"ხალხო, ქართველებო, თავი მოგვეჭრა... გრუშე ზანგმა ბიჭმა იხმარა..." - ლეგენდარული რამაზ ჩხიკვაძის ოხუნჯობა მექსიკურ სცენაზე - კვირის პალიტრა

"ხალხო, ქართველებო, თავი მოგვეჭრა... გრუშე ზანგმა ბიჭმა იხმარა..." - ლეგენდარული რამაზ ჩხიკვაძის ოხუნჯობა მექსიკურ სცენაზე

ყველასთვის საყვარელი მსახიობი ჯემალ ღაღანიძე საკულტოდ ქცეული სპექტაკლის "კავკასიური ცარცის წრის" მექსიკურ გასტრილს იხსენებს:

- "კავკასიური ცარცის წრე" გასტროლზე რომელ ქვეყანაშიც ჩაგვქონდა, ბავშვსაც (მიშიკოს როლი) იქ ვიყვანდით. ამას ერთი გარემოებაც ემატებოდა. საზღვარგარეთ პროფკავშირები ბავშვებს ღამის სპექტაკლებში თამაშს უკრძალავდნენ. დიდი-დიდი, ერთი სპექტაკლის უფლებას გვაძლევდნენ, ჩვენ კი ხუთ-ათ სპექტაკლს ვთამაშობდით, ამიტომ მიშიკო ძალიან ბევრმა სხვადასხვა ბავშვმა ითამაშა, ბიჭებმა და გოგონებმა. ავსტრალიაში ერთი გოგონა ავიყვანეთ. ექვსი-შვიდი წლის თუ იქნებოდა. საქართველოში გათხოვილი პოლონელი ბებია ჰყავდა, რომელიც ქართულ სიტყვებს ასწავლიდა. ავსტრალიაში ხელმეორედ რომ ჩავედით, პოლონელი ბებია ქალიშვილთან ერთად მოვიდა, - მე ის მიშიკო ვარო.

მახსოვს, მექსიკაში გვქონდა გასტროლები. ძირითადად, ქალაქ მეხიკოში ვმუშაობდით, თუმცა, შიგადაშიგ გასვლითი სპექტაკლებიც გვქონდა. ერთ-ერთი გასვლითი სპექტაკლი ქალაქ პუებლოში იყო და სწორედ აქ იანცა რამაზ ჩხიკვაძემ. რობიკომ რეპეტიციისთვის მიშიკოს როლის შემსრულებელი ბავშვის მოძებნა მოითხოვა. ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი დირექტორი, ნესტორ ჭილაძე ბავშვის მოსაყვანად წავიდა და დაიგვიანა. ბოლოს, ორმეტრიანი, დაკუნთული, სექსუალურად ახალმომწიფებული ზანგის ბიჭი - მიშიკო მოიყვანა. რობიკომ რომ დაინახა, ბატონ ნესტორს განცვიფრებულმა ჰკითხა: ეს ვინ არის? - ბატონო რობერტ, მთელი ქალაქი მოვიარე. არ ვიცი, პროფკავშირების ეშინიათ თუ რა არის, ვერავინ დავითანხმე. ამ ბიჭის მამა კი დღევანდელ სპექტაკლს აფინანსებს, თანაც, დიდ ბანკეტს იხდის. რა გახდა ერთი სპექტაკლი, სხვა გზა არ არის, იქნებ კომპრომისზე წახვიდეთო? რობიკო დათანხმდა.

დავიწყეთ სპექტაკლი. დადგა ის წამი, როდესაც აზდაკი-რამაზი ეუბნება მიშიკოს, "მიდი დედაშენთან!" მიშიკო უნდა გამოიქცეს და გრუშეს, რომელიც მუხლებსა და იდაყვებზეა დაყრდნობილი, ზურგზე უნდა მოეხვიოს სახით მაყურებლისკენ, ხოლო ზურგით ჩვენკენ. ეს ჩვენი დაკუნთული, სექსუალურად ახალმომწიფებული ზანგი მიშიკო გამოვარდა და გრუშეს ზურგზე მოახტა. აქ მოხდა, რაც მოხდა. რამაზმა აზდაკის ხმით წამოიყვირა: "ხალხო, ქართველებო, გვიშველეთ, თავი მოგვეჭრა... გრუშე ზანგმა ბიჭმა იხმარა... არიქა, გამოაცალეთ", - სცენაზე მდგომი ოცდაათამდე მსახიობი სიცილით ლამის გაიგუდა. თან, ერთხელ კი არ დაიძახა, დაიწყო და აღარ დაამთავრა. ვეუბნებით: "ე, ბიჭო, ვინმე ქართველი არ იჯდეს დარბაზში, მართლა თავი არ მოგვეჭრას". თქვენც არ მომიკვდეთ, დაჟინებით გაჰყვიროდა თავისას. ჰოდა, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა დაგვემართებოდა სცენაზე. (იხილეთს სტატია სრულად)