"ფილმში ის ძირითადი 50 დღეა აღებული, როცა ზვიად გამსახურდიას ნადირივით დასდევდნენ..." - კვირის პალიტრა

"ფილმში ის ძირითადი 50 დღეა აღებული, როცა ზვიად გამსახურდიას ნადირივით დასდევდნენ..."

მსახიობ ზურაბ ანთელავას შემოქმედებით ცხოვრებაში სიახლეა: ის "თავის მეგრელებთან" ("ჩემი ცოლის დაქალების" მეგრელი პერსონაჟების როლების შემსრულებლებთან) და სხვა საინტერესო მსახიობებთან ერთად, ახალი ახალგაზრდული თეატრის გუნდის წევრი გახლავთ... გარდა ამისა, მალე იორგი ოვაშვილის ფილმს - "ხიბულას" თბილისის კინოთეატრშიც ვიხილავთ, რომელშიც ბატონი ზურაბი საქართველოს პირველი პრეზიდენტის პირად მცველს ასახიერებს...

- ზუგდიდში, ჩემს სამშობლოში ვიყავი - ადგილის დედა ხშირ-ხშირად მეძახის. ძმასთან ყოველთვის ჩავდივარ (სოფელში, სახლში ვარ დაბადებული და არა - სამშობიაროში). თხილის კრეფისას, აღდგომის თუ სხვა დღესასწაულებზე ყოველთვის ჩემი ძმის გვერდით ვარ... თბილისს აქტიური საქმიანობით რომ შევუერთდი, სწორედ ამ დროს "ხიბულას" პროდიუსერ-რეჟისორი შემოგვეხმიანა და შეგვატყობინა, რომ ბათუმის კინოფესტივალი გიორგი ოვაშვილის "ხიბულათი" საზეიმოდ გაიხსნებოდა. ეს ფილმი არის შავი და სასტიკად არაადამიანური ისტორია ჩვენი პირველი პრეზიდენტის მიმართ. მხოლოდ პრეზიდენტზე არ არის საუბარი: ფილმში ის არასწორი, არაჯანსაღი დეტალებია წარმოჩენილი, რაც ადამიანებს არაადამიანებად გვაქცევს.

სამწუხაროდ, 25 წლის განმავლობაში, ასეთი საქციელებითაც ვერ ვისწავლეთ ჭკუა, რომ იგივე შეცდომები არ დავუშვათ. ფსიქოლოგიური და ძალიან მძიმე ფილმი გამოვიდა. როცა ვნახე, კარგა ხანს წესიერად ვერ ვილაპარაკე, ვერ ვაზროვნებდი. მიზეზი ის კი არ არის, რომ ფილმში თავად ვმონაწილეობ - არა, სასტიკად მძიმე ფილმია... ფესტივალმა დიდი ოვაციებით ჩაიარა. ჩვენი დიდი მაესტრო - გია ყანჩელი ესწრებოდა. ფილმით მოხიბლული დარჩა... 12 წელია, რაც ამ კინოფესტვალს ბათუმი მასპინძლობს. თანდათან ძლიერდება და ფართოვდება, მასშტაბური ხდება... ოქტომბერში, რუსთაველის კინოთეატრში "ხიბულას" თბილისური პრემიერა იქნება. ნამდვილად პროდუქტიული, შედეგიანი ფილმი გამოვიდა: თუ ამ ფილმით ჭკუა ვისწავლეთ, ჩვენი ისტორიული ცხოვრებით უფრო წინ წავალთ; თუ არადა, ის მაინც გავაანალიზოთ, რა შეცდომებს ვუშვებთ ადამიანები...

- "ხიბულაში" თქვენს პერსონაჟზე რას გვეტყვით?

- ფილმში ის ძირითადი 50 დღეა აღებული, როცა ზვიად გამსახურდიას ნადირივით დასდევდნენ... მას 13 ერთგული ადამიანი ჰყავდა, რომელიც ბოლომდე გაჰყვა. მათ შორის 2 მისი პირადი მცველი იყო. ერთ-ერთი პირადი მცველის როლს მე ვასრულებ... ისეთი ტიპის ადამიანი ვარ, რომ ცოტა არ იყოს, რეჟისორებთან კამათი მიყვარს, რაც შემდეგ ჯაჯღანში გადადის, მაგრამ იცით, რატომ? რეჟისორებს კი არ ვეწინააღმდეგები, უბრალოდ, მინდა, კამათისას დამარწმუნონ, რა უნდათ. ჩემს პერსონაჟთან დაკავშირებით, ბატონი გიორგი იქამდე მივიყვანე, რომ ჩემს გმირს ის ნაბიჯი არ გადავადგმევინე, რომელიც ფილმში დიდ კითხვის ნიშანს ტოვებს. არ შეიძლება, ის ადამიანები, ვინც ბოლო წუთამდე ზვიად გამსახურდიას გვერდით იყვნენ, დამნაშავეები ყოფილიყვნენ, ღმერთი არც ერთს არ აპატებდა... ამიტომ მათი ხელით არაფერი მომხდარა... კითხვა დატოვებულია, პასუხი კი მაყურებელმა გასცეს... (იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 28 სექტემბრის ნომერში)

იხილეთ ფოტოგალერეა: "ხიბულა"

ეთო ყორღანაშვილი