"მე პროგრესულად მოაზროვნე გურული ვარ" - კვირის პალიტრა

"მე პროგრესულად მოაზროვნე გურული ვარ"

"ეკრანიდან ძალიან ბევრი ნეგატივი მოდის... მე კი ვცდილობ კომედიებს ვუყურო, ფეხბურთიც მიყვარს, მაგრამ ჩემი ტელევიზორი მეუღლეს აქვს "დაპყრობილი", ასე რომ, ოჯახში ძალიან დაჩაგრული ვარ"

"ქალის სამზარეულოში გამოკეტვის მომხრე სულაც არ გახლავართ"

იუმორისტ ბიძინა მახარაძის სკეტჩებს გურული იუმორი ამშვენებს, ამიტომ, შეუძლებელია მის კვიმატ ხუმრობებზე არ გაგეცინოს. როგორც აღმოჩნდა, რეალურ ცხოვრებაში სრულიად განსხვავებულია...

"რამდენადაც მხიარული და ხალისიანია სცენაზე, იმდენად დინჯი და სერიოზულია ყოველდღიურ ყოფაში" - ამბობს მისი მეუღლე - დალი სურამლიშვილი. როგორ გაიცნეს ერთმანეთი და რა გზა გაიარა ამ შეხვედრამდე - ამის შესახებ ბიძინა მახარაძე თვითონ გვიამბობს:

- ჩემი მეუღლე გენეტიკურად კახელია, თუმცა ოჯახში მე ვარ კახელი და ეგ - გურული, რადგან საკმაოდ ფიცხი და ფეთქებადია. ვიდრე დალის გაცნობის ამბავს მოვყვებოდე, ჩემი პირველი ქორწინების შესახებაც გიამბობთ: პირველი ცოლი მოსკოველი მყავდა. ახალგაზრდობაში რუსეთში ხშირად ჩავდიოდი და კონცერტზე გავიცანი. 2 ბიჭი მყავს. ჩემს შვილებს მოსკოვში სამოთახიანი ბინა დავუტოვე და წამოვედი. აქ შვიდი წელი ისე ვიცხოვრე, ცოლი არ მყოლია. მერე დალი გავიცანი... 2004 წლის 8 მარტს უზენაეს სასამართლოში სარვამარტო კონცერტი გაიმართა. მერე ბანკეტი იყო, ჩემი მეუღლე იურისტია და ამ შეხვედრაზე გავიცანი. ჩვენი ურთიერთობა ნელ-ნელა სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდა.

- ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერათ?

- მჯერა, მაგრამ ამ დროს გადაყვარებაც ადვილი მგონია. ამ გრძნობას იმდენი ასპექტი აქვს, რომ ძნელია რაღაც სტანდარტი დაადგინო. ბაირონი სიყვარულზე პოემებს წერდა, მაგრამ ამბობდა - არავინ იცის, რა არის სიყვარულიო. ეს იმდენად რთული და ღრმა გრძნობაა, ძნელია იმის თქმა, რატომ გიყვარს და რამ განაპირობა შენი არჩევანი. თუმცა, ქართველი კაცის არჩევანს განსაზღვრავს რაღაც სტანდარტები, რომელსაც მისი მეუღლე უნდა პასუხობდეს. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ფიქრი სერიოზულ ურთიერთობაზე. ჩვენთან მშობლები ზედმეტად ერევიან შვილების ბედის გადაწყვეტაში, განსაკუთრებით დედები აქტიურობენ. სხვათა შორის, ჩემი პირველი ქორწინებაც დედაჩემის აქტიურობით გადაწყდა, მაგრამ არ გაამართლა.

ევროპაში წლობით ცხოვრობენ ერთად და როცა დაასკვნიან, რომ ერთად ცხოვრებას შეძლებენ, ოჯახსაც მერე ქმნიან. ჩვენთან კი, ჯერ ხელს მოაწერენ, ჯვარს დაიწერენ და მერე აღმოჩნდება, რომ არ ყოფილან ერთმანეთისთვის შექმნილი.

- მეუღლეს სიყვარული როგორ აუხსენით?

- სიყვარული არ ამიხსნია. ასეთი ნაკლი მაქვს და რას ვიზამთ. ჩვენი ურთიერთობა ბუნებრივად გადაიზარდა შეჩვევასა და თანაარსებობაში. აქვე ვიტყოდი,

ოჯახის საფუძველი ფულია. ეკონომიკურად ძლიერ ოჯახს დანგრევა ნაკლებად ემუქრება. ვფიქრობ, რომ ეს ანგარება სულაც არ არის, ეს არის პრაგმატული გათვლა, რომელიც, ჩემი აზრით, სწორია.

- დაბადების დღეებზე ან დღესასწაულებზე საჩუქრების ჩუქება თუ გიყვართ?

- ჩუქება ძალიან მიყვარს, მაგრამ ვიბნევი და არ ვიცი, რა ვაჩუქო. ჰოდა, ერთხელ ასეთ ხერხს მივმართე:

დალის ძალიან უყვარს ვაშლი. დაბადების დღისთვის ვუყიდე მთელი ტომარა ვაშლი, მივედი სახლში და კარზე ვაკაკუნებ. გამოიხედა და რომ დაინახა, როგორ მქონდა მხარზე მოკიდებული უზარმაზარი ტომარა და წელში მოხრილი დაბადების დღეს რა მონდომებით ვულოცავდი, ბევრი იცინა. სხვათა შორის, ჩემი საჩუქარი კარგა ხანს ეყო...

არ მომწონს, როცა სერიალებს უყურებს და ხშირად ვუშლი, რადგან ამ დროს ეკრანიდან ძალიან ბევრი ნეგატივი მოდის: ან ვიღაცას კლავენ, ან - სულ ტირიან და ცრემლებს აღვარღვარებენ, მე კი ვცდილობ კომედიებს ვუყურო, ფეხბურთიც მიყვარს, მაგრამ ჩემი ტელევიზორი მეუღლეს აქვს "დაპყრობილი", ასე რომ, ოჯახში ძალიან დაჩაგრული ვარ.

- საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი ფიქრობს, რომ "ქალი უნდა იყოს "კუხნაში". თქვენ რა აზრის ხართ ამ საკითხზე?

- აქტიური ქალების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ჩემი მეუღლეც მუშაობს - სააპელაციო სასამართლოში.

მოწინავე ქვეყნებში ქალი სულაც არ არის მიჯაჭვული სამზარეულოზე და ეს კარგია. თუ საშუალება გაქვს, შეიძლება შაბათ-კვირას რესტორანშიც წახვიდე ოჯახთან ერთად და იქ ივახშმო, რომ ცოლი არ დაიღალოს სამზარეულოში ტრიალით და თეფშების რეცხვით. ეს ევროპული ტრადიცია ჩემთვის სავსებით მისაღებია.

მე პროგრესულად მოაზროვნე გურული ვარ და ქალის სამზარეულოში გამოკეტვის მომხრე სულაც არ გახლავართ.

ბოლოს კი გეტყვით, ოჯახში ყველაზე მთავარი რა არის - ნორმალურ ოჯახში ცოლ-ქმარი ერთი ცხოვრებით ცხოვრობდეს, ცოლს თავისი ცხოვრება არ უნდა ჰქონდეს და ქმარს - თავისი.

ხათუნა ჩიგოგიძე