"ლეილა შემიყვარდა. ვუთხარი. მოკვდა სიცილით. მეწყინა და თითქმის გადაღების დასრულებამდე აღარ ველაპარაკებოდი" - კვირის პალიტრა

"ლეილა შემიყვარდა. ვუთხარი. მოკვდა სიცილით. მეწყინა და თითქმის გადაღების დასრულებამდე აღარ ველაპარაკებოდი"

კვირის პალიტრის არქივი

"ლეილა ძალიან ლამაზი გოგო იყო. გადაღებებზე რომ წავედით, შემიყვარდა. ვუთხარი. მოკვდა სიცილით. მეწყინა და თითქმის გადაღების დასრულებამდე აღარ ველაპარაკებოდი. მერე მოსკოვში, კინოფესტივალზე შევრიგდით. მას შემდეგ ვმეგობრობთ"

ნოდარ დუმბაძის გმირები მუდამ ემახსოვრება მკითხველს, მათი სცენასა თუ ეკრანზე განმასახიერებლები კი განსაკუთრებულად უყვარს მაყურებელს. ამჯერად ფილმის, "მე ვხედავ მზეს", გმირის, სოსოიას როლის შემსრულებელ გელა ჭიჭინაძესთან მივდივარ. ის მთაწმინდაზე ცხოვრობს. შინ ოჯახის უფროსი, მისი მეუღლე ვიკა მარგველაშვილი, ქალიშვილი და შვილიშვილი დამხვდნენ. 8 თვის ლუკა ანცობს, ბაბუა კი უყურებს და ცრემლები ერევა. გულჩვილი გამხდარა ბატონი გელა... ქალბატონი ვიკა მეუბნება, მანამდეც ასეთი იყო, თუმცა, რაც ინსულტი გადაიტანა, მეტად ემოციური გახდაო. საუბარი ბავშვობიდან დავიწყეთ...

- დრამწრეზე მე, გია ფერაძე, მურმან ჯინორია, გოგი თოდაძე - ერთად დავდიოდით. მე და გია სამხატვრო სკოლაშიც (ნიკოლაძეში) ერთად ვსწავლობდით. შემდეგ გიამ მარჯანიშვილის თეატრში წამიყვანა, სადაც დოდო ჭიჭინაძესთან ერთად ზურიას როლს ვთამაშობდი სპექტაკლში "ჯარისკაცის ქვრივი". მაშინ ლანა ღოღობერიძე სოსოიას ეძებდა თავისი ფილმისთვის. სინჯებზე თითქმის მთელი საქართველოდან იყვნენ ჩამოსული. გამიმართლა. მაშიIნ 15 წლის ვიყავი. ქალბატონმა ლანამ ჩემი თავი ფანჯრიდან ნოდარ დუმბაძესაც დაანახა და ხელი ამიწია - მოეწონეო. ძალიან გამიხარდა, როცა როლზე დამამტკიცეს. უკვე ვიცოდი სცენის ფასი...

alt

- ხატიას, ლეილა ყიფიანს, მანამდე იცნობდით?

- არა, გადაღებებზე გავიცანი. ძალიან ლამაზი გოგო იყო. უსაყვარლესი ადამიანია. გადაღებებზე რომ წავედით, შემიყვარდა. ვუთხარი. მოკვდა სიცილით. მეწყინა და თითქმის გადაღების დასრულებამდე აღარ ველაპარაკებოდი. მერე მოსკოვში, კინოფესტივალზე შევრიგდით. მას შემდეგ ვმეგობრობთ. ლეილას მეუღლე ნუგზარ ბაგრატიონიც ჩემი მეგობარია.

- გადაღებებიდან რას გაიხსენებთ?

