80 წლის შემდეგ ნაპოვნი ბაბუის საფლავი - კვირის პალიტრა

80 წლის შემდეგ ნაპოვნი ბაბუის საფლავი

"მამა სულ დარდობდა, რომ მამის სურათიც კი არ ჰქონდა - ვნატრობ, დამესიზმროს, რომ ვნახო, როგორ გამოიყურებოდაო..."

"ჩემი მასპინძლები - ალექსანდრ რაგუზინი და მისი მეუღლე ტატიანა ძალიან ააღელვა ჩემი ოჯახის ამბავმა. წელს "ვაიბერით" გამომიგზავნეს ფოტოები. გავოგნდი - თურმე რაგუზინებს თავისი ხარჯებით სასაფლაოზე გაუკეთებიათ მემორიალური დაფა, დაფაზე სიმბოლურად თოხი და ბარიც მიუმაგრებიათ"

საბჭოთა პერიოდში უამრავი ქართველი გახდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი, ბევრმა ჯოჯოხეთური წლები გამოიარა, ბევრი დახვრიტეს, ბევრმა ვერ გაუძლო ტანჯვას, დაავადება შეეყარა და გარდაიცვალა. დაპატიმრებულთა ოჯახის წევრებს მათი ცხედრებიც არ აღირსეს. დღემდე ტკივილით იხსენებენ წინაპრების ამბებს და სხვადასხვაგვარად ცდილობენ რეპრესირებულ მშობლებზე, ბაბუებსა და ნათესავებზე ინფორმაცია მოიძიონ...

ბათუმელი ექიმი ბეჟან ბერიძე რეპრესირებული ოჯახიდანაა. მისი ბაბუა, ხასან ბერიძე, 1937 წელს დააპატიმრეს, მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა. 80 წლის შემდეგ შვილიშვილმა შორეულ ციმბირში ბაბუის საფლავს მიაგნო. დღეს იქ მემორიალური დაფაც არის აღმართული. ამ ნაბიჯით მან 81 წლის მამას ოცნება აუსრულა.

ბეჟან ბერიძე: - 1937 წლის ოქტომბერში ბაბუაჩემი, ხასან ბერიძე, დააპატიმრეს - კონტრრევოლუციონერი ხარო. 28 წლის იყო, ცხოვრობდა შუახევის რაიონის სოფელ დარჩიძეებში, ორი შვილი ჰყავდა, ქალიშვილი 8 წლის, ხოლო მამაჩემი - 9 თვის. იმ დროს ბაბუა სოფლის კოლმეურნეობის ფერმის გამგედ მუშაობდა და სასოფლო საბჭოს დეპუტატი იყო. საქართველოს არქივში ერთადერთი დოკუმენტი აღმოჩნდა - მისი დეპუტატობიდან გაწვევის ოქმი. როგორც გავარკვიე, ის 1937 წლის ნოემბერში, სვერდლოვსკის ოლქში, დღევანდელ ეკატერინბურგში გადაიყვანეს. ერთადერთი, რაც ოჯახს გაგვაჩნდა, იყო მისამართი - სვერდლოვსკის ოლქი და საფოსტო ინდექსი. იქიდან გამოგზავნილი არც ერთი წერილი არ გვქონდა, მისი ფოტოც კი არ არსებობს.

ჩვენი სოფელი თურქეთის საზღვრის ახლოსაა. ბაბუას იქ სათიბი ჰქონია. მისულა ცოლისძმა და გაუფრთხილებია, - ამ საღამოს დაჭერას გიპირებენ და გაიქეცი თურქეთშიო. ბაბუას უარი უთქვამს - რომ გავიქცე, ჩემს უმცროს ძმას დაიჭერენ, პატარაა, ციხეს ვერ გაუძლებსო. იმ ღამით ბაბუა დააპატიმრეს.

- დაპატიმრების შემდეგ ოჯახის ცხოვრება როგორ გაგრძელდა?

