"ალბათ, გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან, მეორე სართულიდან გადახტა" - კვირის პალიტრა

"ალბათ, გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან, მეორე სართულიდან გადახტა"

25 სექტემბერს ზემო ფონიჭალაში, 206-ე საჯარო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. პატარა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ბავშვს ქალა-ტვინის ტრავმა და გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება. მისი თქმით, ამ ეტაპზე მცირეწლოვანს ოპერაციული ჩარევა არ ესაჭიროება.

რაც შეეხება ფაქტზე რეაგირებას, მინისტრის თქმით, პირველ რიგში ძალიან სწრაფად უნდა იქნეს გამოკვლეული სად იყო ხარვეზი დაშვებული.

"შესაბამისი ხარვეზის დამშვებმა უნდა აგოს პასუხი და უნდა გამოსწორდეს სასწრაფოდ",- აღნიშნა სერგეენკომ.

ბაღის დირექტორის, მარინა გოგოლაძის ინფორმაციით, მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე აღსაზრდელია.

"მასწავლებელთან ერთად იყო ბავშვი და რაღაც მოხდა. გასარკვევია, მეც არ ვიცი. მე თვითონ პირველ სართულზე ვიყავი. ჯგუფში დღეს იყო 32 ბავშვი, ერთი აღმზრდელი, ერთი აღმზრდელის თანაშემწე, მრეცხავი და დამლაგებელი", - განაცხადა გოგოლაძემ.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას თქმით, მომხდარზე მუშაობს მონიტორინგის სამსახური.

"რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო. ჩემი აზრით, ალბათ, გაეპარათ ბავშვი და საძინებლიდან, მეორე სართულიდან გადახტა. აქედან გამომდინარე, მონიტორინგის სამსახური მაშინვე მივიდა ბაღში. მიმდინარეობს მოკვლევა. დავადგენთ უყურადღებობა იყო მიზეზი, თუ რაიმე კონკრეტული ფაქტი მოხდა. დამატებით ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით მედიასაშუალებებს. მეც ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, როგორც ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვისაც უშუალოდ ევალებოდა ბავშვზე ყურადღება, ალბათ, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მოვლენებს არ მინდა გავუსწრო, მონიტორინგის შედეგები გვეცოდინება, ალბათ, 2 საათში და შესაბამისად, მივიღებთ უმკაცრეს ზომებს. მომხდარი ფაქტი საკმაოდ დასაფიქრებელი და მძიმეა", - განაცხადა თემურ თორდინავამ.

იხილეთ ასევე: ზემო ფონიჭალის 206-ე საჯარო ბაღის დირექტორი, აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

"ინტერპრესნიუსი"