"ახალგაზრდა ყვირილით გავარდა ბაღისკენ, ბავშვი, ბავშვიო" - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდა ყვირილით გავარდა ბაღისკენ, ბავშვი, ბავშვიო"

სამი წლის პატარა, კესარია, ჯერ კიდევ რეანიმაციაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის. 206-ე ბაღის დირექტორი, აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე კი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. როგორც ბავშვის დეიდა ამბობს, 206-ე ბაღში სულ ხუთი დღე იარა კესარიამ, ისიც მხოლოდ რამდენიმე საათით, რადგან დაახლოებით დღის ორ საათზე აკითხავდა და სახლში მიჰყავდა. სწორედ მეხუთე დღეს გადაწყვიტა, საძინებლის ფანჯარასთან მიდგმულ საწოლზე ამძვრალიყო, ამ დროს კი გარშემო ყურადღების მიმქცევი არავინ აღმოჩნდა. დეტალებს კესარიას დეიდა, ირმა გირგვლიანი იხსენებს:

- ფანჯარაზე ასული ბავშვი მოპირდაპირე კორპუსიდან ახალგაზრდამ შეამჩნია და ყვირილით გავარდა ბაღისკენ, ბავშვი, ბავშვიო. გვიან შეამჩნიეს აღმზრდელებმა, რა უბედურებაც ტრიალებდა. კესარია რეანიმაციაშია მრავლობითი მოტეხილობით და ფილტვი აქვს დაშავებული. უკეთესობა ის არის, რომ ფილტვში სისხლი აღარ ჩაედინება და დრენაჟი მოუხსნეს.

- დაახლოებით რა პერიოდია აუცილებელი მკურნალობისთვის?

- როგორც ექიმებს სჩვევიათ, მხოლოდ იმას გვეუბნებიან, სტაბილური მდგომარეობააო, ეს ჩვენთვის ყველაზე მძიმე მოსასმენია... ისე, სულ თავზე ადგანან და არაფერს აკლებენ. ბავშვთან მხოლოდ დედას უშვებენ, ისიც სულ რამდენიმე წუთით. ქალი განადგურებულია, ერთადერთ შვებად შვილის ნახვა ექცა. მეხუთე დღეს ბავშვმა დედას გაუცინა და უთქვამს, თოჯინა მინდაო, წყალიც მოუთხოვია. ახლა მთავარია ბავშვი გადარჩეს, შემდეგ კი ყველა საკადრის პასუხს მიიღებს.

- ალბათ, გაქვთ ინფორმაცია, რომ დირექტორი და ორი აღმზრდელი გაათავისუფლეს, პარალელურად, საქმეც აღძრულია.

- დირექტორმა რომ თქვა, ინკლუზიური ბავშვიაო, რას გულისხმობდა, თავად თუ ესმის? კესარია მშვიდი და წყნარი ბავშვია, დირექტორმა კი ტელეკამერების წინ პოზიორობა დაიწყო და სისულელეები ილაპარაკა.

ვიცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს, როგორც გითხარით, ახლა ბავშვის სიცოცხლის გარდა, ვერაფერზე ვფიქრობთ.

რა ღონისძიებებს მიმართავს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ბავშვების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად,"კვირის პალიტრა" ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, თემურ თორდინავას დაუკავშირდა:

- 206-ე საბავშვო ბაღში უმძიმესი შემთხვევა დაახლოებით დილის 10-დან თერთმეტის 15 წუთამდე მოხდა. მონიტორინგის სამსახური რამდენიმე წუთში ბაგა-ბაღში იყო, დეტალური ინფორმაცია მოიკვლია და დასკვნის საფუძველზე დირექტორი, აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე გავათავისუფლეთ. რაც შეეხება გამოძიებას, პირადად მეც ვთანამშრომლობ საგამოძიებო სტრუქტურებთან, მივაწოდე დეტალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ყველაფერი კონკრეტული პირების უყურადღებობის გამო მოხდა.

- სამსახურიდან გათავისუფლების გარდა, რა სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს პერსონალის უყურადღებობა?

- ეს გამოძიების კომპეტენციაა.

- თავად თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ჯგუფები გადატვირთულია და პერსონალი ვერ ართმევს თავს 60-65 ბავშვის მეთვალყურეობას ერთდროულად. ალბათ, იცით, რომ ბაღების დიდ ნაწილში ჯგუფში 60-მდე ბავშვია რეგისტრირებული.

- პასუხისმგებლობას ყველა ვიზიარებთ, თუმცა, ახლა მთავარი აღსაზრდელის ჯანმრთელობაა.

206-ე ბაღში გადატვირთულობის გამო არ მომხდარა ეს უბედურება, საძინებელში ფანჯარა ღია დატოვეს და იმ დროს, როდესაც იქ ბავშვი არ უნდა ყოფილიყო, მაინც ოთახში აღმოჩნდა. ყრუ გისოსები, იშვიათი გამონაკლისის გარდა (ისიც იმიტომ, რომ შესაძლოა შენობა ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს), ყველგან მოხსნილია - ასეთია სახანძრო უსაფრთხოების რეკომენდაცია. იმ დღეს ბაღში ყველაფერი რიგზე იყო, პერსონალს უყურადღებობა რომ არ გამოეჩინა. თუ მიზანი ოთახის განიავება იყო, ოთახში ერთ-ერთი აღმზრდელი უნდა დარჩენილიყო და პატარებისთვის თვალყური ედევნებინა.

ზოგადად, გადატვირთულობის პრობლემა წლიდან წლამდე უმჯობესდება, 12 საბავშვო ბაღი აშენდა, 13-ის მშენებლობა იგეგმება, თანაც ნებისმიერ ბაღში დარში დასწრების მაჩვენებელი 65%-ია, ცივ ამინდებში კიდევ უფრო მაღალი.

- ანუ ერთ-ერთ გამოსავლად მიგაჩნიათ ის, რომ შესაძლოა ბავშვი ბაღში ყოველდღე არ მივიდეს?

- გამოსავალი ბაღების მშენებლობა და ჯგუფების გაზრდაა. უახლოეს დღეებში გადატვირთულ ბაღებში პერსონალი დაემატება. ეს ხელს შეუწყობს აღსაზრდელების უფრო კარგად გაკონტროლებას და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

რუსუდან შელია