- დათიკოს როლის განმასახიერებელი თენგიზ არჩვაძე მიყვარდა განსაკუთრებით. სულ თან დავდევდი, პატარა ბიჭი მისგან ვსწავლობდი კაცობას. თენგიზმა გამზარდა-მეთქი, ვამბობ ხოლმე. მისი მაგალითით ვიქცეოდი ყოველთვის. ბეჟანას როლის შემსრულებელი ზურაბ ლაფერაძე განუმეორებელი ადამიანი იყო, იპოლიტე ხვიჩია სადაც გამოჩნდებოდა, ყველგან მხიარულება სუფევდა. ხანდახან ბრაზდებოდა ხოლმე, ჩვენ კი მისი გაბრაზება გვახალისებდა. სოსოიას რუსს გლებ სტრიჟენოვი თამაშობდა. სხვათა შორის, პირველად მან დამალევინა არაყი. ეს თევზაობის სცენის გადაღებისას მოხდა. ძალიან ციოდა, გლებმა ჩექმის ყელიდან "ჩაკუშკა" ამოაძრო და მომაწოდა. გაჭრა არაყმა, ვითომც არაფერი, ისე შევვარდი გაყინულ წყალში.

ჩემი თავი ზოგ სცენაში მომწონდა, ზოგში - არა. განსაკუთრებულად წისქვილის და ზამთრის სცენა მომწონს.

ქალბატონი ლანა ამაყობდა - ჩემი აღმოჩენააო. ბეჟანა ისე დამაჯერებლად დავიტირე, გაგიჟდნენ.

მე რაჭველი ვარ, სოფელ თლუღიდან. ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი არდადეგებზე. ერთ ზაფხულსაც არ ჩავედი. მიზეზი რომ იკითხეს - გელუკას კინოში იღებენო... ფილმი რომ გამოვიდა, ჩავიტანე თლუღში. სოფლის კლუბში მთელი სოფელი დავპატიჟე. სოსოიას გამოჩენაზე - უი, ბოშოო, - წამოიძახებდნენ ხოლმე, მეფერებოდნენ, მაქებდნენ, უხაროდათ ჩემი წარმატება.

- ალბათ ყველა ელოდა, რომ სამსახიობოზე ჩააბარებდით.

- ორივე პროფესია მომწონდა, მაგრამ მაინც სამხატვრო აკადემიისკენ გამიწია გულმა. დამთავრების შემდეგ სამხატვრო ფონდში დავიწყე მუშაობა.

სოსოიას ეკრანზე გამოჩენით ცნობილი გავხდი, გოგოები მეპრანჭებოდნენ...

- სასურველი სასიძო გახდით...

- მაჭანკლები ხან ვის სიძეობას მთავაზობდნენ, ხანაც - ვისას.

- ქალბატონი ვიკა როდის გაიცანით?

- მაშინ 30 წლის ვიყავი. ის ჩემი მესამე მეუღლეა. პირველი ქორწინებიდან ვაჟი მყავს, მეორიდან - ქალიშვილი, ვიკას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს მათთან. მესამე ქორწინებიდან 3 შვილი მყავს. მდიდარი ვარ - 9 შვილიშვილის ბაბუა გახლავართ.

ინსულტი 9 წლის წინ დამემართა. მარცხენა მხარე წართმეული მქონდა. ახლა შედარებით უკეთ ვარ. სიარული მიჭირს, თითქმის მთელ დღეს სავარძელში ვატარებ. იმედს მაძლევენ, გამომჯობინდებიო, მაგრამ ჰეპატიტი აღმომაჩნდა. მკურნალობის შემდეგ დრო უნდა გავიდეს და მერე რეაბილიტაციისთვის დავიწყებ ბრძოლას.

რაჭაში საგვარეულო სახლის ულამაზესი ხის აივანი ჩემი ხელით გავაკეთე. ყველაზე კარგად იქ ვგრძნობ თავს. ოდესმე თლუღში დავბინავდები სამუდამოდ ჩემი მშობლების გვერდით...

იხილეთ ასევე: "ჰოდა, მეც შემიყვარდა, მაგრამ ლეილას არ ვუყვარდი" - ხატიას სოსოიას რეალური ცხოვრება ფილმიდან "მე ვხედავ მზეს"

ეკა სალაღაია