ბარაქიან კახეთს ახლა მადლიანი დრო უდგას... - კვირის პალიტრა

ბარაქიან კახეთს ახლა მადლიანი დრო უდგას...

ღვინო მამაკაცთა ფერხულში ჩადგომით აღარ იწურება, ხელის მექანიკურმა ყურძნის საწურმა აპარატმა ჩაანაცვლა, საწნახელი - პლასტმასის კასრებმა...

დილიდან რთველის სამზადისი დაიწყო სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში. "კვირის პალიტრა" ოზბეთელაშვილების ვენახის სტუმარია. 1000 კვმ-მდე მიწის ნაკვეთზე რქაწითელი უნდა დაიკრიფოს. ოჯახი კმაყოფილია, თუმცა წინა წლებთან შედარებით ნაკლებ მოსავალს ელოდებიან - გლეხის სარჩო ხომ ამინდზეა დამოკიდებული.

კახეთში რთვლობა ხალხმრავალი დღესასწაულია. საგანგებოდ ამ დღისთვის ოჯახები საგულდაგულოდ ემზადებიან. წლის სარჩოს მოიპოვებენ და ღვინის დაწურვის ტრადიციულ რიტუალს აუცილებლად შეასრულებენ.

ურემში შებმული ვირიდან თანამედროვე მანქანებამდე...

ჩემს მოგონებებში რთველი ურემთან, სახედართან, საწნახელთან, ჭურთან, ქვევრთან, გოდორთან ასოცირდება. ახლა, თითქოს ეს ყველაფერი ცივილიზაციამ შთანთქა, ახალი ნივთებით ჩაანაცვლა. ოზბეთელაშვილებს ვენახში ახალგაზრდა სტუმრები უცხოური მანქანებით ესტუმრნენ. ასე შეცვალა ოთხთვლიანი ხის ჭრიალა ურმები ავტომობილის რამდენიმე ცხენის ძალის ძრავამ. აბა, ჯიპთან რა მოსატანია "კახური მანქანა" - ვირი! დაკრეფილი დოვლათი გოდრების ნაცვლად პოლიეთილენის ტომრებში იყრება. ღვინო მამაკაცთა ფერხულში ჩადგომით აღარ იწურება, ხელის მექანიკურმა ყურძნის საწურმა აპარატმა ჩაანაცვლა, საწნახელი - პლასტმასის კასრებმა... უცვლელი მხოლოდ რთველის ტრადიცია დარჩა. გამახსენდა ვენახში ახმიანებული კახური სიმღერები, რომელიც რთველში აუცილებლად უნდა შესრულებულიყო...

ოზბეთელაშვილების ვენახში ისე გამალებით ივსებოდა ყურძნის სავსე მტევნებით სათლები, ვიფიქრე, რთველი მალე დასრულდება-მეთქი... დროდადრო თვალს მასპინძლებისკენ ვაპარებდი. ნაჯაფებს, ხელებდაკოჟრილებს წლევანდელი დოვლათით გამოწვეული სიხარულით თვალები უბრწყინავდათ.

ქარვისფერი მტევნები

ოზბეთელაშვილების ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრის, 20 წლის გიორგის ბავშვობის მოგონებები ვაზს და პაპისეულ რთველს უკავშირდება...

გიორგი ოზბეთელაშვილი: -"მამა-პაპიდან მოდის ჩვენს ოჯახში რთველის ტრადიცია. მათგან მამამ გადაიბარა, მერე მე გავაგრძელებ და ჩემს შვილებს გადავცემ. ჩემი ოჯახისთვის ამ ვენახში ეს 32-ე რთველია. მახსოვს, პაპასთან ერთად ვენახში მოვდიოდი, ვსწავლობდი და ვეხმარებოდი. მაგრამ ახლანდელი განცდები სულ სხვაა, უკვე შესისხლხორცებული მაქვს ვაზის, ღვინის მნიშვნელობა. სტუდენტი ვარ, თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ვცდილობ, დრო გამოვნახო და მამას დავეხმარო ვენახის მოვლაში. ყურძენს დიდი ენერგია და შრომა სჭირდება. ახლა ორი კვირა აქ ვიქნები, ეს დრო, სჭირდება ყურძნის დაწურვიდან - დაღვინებას."

მერაბ კიკილაშვილი, სტუმარი: - ჩემთვის კახეთი ასოცირდება ღვინოსა და რთველის ტრადიციასთან. გარდა ამისა, აგრონომიის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ და ისე ვუდგები ამ საქმეს, თითქოს პრაქტიკას გავდივარ. მართალია, დავიღალეთ მაგრამ ვისიამოვნეთ კიდეც. მზის სხივებზე აკიაფებულ სხვადასხვა ფერის მტევნებს თვალს ვერ ვწყვეტ და ვფიქრობ - რატომ ჰქვია ყურძნის ამ ჯიშს "რქაწითელი", მე ქარვას დავარქმევდი. ტკბილ და სავსე მარცვლებს სწორედ ქარვისფერი დაჰკრავს...