- მამაჩემი ბებიამ, ბაბუამ და მამის ძმამ გაზარდეს. 4 წლის იყო, დედამისი მეზობელ სოფელში რომ გათხოვდა...

მამა რომ წამოიზარდა, ცდილობდა, რამე შეეტყო მამამისზე... ურჩევდნენ, მიმართეთ ამიერკავკასიის სამხედრო პროკურატურასო. მათ მხოლოდ 1970 წელს გვაცნობეს, რომ ბაბუა გარდაცვლილი იყო. მამაჩემმა მამის უდანაშაულობა დაამტკიცა. საქმე განიხილეს - ბაბუა ცნეს რეპრესიის მსხვერპლად და რეაბილიტირებულია. მამა სულ დარდობდა, რომ მამის სურათიც კი არ ჰქონდა - ვნატრობ, დამესიზმროს, რომ ვნახო, როგორ გამოიყურებოდაო...

- როგორ მიაგენით მის საფლავს?

- ურეკში ჩემმა ძმისშვილმა, პატარა ბიჭმა, ნიკა ბერიძემ, შემთხვევით გაიცნო სვერდლოვსკელი მოაგარაკე. მისთვის უთქვამს, ჩემი დიდი ბაბუა სვერდლოვსკში იხდიდა სასჯელსო. იმ კაცმა მისცა არქივის მისამართი. ნიკა მერვე კლასში იყო მაშინ. ჩემთვის არაფერი უთქვამს, ისე მისწერა არქივს - ბაბუას ვეძებო. მათ მოსწერეს, საბჭოთა კავშირის მასშტაბით დაპატიმრებულებზე ინფორმაცია სვერდლოვსკში, უშიშროების არქივშიაო. იქ უკვე მე მივწერე წერილი და მივიღე პასუხი, რომ 1937 წლის ნოემბერში ხასან ბერიძე მოხვდა ივდელ-ლაგის ბანაკში, ჩრდილოეთ ციმბირში, ეკატერინბურგიდან 500 კილომეტრის დაშორებით, მუშაობდა მეგზევედ, რკინიგზა გაჰყავდათ. მათი მოწერილი მისამართი ზუსტად ემთხვეოდა იმ მისამართს, რაც მამას ჰქონდა. მწერდნენ, რომ ბაბუა დასაფლავებული იყო სოფელ სამაში, მაგრამ იქ საერთო სასაფლაოა, კონკრეტულად სად არის დაკრძალული, არქივს ცნობა არ გააჩნიაო.

2017 წლის ივნისში ჩემი მეგობარი დამეხმარა ვიზის მიღებაში და ჩავფრინდი სვერდლოვსკში.

უშიშროების არქივიდან ამოვიღე ბაბუას პირადი საქმე. ამ მძიმე განცდას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ფოტო პირად საქმეშიც არ იდო. ყველაზე ძვირფასი, რაც აღმოჩნდა, ბაბუას მარჯვენა და მარცხენა თითის ანაბეჭდები და მისი ხელწერა იყო ქართულად. ხელწერას რომ დავაკვირდი, გავოგნდი, ძალიან ჰგავდა მამაჩემისას, ავტირდი. ჩემი რეაქცია რომ დაინახა, იქაურმა თანამშრომელმა საქმიდან ის ფურცელი ამომიხია და გამომატანა.

მთელი პირადი საქმე გადავიღე. მერე წავედით იმ სოფელში, სადაც უნდა ყოფილიყო ბაბუა დაკრძალული. მიმიყვანეს 95 წლის ქალბატონთან, რომელიც იმ საპატიმროში მუშაობდა, სადაც ბაბუა იხდიდა სასჯელს. ოღონდ, როცა მან მუშაობა დაიწყო, ბაბუა 7 წლის გარდაცვლილი იყო... ძალიან მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა მისი მონათხრობი.

