"დაღლის უფლება არ გვქონდა, ჩვენი ტყე იწვოდა" - კვირის პალიტრა

"დაღლის უფლება არ გვქონდა, ჩვენი ტყე იწვოდა"

ეს ადამიანები საკუთარ პროფესიაზე აღმაფრენით ლაპარაკობენ და გჯერა, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, იოსებ არჯევანიშვილი და ბესარიონ გაბიანი, ცხოვრების დიდ ნაწილს ცაში ატარებენ და თავიანთ მისიას უდიდესი პასუხისმგებლობით ასრულებენ.

"მფრინავი თუ არ იფრენს, ჩათვალეთ, რომ მოკვდება"

"სასაზღვრო ავიაცია მონაწილეობს სამაშველო ღონისძიებებში ზღვაზე, სასაზღვრო ზოლში, განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მეხანძრე-მაშველების მხარდამხარ მუშაობაც ხშირად გვიწევს, პილოტების გარდა, მეხანძრეებიც ვართ და მაშველებიც", - ამბობს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი სოსო არჯევანიშვილი:

- ფრენაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, სხვა პროფესიაზე არც კი მიფიქრია. თელავში ავიაციის დიდი პოლკი იყო და სოფელში რომ ჩავდიოდი, პაპა ვერტმფრენებს დამანახებდა ხოლმე. სიმაღლის შიში მქონდა და სკოლის მოსწავლემ ბოლნისში პარაშუტით გადმოხტომა მოვინდომე, მივაღწიე და შიში დავამარცხე. სკოლა დავამთავრე თუ არა, სწავლა ხარკოვის საავიაციო სასწავლებელში გავაგრძელე და 1990 წელს სამშობლოს მფრინავ-ინსტრუქტორ-პარაშუტისტის დიპლომით დავუბრუნდი. ჩამოვედი და ავიაციაში დავიწყე სამსახური.

- გაიხსენეთ თქვენი პირველი დიდი ჯილდო...

- 23 წლის ვიყავი, აფხაზეთში რომ წავედი. იქ მივიღე ჯილდო საბრძოლო დამსახურებისთვის. ჩვენი შვეულმფრენები აფხაზეთში ინტენსიურად დაფრინავდა - საბრძოლო მოქმედებათა ზონაში ტვირთი გადაგვქონდა, გამოგვყავდა მშვიდობიანი მოსახლეობა და დაჭრილები. აფხაზეთში 10 ვერტმფრენი დავკარგეთ, 54 მფრინავიდან 27 დაგვეღუპა. ეს დიდი დანაკარგი იყო...

- პროფესიული საქმიანობიდან გაიხსენეთ რომელიმე მნიშვნელოვანი შემთხვევა.

- მთებში ხშირად გვიწევს ტურისტების დახმარება, რადგან, როგორც წესი, არასწორი რუკებით სარგებლობენ და გზა ერევათ. წლევანდელი ზამთარიც არ იყო გამონაკლისი - გუდაურში ექსტრემალ მოთხილამურეთა ძებნა-გადარჩენის ოპერაცია ჩავატარეთ, ლაგოდეხში ფრანგ ტურისტებს დავეხმარეთ, შემდგომ ისრაელისა და სომხეთის მოქალაქეებს - ყაზბეგში. ივლისში, სტიქიის დროს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა 100-მდე ტურისტი და ადგილობრივი მოსახლე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

- წელს ხანძრის უამრავი შემთხვევა გვქონდა. თქვენმა პილოტებმა ერთადერთი შვეულმფრენით დიდი შრომა გასწიეს...

- რამდენიმე ქვეყნის შვეულმფრენების დახმარებით ვებრძოდით ხანძრებს, ყველაზე დიდი დატვირთვით ჩვენი ეკიპაჟები მუშაობდნენ. არ იღლებითო, ხშირად ეკითხებოდნენ უცხოელი კოლეგები ბიჭებს, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ გვქონდა, ჩვენი ტყე იწვოდა. მფრინავმა 8 საათზე მეტხანს არ შეიძლება იფრინოს, იღლება. იყო შემთხვევა, როცა 9-10 საათი დაფრინავდნენ.…ყველაზე რთული ბორჯომის ხანძარი იყო, მიუდგომელ ადგილებში გაჭირდა ხანძრის ლოკალიზება.

- თქვენი ვაჟიც მამის კვალს გაჰყვა.