"ვენახში შეხვალ, შეგყვება, გამოხვალ - გამოგყვება"...

ლევან ოზბეთელაშვილი, ოჯახის უფროსი: - ჩვენი 35 წლის ვენახი, ასაკის კვალობაზე, კარგ მოსავალს იძლევა. წელს ამინდმა გვიღალატა, სტიქიამ მოსავლის 25 პროცენტი გაანადგურა, თუმცა, ოთხ ტონამდე ყურძენი მაინც დავკრიფეთ. სამწუხაროდ, ვენახს მაშინ გაზღვევინებენ, როცა სეტყვის სეზონი გადადის. მაისის შემდეგ თუ დაისეტყვა, მერე დაზღვევას რა აზრი აქვს?! თუ კარგი ყურძენი გაქვს, მისი რეალიზაციისთვის არ გჭირდება მარნებში სიარული. წელს კარგი ყურძენიც ჩააბარეს, თუმცა 80-90 პროცენტი დაზიანებული მიიღეს მარნებმა, მისი ფასი, შესაბამისად, დაბალია. წლევანდელი ფასი საშუალოდ ერთი ლარია, ესეც კარგი ყურძნისა.

წელიწადში მხოლოდ ზამთრის სეზონია, როცა ვაზიც ისვენებს და მისი პატრონიც. როგორც წინაპრები ამბობდნენ, ვენახში შეხვალ, შეგყვება, გამოხვალ - გამოგყვებაო. მართლაც ასეა, თუ ხელი მოაკლდება, მოსავალზეც და ყურძნის ხარისხზეც ერთნაირად აისახება. ვენახში მუშაობა შრომატევადია. ყურძენს დაკრეფ თუ არა, მალევე მოხვნა, გათოხნა, გასხვლა, გაფურჩნა, წამლობა უნდა.

- სულ რქაწითელი გაქვთ?

- ცოტა საფერავიც ურევია, რთული მოსავლელია. თუ დროზე არ დაკრიფე, მარცვალი სცვივა.

სუფრა ვენახში...

კახურმა რქაწითელმა, სხვა ყურძის ჯიშებთან ერთად, დიდი ხანია, საპატიო ადგილი დაიკავა ევროპის ბაზარზე. ალექსანდრე ჭავჭავაძის მეცადინეობით, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გაეცნო პარიზი და ლონდონი ქართულ ვაზს. 1900 წელს გაზეთები წერდნენ კახეთის საუფლისწულო ვენახების შესახებ, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული რქაწითელი, საფერავი, თავკვერი, თითა და ა.შ.

წელიწადის ამ დროს სტუმარმასპინძლობის ადგილი, სახლის ნაცვლად, ვენახშია. ვაზი გაიკრიფა და ცაზე ქედნების გადაფრენაც გამოჩნდა - თითქოს ფრინველებმაც დაასრულეს შრომა და დასასვენებლად მიიჩქარიანო. ცეცხლზე მწვადი შიშხინებს. მერიქიფემ შარშანდელი ღვინო ჩამოასხა, მოსავალი დავლოცეთ, პური გავტეხეთ, წინა წლის რთვლობა გავიხსენეთ და წლევანდელი მოსავლის დაკრეფა-დაწურვაზე სიტყვა ჩამოვაგდეთ... ოჯახის უფროსმა თამადა დალოცა.

"ქართველებო, არასოდეს ვყოფილიყავით უქეიფოდ!"

ვანო ოსაძე, სტუმარი: -"ვენახი და რთველი ქართველი კაცის სატრაბახოდაა ქცეული. ოზბეთელაშვილები ამ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას პატივს სცემენ და ამბობენ, ვენახის მაგივრად სხვა კულტურა უფრო დიდ შემოსავალს მოგვცემდა, მაგრამ შვილებს უნდა ვასწავლოთ ვაზის მოვლა და ღვინის დაყენებაო. ქართულ ენაში გვაქვს - პურღვინიან ოჯახში მოვილხინეთო... ძველად ბიჭი ბოღლიწოთი"იზრდებოდა - ძველი ქართული კერძია, ღვინოში ჩაფშვნილი პური. ომარ ხაიამი კითხულობდა, ღვინოს რომ ყიდიან, უკეთესს რას ყიდულობენო? ვამბობთ, ავად ვარო... ამის შესატყვისად გვაქვს - უქეიფოდ ვარო... ქართველებო, არასოდეს ვყოფილიყავით უქეიფოდ!"

ბარაქიან კახეთს ახლა ყველაზე მადლიანი დრო უდგას. გლეხებმა უკვე იციან, რომ მათი ჯაფა დაფასდა და წლის სარჩოც ექნებათ. გაზაფხულამდე დამსახურებულად დაისვენებენ, მერე უხვი მოსავლის აღებისთვის ოფლს ისევ ვენახში დაღვრიან...

თორნიკე ყაჯრიშვილი