მითხრა, აქ ზამთარში ისე იყინებოდა მიწა, შეუძლებელი იყო ამოთხრა და გარდაცვლილის დაკრძალვა, ამიტომ წინასწარ, ზაფხულში ამზადებდნენ საერთო სასაფლაოს და როცა დათბებოდა, მერე აყრიდნენ მიწასო. ამ სოფელში ორი სასაფლაოა, ერთში ერთად იმარხებოდნენ ზამთარში გარდაცვლილები, მეორეში ზაფხულში გარდაცვლილებია დაკრძალული.

სასაფლაოს ირგვლივ მინდვრებს ამუშავებენ, მაგრამ იქ არავინ შედის და უკვე სასაფლაოზე ხეებია ამოსული.

საქმის მასალებში წერია, რომ ბაბუა საერთო საფლავშია დამარხული. ამ საუბრისას თან მახლდნენ ჩემი მასპინძლები - ალექსანდრ რაგუზინი და მისი მეუღლე ტატიანა. ისინი ძალიან ააღელვა ჩემი ოჯახის ამბავმა. წელს `ვაიბერით~ გამომიგზავნეს ფოტოები. გავოგნდი - თურმე თავისი ხარჯებით სასაფლაოზე გაუკეთებიათ მემორიალური დაფა, დაფაზე სიმბოლურად თოხი და ბარიც მიუმაგრებიათ. ძალიან მადლიერი ვარ მათი. მამაჩემმა რომ ნახა ფოტოები, ატირდა. რაგუზინების ოჯახი ამ ზაფხულს გვესტუმრა, სიამოვნებით ვუმასპინძლე...

- მამას რა რეაქცია ჰქონდა, როცა მამის პირადი საქმე წაიკითხა?

- მამაჩემი გამიცოცხლეო, მითხრა. ამ სქელტანიან საქმეში ბაბუაჩემის ყოველდღიური ყოფაა ასახული. ხასან ბერიძისთვის 10 წელი მიუსჯიათ. მართალია, მისი ფოტო დაკარგულია, მაგრამ პირად საქმეში იყო აღწერილობა: ბაბუა ყოფილა დაბალი, ჯმუხი, ჩასკვნილი, თაფლისფერთვალება, მოხრილი ცხვირით. ამ აღწერილობით შექმნა მამამ მამამისის სახე და მითხრა, - ნატვრა ამისრულდა, წუხელ მამაჩემი სიზმარში ვნახეო.

მამა წლების მანძილზე პედაგოგად მუშაობდა, განათლების განყოფილებაშიც იმუშავა. ახლა პენსიაზეა.

დედაჩემიც ობლობაში გაიზარდა. მამამისი 1941 წელს დაიღუპა ომში, არ ვიცით, სად არის დაკრძალული. მაშინ დედა 3 წლის იყო, 3 წელიწადში დედამისიც დაავადდა და გარდაიცვალა.

ობლის კვერი გვიან ცხვებაო, ნათქვამია. დღეს ჩემს მშობლებს 4 შვილი, 11 შვილიშვილი და შვილთაშვილები ჰყავთ. მამაჩემის მამიდა 102 წლისა გარდაიცვალა. გულისტკივილით გვიამბობდა ძმაზე. კარზე რომ დამიკაკუნებენ, მგონია, ჩემი ძმა შემოაღებსო. ძმის მოლოდინით გარდაიცვალა 8 წლის წინ.

სიკვდილის წინ დამიძახა, მკერდიდან მოიხსნა პატარა, ჯვრის ფორმის გასაღები, რომელიც 82 წელი მკერდზე ეკიდა. მითხრა, შვილო, რომ გავთხოვდი, ჩემმა ძმამ ბათუმიდან ზურგით ამომიტანა სკივრით მზითევი, ეს იმ სკივრის გასაღებია, გთხოვ, შეინახეო.

ბათუმიდან იმ სოფლამდე 100 კილომეტრია. ახლა ეს გასაღები ჩემთანაა, ჩემი რელიკვიაა და სათუთად ვინახავ...

თეა ხურცილავა