- სანდრომ სკოლის დამთავრებისთანავე გამოგვიცხადა, მფრინავი უნდა გამოვიდეო, მაგრამ დედამისმა სასტიკი უარი უთხრა, ცისკენ არც გაიხედავო. სანდრომ თავდაპირველად თავისუფალ უნივერსიტეტში ჩააბარა, მერე აეროპორტში დაიწყო მუშაობა და მეორე კურსს რომ ამთავრებდა, გადაწყვიტა, საბუთები საავიაციო ინსტიტუტში გადაეტანა. ხელი არ შემიშლია. გულის სიღრმეში გამიხარდა, ეს პროფესია ჩემი ცხოვრებაა და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილიც იმავეს ეზიარება. მფრინავი თუ არ იფრენს, ჩათვალეთ, რომ მოკვდება. ასაკი რომ გემატება და პენსიაში გასვლის დრო მოდის, თანდათან ეგუები, რომ ერთ დღესაც უნდა დაემშვიდობო ამ პროფესიას.

"თავიდან რომ დამეწყო ცხოვრება, ისევ მფრინავობას ავირჩევდი"

მაიორი ბესარიონ გაბიანი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ავიაციის ხარისხისა და უსაფრთხოების განყოფილების უფროსია. 21 აპრილს, ავიაციის დღეს, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის დააჯილდოვა. მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ურთულესი სამაშველო ოპერაციის მაღალპროფესიონალურად ჩატარებისთვის ბესიკ გაბიანს და მასთან ერთად სასაზღვრო პოლიციის სამ მფრინავს - პოლიციის კაპიტან შალვა შალიბაშვილს, პოლიციის უფროს ლეიტენანტ ბესიკ ბაკურიძესა და პოლიციის მაიორ დიმიტრი ქააძეს ღირსების ორდენები გადასცა.

დაჯილდოებას წინ უძღოდა ჩხოროწყუს სამაშველო ოპერაცია, რომელშიც შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები მონაწილეობდნენ.

ბესარიონ გაბიანი: - ბათუმში სამძებრო სამუშაოებზე ვიყავი, როდესაც მივიღე შეტყობინება, რომ ჩხოროწყუში, მდინარე ხობისწყალზე, ორ მეთევზეს დახმარება სჭირდებოდა. ისინი მდინარეში ხელოვნურად შექმნილი კუნძულიდან ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. ნახევარ საათში იქ ვიყავით. ადიდებული მდინარე, ტყე, ქარი და წვიმა - ეს ყველაფერი ართულებს სამაშველო ოპერაციას. გავრისკე და იმ ზონაში შევედი, ნელ-ნელა დაშვება დავიწყეთ, ჩვენი ბორტის ინჟინერი მეხმარებოდა. ასეთ დროს წყალზე დინების საწინააღმდეგოდ უნდა შეფრინდე. წყალი საკმაოდ ღრმა იყო, თან მორები, ხეები, ქვები მოჰქონდა, დინებაც ჩქარი იყო. მოვახერხეთ წყალზე დაფრენა და ბორტინჟინერმა ორივე მეთევზე ამოიყვანა. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული ფრენა იყო.

- ბატონო ბესარიონ, როგორ მოხვდით დიდ ავიაციაში?

- ლენტეხის რაიონის სოფელ ჟახუნდერში დავიბადე. ორი ბიძა მფრინავი მყავდა. ჩემი სოფლიდან ორ კილომეტრში, ჩიხარეშში, აეროდრომი იყო, ვერტმფრენებს ზემოდან ხშირად დავყურებდი და ვამბობდი, მფრინავი უნდა გამოვიდე-მეთქი. კრემენჩუგის საავიაციო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ქუთაისში გამანაწილეს. ჯერ სამოქალაქო ავიაციაში ვიფრინე 14 წელი, თავდაცვაშიც ვიყავი, ომის შემდეგ კი სასაზღვრო ავიაცია შეიქმნა და იქ წავედი, ბოლოს სასაზღვრო პოლიციაში გადმოვედი და 14 წელია შვეულმფრენით დავფრინავ.

1992-93 წლებში აფხაზეთიდან დაჭრილები და მიცვალებულები გამოგვყავდა. კოდორის ხეობაში ვბრუნდებოდი, ქარი იყო და აფრენის დროს ვერტმფრენი ჩამოვარდა, ღვთის წყალობით, გადავრჩით.

ჩემი ვაჟი ჩემს კვალს გაჰყვა, საავიაციო სასწავლებელში მესამე კურსზეა. თავიდან რომ დამეწყო ცხოვრება, ალბათ, მეც ისევ მფრინავობას ავირჩევდი.

ნანა ფიცხელაური