავიბენი, რადგან "კოლმეურნის ქორწინებაში" არ ვთამაშობდი და არც ტექსტი ვიცოდი. ის მაინც მითხარით, ვისი როლი უნდა შევასრულო-მეთქი და მიპასუხეს, მეღორე ვერიჩკასიო.…ძალიან ავნერვიულდი, როგორია, სცენაზე უნდა გავიდე, თან ისე, რომ არ ვიცი ტექსტი. ჟორამ დამამშვიდა, როცა უნდა გამოხვიდე სცენაზე, გეტყვიან, მსვლელობისას მე დაგეხმარები, ხოლო სცენიდან მაშინ გახვალ, როცა ერთ ადგილას გიჩქმეტო. მოვიდა დრო ჩემი გასვლისა. გავედი. ჟორა ისეთ რამეს მეკითხება, აზრზე არა ვარ და სისულელეებს ვპასუხობ. ხალხი კვდება სიცილით. ერთი სული მაქვს, კულისებში დავბრუნდე, მაგრამ ჟორა იგვიანებს ჩქმეტას და მეც ვდგავარ შუა სცენაზე და სიმწრის ოფლი მდის. ჟორამ ზუსტად 15 წუთი ახარხარა მაყურებელი ჩემზე. ყურში ჩავჩურჩულე, ე, ბიჭო, მიჩქმიტე და გამიშვი სცენიდან-მეთქი. როგორც იქნა, დამადგა საშველი...

მეამაყება, რომ მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობი ვიყავი და გვერდით ვედექი ბუმბერაზ მსახიობებს. დიდი ტკივილი განვიცადე, როცა გიორგი შავგულიძე უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან. მერე ერთმანეთს მიჰყვნენ ჩემთვის ძვირფასი ადამიანები: ჩემი მამიდაშვილი გურამ ასათიანი, ეროსი, ლია ელიავა... აწი სიკვდილის არ მეშინია, რადგან ვიცი, რომ იმ ქვეყნად ბევრი ახლობელი დამხვდება".

მახსოვს, ინტერვიუს ჩაწერა დასრულებული იყო უკვე, დავემშვიდობე კიდეც ქალბატონ დოდოს, რომ მან კიბიდან მომაბრუნა: იცით, რა მეამაყება? ერთხელ არკადი რაიკინმა მითხრა: საქართველო ბუმბერაზი ფილარმონიაა, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენო, როგორც დიდი და ნამდვილი ხელოვნებაო.

დოდო ჭიჭინაძე ის ადამიანი გახლდათ, რომელსაც ყველაფერი ქართული, ამაღლებული და ლამაზი, საოცრად ეამაყებოდა, ქვეყნის ტკივილი კი გულს უსერავდა. ამიტომაც ჩვენმა პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მას საქართველოს მშფოთვარე ჭირისუფალი შეარქვა.

დოდო ჭიჭინაძე 2009 წელს გარდაიცვალა.

იხილეთ ფოტოგალერეა: დოდო ჭიჭინაძე - მართლაც ქართული სილამაზე

მარინა ბაბუნაშვილი